დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაღალი ტემპერატურა ჩინოვნიკების კაბინეტებში
2011/03/14 13:00:00

ზოგიერთ სკოლაში კი ბავშვები გაკვეთილზე ქურთუკებით სხედან

 თურმე ტვინი უკეთ ფუნქციონირებს თბილ გარემოში (ჰაერის ტემპერატურას ვგულისხმობ), ვინაიდან ქიმიური რეაქციების სიჩქარე ამ დროს იმატებს. ნორმალური ტემპერატურა 22 გრადუსია, - მეცნიერულად ასეა დადასტურებული. ეს მაჩვენებელი არამარტო ტვინისთვის, არამედ მთელი სხეულისთვის კომფორტულია.

 

თუმცა, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში შესულს „ზედმეტი კომფორტი“ დაგხვდებათ, მითუმეტეს - ჩინოვნიკების კაბინეტებში, სადაც ტემპერატურა 27 გრადუსია, ხანდახან მეტიც (ჩემს ჰაერის  ტემპერატურის  საზომ  ხელსაწყოს  თუ  ვენდობით,  ასეა). ალბათ, საკუთარი გამოცდილებიდანაც იცით, რომ სითბოში ადამიანი დუნდება, ძილი ერევა და აზროვნების უნარიც ფერხდება. 

ახლა ისმის კითხვა: ჩვენს ქალაქს ადგილობრივი თვითმმართველობის „ტვინების“ ეფექტური მუშაობა უფრო ეტყობა, თუ მოდუნებული?

 ჩვენს აწმყოს თუ თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ჩინოვნიკთა კაბინეტებში მაღალი ტემპერატურა არც მთლად კარგი ყოფილა, თანაც ფინანსების დაზოგვაც არ აწყენდა ამ ქალაქს.

მერიის ადმინისტრაციული შენობის 2011 წლის იანვრის (თებერვლის მონაცემები ჯერ ხელთ არ ჰქონდათ) კომუნალური გადასახადების ნუსხა ამგვარად გამოიყურება:

1.  ელექტროენერგიის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) - 5001 ლარი.

2.  სასმელი წყალი და კანალიზაციის მომსახურება (დღგ-ის ჩათვლით) - 146 ლარი.

3.  ბუნებრივი აირი (დღგ-ის ჩათვლით) - 9513 ლარი.

თვალსაჩინოებისთვის იგივე მონაცემები გამოვითხოვეთ პირველი საჯარო სკოლიდანაც (პირველი საჯარო სკოლა იმის გამო შევარჩიეთ, რომ ფართობით მერიის ადმინისტრაციული შენობის შესაბამისია, თანაც არც მოსწავლეთა და პერსონალის რაოდენობის ნაკლებობას უჩივის) მათ თებერვლის მაჩვენებლები მოგვაწოდეს:

1.  ელექტროენერგიის ღირებულება - 556 ლარი.

2.  წყალი - 236 ლარი.

3. ბუნებრივი აირი - 5694 ლარი.

როგორც წესი, სკოლებში ცენტრალური გათბობა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ და დასვენების დღეებში გამორთულია, პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ კი განგვიმარტა რომ ბუნებრივი აირის ღირებულების გაზრდა თებერვალში მათ შენობაში ჩატარებულმა სასკოლო ოლიმპიადამ გამოიწვია, რომლის გამოც თითქმის მთელი დღის განმავლობაში გათბობა არ ითიშებოდა.

ჩვეულებრივ, სასწავლო პროცესის დროს კი სკოლებში, ზოგადად, საკლასო ოთახებში ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსია (ესეც პრესტიჟულ სკოლებში), დერეფნებში კი - შედარებით ნაკლები.

თიკო, 9 საჯარო სკოლა: „თუ გამათბობელთან არ დაჯდები, ისე ვერაფერს იგრძნობ. კლასებშიც და დერეფანშიც ცივა და ქურთუკებით ვზივართ გაკვეთილზე. დილით კი გვხვდება ჩართული გათბობა, მაგრამ ხელს გვწვავს-მეთქი, რომ გითხრათ, ასე არ არის ნამდვილად.“

?8 საჯარო სკოლაშიც იგივე მდგომარეობაა. როგორც მოსწავლეებისგან შევიტყვე, გათბობა მეორე გაკვეთილიდან მეოთხე გაკვეთილამდეა ჩართული და ისიც - დაბალ ტემპერატურაზე.

განათლების სამინისტრო ზრუნავს ბავშვების მომავალზე: გათბობა რომ ჩაურთონ, გონება მოუდუნდებათ და სასწავლო პროცესი შეფერხდება. ამიტომ, მარტივი გამოსავალი მოიძებნა განათლების დონის ასამაღლებლად.

სანაცვლოდ, მერიის შენობა და თანამშრომლები 24-საათიან გათბობის რეჟიმზეა, აქ თურმე შენობასაც კი „სცივა“:

„ჩვენთან ზამთრის სეზონი, როგორც ყველგან, 15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე გრძელდება. წელს ცენტრალური გათბობა დეკემბრის შუა რიცხვებში ჩავრთეთ, რადგან თბილი ამინდები იყო. ღამით გათბობას არ ვრთავთ, ეს რომ მოხდეს, შენობა გაცივდება და შემდეგ ორმაგი ხარჯი დასჭირდება მის თავიდან გათბობას. საღამოს დავუწევთ და სტაბილურად ვტოვებთ 18 გრადუსზე, დილით კი ავუწევთ, 7 ან 8 საათზე, რომ 10 საათისთვის შენობაში სითბო იყოს. დაახლოებით 7-8 გრადუსით ვუწევთ და მთელი დღით ვინარჩუნებთ 25-26 გრადუს ტემპერატურას. შაბათ-კვირასაც იგივე პრინციპით ხდება და ცენტრალური გათბობა არ ითიშება. შესაძლოა, რიგი თანამშრომლებისა ისვენებდეს, მაგრამ საკმაოდ ბევრნი ვმუშაობთ,“ - გვითხრა გელა ვაშაყმაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა.

შაბათ-კვირას მერიის აპარატის მუშაობის რა მოგახსენოთ, მაგრამ შენობაში სინათლე ყოველთვის ანთია, დღეც და ღამეც, ნიშნად ქალაქზე „მუდმივი ზრუნვისა.“ თურმე, თემურ შაშიაშვილის ბრძანება ყოფილა მისი მმართველობის დროს, რომ შენობა მუდმივად განათებული უნდა ყოფილიყო შიგნიდან, ხალხს რომ ეფიქრა - ჩვენზე ფიქრით ღამეც კი მუშაობენო... ტრადიცია გრძელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია