დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკუთარ ქვეყანაში პატიმრის სტატუსიც კი სანატრელი გვაქვს!
2011/05/09 14:48:58

ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი,მას შემდეგ, რაც თავისი მოქალაქეების ორჯერადი მხარდაჭერით და მსოფლიოს ყოველი კუთხიდან შემოსული გრანტების მითვისებით ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი და ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე გახდა, თავის ღატაკ ამომრჩეველთა წერილებს უკვე აღარ კითხულობს. არადა, იმდენი რამ დაგვიგროვდა სათქმელი და სალაპარაკო!

პრეზიდენტობა რომ მოესურვილა, ისეთი გულითადი სახე ჰქონდა და მგზნებარე სიტყვებით მაშინდელი დაბეჩავებული ქართველების მოხიბვლის ისეთი უნარი გამოიჩინა, ყველანი ბრმებივით ვენდეთ, მისი გულმოდგინებაც დავინახეთ და საქვეყნო საქმის კეთების სურვილიც. შემოსული გრანტებით ბევრი საინტერესო და აუცილებელი რეფორმაც განახორციელა და მსოფლიოში №1 რეფორმატორის სტატუსიც მიიკერა, მაგრამ ცხინვალის ომის შემდეგ უკონტროლოდ შემოსულმა თანხებმა ხასიათიც შეუცვალა და ქონებრივი დეკლარაციის სიაც.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი 2010 წლის მაისის თვის არჩევნებამდე ნაკლებად ჩანდა, მაგრამ ამბობენ „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო“, ჰოდა, იმ გრანტებმა ჯოჯოხეთი კი გაანათა, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს საღი გონების ერთი ნაწილი დაუბნელა და თავადაც ისე მადიანად გამოძღა, რომ სამი კილომეტრი უპრობლემოდ შეუძლია ირბინოს, შავ ზღვაში დეკემბრის სუსხში იბანაოს, უშბის მთის კალთებიდან თხილამურებით ისრიალოს და მის უკან დარჩენილი მშიერი ქართველი მოსახლეობის ტკივილი ერთ ადგილზე დაიკიდოს. რა ვქნათ, ვის ვთხოვოთ და ვის შევჩივლოთ, „ქუთაისში პარლამენტი უნდა წამოვჭიმოო, რომ დაიჩემა, რათა გაჩეჩილაძემ აქ ჩინგის ხანივით კარვები არ გამიმწკრივოსო და ქუთაისში დიდების მემორიალის ადგილზე ასაშენებელ შენობას სურამის ციხის კედელივით, ზურაბის ნაცვლად, ქუთაისელი დედა-შვილის ძვლები ჩაატანა... ის კი არ იცის, რომ თუ თბილისში გაჩეჩილაძე უშლიდათ კარვებს, აქ უმუშევრობით გატანჯული ქუთათურები ჩამოუსხდებიან გალავანზე მშვიდობის მტრედებივით საშიმშილოდ (რაღად უნდათ შიმშილი, ისედაც დაოსებული დალასლასებს ყოველი მეორე ქუთაისელი ქალაქში).

რა ვთქვათ და ვის შევჩივლოთ! არჩევნების წინ, საცოდავი პენსიონერების შემხედვარე, ცხელ-ცხელ ცრემლებს რომ აღვარღვარებდა პრეზიდენტი და ოპოზიცია გაჰკიოდა: „ტყუის, ბატონოო“, ჩვენ, რატომღაც, არ დავიჯერეთ, იქით მოვდეთ ბრალი ოპოზიციას, შურთ მისი დიდი და კეთილი გულის და იმიტომ გვიგინებენ-თქო, თურმე არ ტყუოდნენ. დღეს უკვე მის ნათქვამ ყოველ სიტყვას სიყალბის გვირგვინი ადგას თავზე შარავანდედივით, დაგვღალა მისმა დადგმულმა პიარ-სპექტაკლებმა.

არსებობის გახანგრძლივების მაგიერ არსებობის უფლებას გვართმევს, ფულის მაგიერ დაპირებებს გვატენის, ბედნიერი ცხოვრება გექნებათო და ბედნიერი ცხოვრება მხოლოდ იმათ აქვთ, ვინც მასთან ერთად მთავრობაში ზის და მასთან ერთად ინაწილებს დოვლათის შესაქმნელად ბიუჯეტში დაბინავებულ ხალხის ნაშრომ - ნაკვდავს.

მუქთად მოტანილ და უკანონოდ მიტაცებულ ფულს ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკის გარყვნის უნარი აქვს. ამის შემდეგ კაცი კარგავს ღირსებას და მორალურ ღირებულებებს. ამათაც ასე დაემართათ. ბიუჯეტი შეგვიმცირდა და ქამრები შემოვიჭირეთო, რომ გამოგვიცხადეს, ვიფიქრეთ, აწი კი გვეშველა, თავიანთ გაზრდილ ხელფასებს ცოტ-ცოტათი მოიკლებენ და, ჩვენი დღევანდელი სოციალური ფონიდან გამომდინარე, ხელფასებს გაგვიზრდიან-თქო, და თურმე სადა ხარ? სულთმობრძავებს სამსახურები წაგვართვეს და პირში ჩალაგამოვლებულები დაგვტოვეს. დღეს საკუთარ ქვეყანაში პატიმრის სტატუსიც კი სანატრებლად გვაქვს გადაქცეული, იმიტომ, რომ ციხეში მჯდომს დღეში სამჯერ საჭმელს მაინც აძლევენ, ჩვენ კი არსებობის უფლებაც წაგვართვეს. სამაგიეროდ, თავად შეემატათ ჭამის მადა, სხეულის წონა, შემოსავლები. სიცოცხლისა და არსებობის უფლებას მხოლოდ იმათ აძლევენ, ვინც მათი უზღვავი და ნაპარავი ფულებით შეძენილი ქონების დასაცავად და გადასამალავად სჭირდებათ: პოლიცია, ჯარი, „კუდი“, „სოდი“ და მანდატურები მაძღარი ჰყავთ და თავისმოსაწონებლად არაკორუმპირებულებც. ჩვენ კი, სისხლს გვწოვენ და, ლამის არის, ხელგაშვერილ მათხოვრებად გვაქციონ.

ვერ დაგვიფასებია ჯეროვნად ის ძველი დროება, როცა ქალაქის თავს 250 მანეთი ჰქონდა ხელფასი და მუშას - 500 მანეთი.

დღეს ნაციონალი ლიდერები 10 მუშის საფასურს ერთად იღებენ ხელფასის სახით და 20 მუშის ხელფასის ოდენს ბიუჯეტს სკალპივით აძრობენ, არ იკლებენ არაფერს, ერთმანეთს ეჯიბრებიან ძვირადღირებული მანქანების შეძენაში. ორი სახლის პატრონი მესამეს დაეძებს შესაძენად, ანდა სასახლეს იშენებს. მანქანებს და საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიან, ცოლ-შვილს საუკეთესო კურორტებზე აგზავნიან, ბიუჯეტიდან მოპარული ათასებით რესტორნებს აშენებენ, ჩვენ კი 25 ლარად არსებობას გვიქადაგებენ. ახლაც იმ მატარებელში სხედან, ლოკომოტივი ნანული და ედუარდ შევარდნაძეებმა რომ ჩაუბეს. შევარდნაძეს ერთ დროს დასცინოდნენ საქართველო მეწველ ძროხას დაამგვანაო, თავად კი, ბერწ კამეჩებს დაემგვანენ და ჯერ ვერ უგრძვნიათ.

ხედავთ, როგორ გვაცუცურაკებენ? თავად ფიქრობენ, ალბათ, ქართველი ხალხი თხუნელებივით საკუთარ სოროებში ჩავრეკეთო, მაგრამ რო არ არის ასე? რომ აცხადებს ჩვენი პრეზიდენტი, თევზის აყროლება მისი თავიდან იწყება და ჩვენ ჯერ არ ავყროლებულვართო? სიომ ჩამოგვიტანა უკვე მათი პარნასიდან ჩვენს სოროებამდე სწორედ იმ აყროლებული თევზის სუნი და ნელ-ნელა ეფინება მთელ საქართველოს მათდა სამარცხვინოდ.

რა ვქნათ, ვის შევჩივლოთ, რომ კაცი, ვისთვისაც ამდენი სიკეთე მოვინდომეთ, უკან ურჩხულივით მოგვიტრიალდა? ამდენხანს ერთი თავი ება და ახლა უკვე  ცხრათავიანი გველეშაპის სახით დაგვცქერის და ჩვენი ტანჯვა-წამების ცქერით სულს იხარებს. საცხოვრებელი ბინების ნაცვლად ციხეებს გვიშენებს და ქარხანა-საწარმოების ნაცვლად „გამჭვირვალე“ პოლიციის შენობებს და  საავადმყოფოებს, სადაც მკურნალობის ფუფუნება და საშუალება მათ გარდა არავის გააჩნია. ჩვენ ავად ვხდებით და ექიმის და წამლის გარეშე ვწყდებით...

ჩვენც კარგად ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ცხოვრება, გვესმის, თუ როგორ გვპირდებიან, ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნებაო. გვინდა ესეც გავიგოთ, მაგრამ ის კი ვეღარ გაგვიგია, იმ სახელმწიფო წყობას, რომელსაც გვიშენებენ, სახელად რა ჰქვია!

 

ლელა ფხაკაძე,

ხუთი შვილის დედა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია