დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობა ედუარდ შევარდნაძემ დაუკვეთა?
2011/02/28 13:52:57

საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას თავი არ მოუკლავს. კონსტანტინე გამსახურდია და კომისიის დანარჩენი წევრები ღიად საურობენ მოწმეების  შეუსაბამო ჩვენებაზე და პროკურატურისგან მათ დეტალურად განხილვას მოითხოვენ.

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდია 1993 წელს სამეგრელოში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მოწმეების ჩვენებებიდან ზუსტად არ არის დადგენილი, 30, თუ 31 დეკემბერს. უფრო მეტიც - ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მან პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, 29 დეკემბერს, დღის საათებში შეიტყო.  გენერალურმა პროკურატურამ საქმის გამოძიება 1994 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში შეწყვიტა, ვინაიდან მათ თვითმკვლელობის ვერსია მიიღეს. „ამავე დროს, საქართველოს პროკურატურის მასალებში საქართველოს პრეზიდენტის გარდაცვალების ერთადერთ მიზეზად მხოლოდ თვითმკვლელობა სახელდება, რაც მომდინარეობს როგორც მთავარი მოწმეებისგან (რობინზონ მარგველანი, შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე, ზაზა ბურჯანაძე, გოჩა კეკენაძე), ასევე მათთან დაკავშირებული პირებისგან (კარლო ღურწკაია, ლუდმილა აბშილავა, ძმები: ზაურ და ანატოლი ჩუხუები), რომლებიც აგრეთვე მოწმის სტატუსით დაიკითხნენ“. (პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა).  1998 წელს ისევ განახლდა ძიება და დაიკითხა 14 მოწმე.

კონსტანტინე გამსახურდია: „მთავარი პროკურატურის არქივებში ჩვენ გავეცანით ამ საქმის სულ 9 ტომს. ისინი ჩვეულებრივად, უკრიტიკოდ  და უკომენტაროდ იღებდნენ იმ ვერსიას, რასაც სთავაზობდნენ მარგველანი, გვანცელაძე და სხვანი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას არაფერი  გაუკეთებია ამ საქმის გამოსაძიებლად, მათ, უბრალოდ, ჩაიწერეს ამ ადამიანების ჩვენებები“.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ  ასამდე გამოკითხვა ჩაატარა. მათ შორის აირჩა ორმოცი, რომელიც დაიბეჭდა აღნიშნული კომისიის დასკვნაში. ამ უკანასკნელში ასევე ყურადღება გამახვილებულია მოწმეთა ჩვენებების შეუსაბამობაზე. ხშირად ერთი და იგივე პიროვნება სხვადასხვა დაკითხვაზე განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან.

კოსტანტინე გამსახურდია: „ჩემი პირადი შთაბეჭდილება იყო ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ გამოკითხვაზე, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იძლეოდნენ საღ აზრთან შეუსაბამო, წინააღმდეგობრივ, ინფანტილურ პასუხებს. ასე, მაგალითად, როდესაც ვკითხეთ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, რა ბედი  ეწია იარაღს - მან თქვა, რომ იარაღს გადაუსვეს ზეთი და შეინახეს. თუმცა იგივე ადამიანი პროკურატურის ჩვენებაში ამბობს, რომ ეს იარაღი წაიღო გროზნოში და ჩეჩენ მეგობარს მიაბარა, ხოლო სხვაგან ასევე ამბობს, რომ იარაღი ჩაუდო მიცვალებულს განსასვენებლში. ასევე პროკურატურის ჩვენებაში ამბობენ, რომ ვერ იპოვეს გულა და მასრა, ხოლო შემდეგ ირკვევა, რომ მასრა იპოვეს, გულა - ვერა. მასრის საკითხი მერე ამოტივტივდა, როდესაც ჩვენ ეს საქმე შევისწავლეთ და ჩავატარეთ გამოკითხვები, მივედით იმ დასკვნამდე, რომ არადამაჯერებელი იყო თვითმკვლელობის თეზა“.

ჩვენთან საუბარში კონსტანტინე გამსახურდია ცდილობს დეტალურად აგვიწეროს ის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის გარდაცვალების პერიოდში იყო. ცხადია, მას ეს ინფორმაცია სხვადასხვა მოწმის ჩვენებებიდან აქვს. როგორც ირკვევა, პრეზიდენტის თანმხლებ პირებს უკვე ეძინათ, ან ჩაძინების პროცესში იყვნენ, როდესაც რაღაც ხმა გაიგონეს. ოთახის კარებთან ნახეს პრემიერ-მინისტრი (ამჟამად ფინეთში ცხოვრობს), რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი ცუდად იყო და გული ერეოდა. ღამე იყო, იმ პერიოდში შუქი არ ჰქონდათ სოფლებში და მხოლოდ ჭრაქი ენთოთ. როდესაც პრეზიდენტის ოთახში შევიდნენ, მათ დახვდათ ამგვარი სურათი - ზვიად გამსახურდია ნახევრად წამომჯდარი  იყო ლოგინში, თავი გვერდზე ჰქონდა გადადებული,  მარცხენა  მხარეს. მარჯვენა მხრიდან ჩამოსდიოდა სისხლი ნატყვიარიდან. ხოლო მარჯვენა ხელში ეჭირა პისტოლეტი და ხელი ედო მუცელზე.  სწორად ამ სურათიდან ასკვნიან მოწმეები, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა. ხოლო იმის უშუალო მხილველი, თუ როგორ მიიტანა ზვიად გამსახურდიამ პისტოლეტი შუბლთან და სროლა განახორციელა, არ არსებობს.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მე-16 სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სახელმწიფო ცენტრის ექსპერტთა მიერ შემუშავებული დასკვნა კი ახალ გარემოებებს ააშკარავებს. ეს არის ერთადერთი ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვლილი პრეზიდენტის სხეულს 2007 წელს ჩაუტარდა. კომისიის წევრები საუბრობენ ტყვიის ტრაექტორიასა და დამიზნების მანძილზე, რაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

კონსტანტინე გამსახურდია: ეს დასკვნა ჩვენ რუსეთში ვიზიტისას მოვიპოვეთ.  შეიძლება ითქვას, რომ სულ არაფერს სჯობია. ბევრი არაფერია მასში ნათქვამი. თუმცა ტყვიის ტრაექტორია მაინც ჩანს. იგი არის რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან. წარმოვიდგინოთ, თუ თვითმკვლელი იდებს და როგორც  წესი - იბჯენს იარაღს, აუცილებლად ჩნდება „სტანცმარკა“ - ეს არის პირდაპირი ასლი ლულისა საფეთქელზე ან შუბლზე, სადაც იდებს იარაღს. თუ ძალიან ახლო მანძილიდანაა ნასროლი, ვგულისხმობ 2-3 სანტიმეტრს, იქაც სერიოზული კვალი რჩება,  ან - ჯვარედინი ნახეთქი.  არც ერთი და არც მეორე არ აღენიშნება გარდაცვლილს, ეს არც ფოტოგრაფიებზე ჩანს და არც ჩვენებაშია ამაზე საუბარი. არც  ექიმი  დავით ჯალაღონია, რომელმაც 1994 წლის 1  იანვარს დაათვალიერა ცხედარი, საუბრობს ამაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ რევოლვერის ლულის პირი დაშორებული იყო  დაახლოებით მინიმუმ 20 სანტიმეტრზე, მაქსიმუმ 50 სანტიმეტრზე. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს 20 სანტიმეტრის დაშორებიდან იყო ნასროლი, ძალიან არაბუნებრივი პოზა გამოდის. იარაღი, დაახლოებით, ისე უნდა  დაიჭირო, რომ დახრილობაც გამოვიდეს და ამ გასროლის შემდეგ კიდევ ხელი დაუშვა მუცელზე... და იარაღი კვლავ ხელში ეჭირა. იარაღი არის ძალიან მძიმე, პატარა ზომის ავტომატი და მთელი უკუცემის ძალა გადადის ხელზე. რაც არის დაახლოებით 350 ჯოული.

იარაღთან დაკავშირებით წინააღმდეგობებია ჩვენებებშიც. პირველ რიგში მკვლელობის თუ თვითმკვლელობის მთავარი სამხილი ნაპოვნი არ არის. არც ის არის დადგენილი, თუ რომელი იარაღი ჰქონდა პრეზიდენტს. დაცვის წევრების ჩვენებებით, ზვიად გამსახურდია ბადრი ზარანდიას ნაჩუქარ „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტს ატარებდა. მაგრამ ბადრი ზარანდიას გარდაცვალებისას თავისი კუთვნილი იარაღი  თვითონვე  ჰქონდა. მეორე ვარაუდით,  „სტეჩკინის“ კონსტრუქციის იარაღი პრეზიდენტს ერთ-ერთმა გვარდიელმა, ავთო პაკელიანმა აჩუქა. რობინზონ მარგველანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებებში კი ამბობს, რომ „სტეჩკინის“ სისტემის  პისტოლეტები სასახლეში ჩაულაგა გარდაცვლილ პრეზიდენტს და გროზნოში სასახლიდან თვითონვე ამოიღო.

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია  პრეზიდენტის ავადმყოფობასთან  დაკავშირებით,  მის თავის ქალაზე აღმოჩენილი ნატყვიარის,  გადაადგილების თარიღისა და დროის, თანმხლები პირების რაოდენობის, გარდაცვლილის მდგომარეობისა და ჩაცმულობის შესახებაც.

კონსტანტინე გამსახურდია: „ეს არის ჩვენი ძირითადი ამოსავალი წერტილი, ანუ - წინააღმდეგობები და  შეუსაბამობები სხვადასხვა ჩვენებებში. ეს ადამიანები საქმეს ისე წარმოაჩენდნენ,  თითქოს ჩვენ კიტოვანის, სიგუასა და გიორგაძის ჩვენებებს ვეყრდნობოდით. სინამდვილეში კი ჩვენ მხოლოდ ვკურირებდით მათი ჩვენებებით. რა თქმა უნდა, მათ ვერ დავეყრდნობოდით, ვინაიდან  გადამოწმების საშუალებები  არ გვქონია.

* * *

ედუარდ შევარდნაძის მაღალჩინოსნები - თენგიზ კიტოვანი, იგორ გიორგაძე და თენგიზ სიგუა  საინტერესო ჩვენებებს იძლევიან და პირველი პრეზიდენტის მკვლელად ცალსახად ასახელებენ პრეზიდენტ შევარდნაძეს და მის გარემოცვას. მათი მოსაზრებების უკეთ გასაცნობად შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს საპარლამენტო კომისიის დასკვნიდან.

თენგიზ კიტოვანის გამოკითხვიდან (ქ. მოსკოვი, 2010 წლის 25 იანვარი):     „მე ადრეც ვიძახდი და ახლაც ვიძახი: ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, იგი მოკლულია შევარდნაძის სპეციალური დავალებით, რომელიც შეასრულეს შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ, გენერალმა გია გულუამ და უშიშროების მინისტრის მოადგილემ ავთანდილ იოსელიანმა, ამ საქმეში გარეულია პრემიერ-მინისტრი ავთანდილ მარგიანიც. ავთანდილ მარგიანმა ერთ-ერთი საუბრის დროს თავის ახლობელთან თქვა:  მე გადავიხადე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ამერიკული დოლარი ზვიად გამსახურდიას მკვლელობაშიო. ამის შემდეგ მე ვამტკიცებ, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია. მე ვიძახი, რომ ზვიად გამსახურდია არის ორი ტყვიით მოკლული. არ შეიძლება „სტეჩკინის“ სისტემის იარაღით ზემოდან ქვემოთ ნასროლით თავი მოეკლა ზვიად გამსახურდიას. ეს არის ნასროლი. პირველმა ტყვიამ, ეტყობა, რბილობში გაიარა, ხოლო მეორე, ეტყობა, ზემოდან დაახალეს და მოკლეს. ერთი ტყვია არის საწოლში. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წამშია გაკეთებული. ავთო იოსელიანის დაჯგუფებამ ყველაფერი იცოდა გამსახურდიას გადაადგილების შესახებ. შოთა კვირაია ერთხელ ვნახე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, რომელმაც ისე თქვა რაღაც, რომ ეს უთუოდ მათი გაკეთებული იყო“.

თენგიზ სიგუას გამოკითხვიდან (ქ. თბილისი, 2010 წლის 25 თებერვალი): „მე სასაცილოდ მეჩვენება ქვეყნის პირველი პირის ლიკვიდაციაში 50000 დოლარის გადახდა. ჩემზე რომ მკითხეთ, ჩემს ლიკვიდაციაში 250000 დოლარზე იყო საუბარი, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში 50000-ზე კი არა, შეიძლება ნახევარ მილიონზე იყოს საუბარი.“

იგორ გიორგაძის გამოკითხვიდან (ქ. მოსკოვი, 2010 წლის 27 იანვარი): „მე ვადასტურებ, რომ ჟურნალ „ზავტრა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში მე ვთქვი, სახელმწიფო მეთაურს მოვახსენე, ზვიად გამსახურდია ალყაში მყავს-მეთქი. მან თქვა: ზვიად გამსახურდია მე ცოცხალი არ მჭირდებაო. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ ზვიადი მოკლეს, მის მკვლელობაში თანხა იყო გადახდილი და, რაც მთავარია, შემსრულებლები, რომლებმაც ამის შესახებ იციან, მზად არიან, ჩვენება მისცენ გამოძიებას. მინდა გითხრათ, რომ, ჩემი ანალიზით, იქ უცხო პირი  ვერავინ მივიდოდა. დავალება შეასრულა იმ ხალხმა, ვინც იყო უშუალოდ მასთან კონტაქტში. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ ფული ჩამოიტანა. თანხაც იყო ნახსენები -  ორი მილიონი ამერიკული დოლარი. ეს თანხა მას დუდაევმა მისცა. სად არის ეს თანხა? საერთოდ, ფული ჩანს? არ გაგიკვირდეთ, თანხა, რომელიც ნახსენები იყო, ძალიან მცირეა. თუ გვერდში ორი მილიონი მიდევს, შეიძლება სულმაც წამძლიოს კაცს. გეუბნებით, რომ მე გამოვრიცხავ გარედან შემოსულ პიროვნებას. ავთო იოსელიანმა, მახსოვს, გააკეთა განცხადება, ჩვენ ვაკონტროლებთ მის გარემოცვას და გარემოცვის გარემოცვასო. ვინ გაისროლა, ეს უკვე დეტალია, მაგრამ პირველი გარემოცვის გარეშე ის ამას ვერ გააკეთებდა“.

ედუარდ შევარდნაძის ფაქტორი ერთ-ერთ მნიშვნელოვანია პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საკითხში.  დაკითხავს თუ არა მას პროკურატურა, ეს ჯერ არ არის ცნობილი. წინასწარ არც იმის გათვლა არის შესაძლებელი რამდენად სარგებლის მომტანი იქნება ექს-პრეზიდენტის დაკითხვა. კონსტანტინე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ის დევნა, რაც ზვიად გამსახურდიაზე მიმდინარეობდა, არ შეიძლებოდა შევარდნაძის  გვერდის  ავლით  მომხდარიყო.  თუმცა,  ასევე  ეჭვქვეშ  აყენებს  მისი დაკითხვის საკითხს და  ნაკლებად ელოდება აღიარებას.

კონსტანტინე გამსახურდია: „იგივე ავთანდილ იოსელიანი ამბობს, რომ პრეზიდენტს ორი ჯგუფი ეძებდა, - შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები. შეუძლებელია, ეს  ჯგუფები მოქმედებდნენ შევარდნაძის ცოდნის, თანხმობის, ან განკარგულების გარეშე. მეორე - თვითონ  შევარდნაძემ განაცხადა ამასწინათ ინტერვიუში, რომ ეს დევნა კი არ იყო, ძებნა იყოო. არ მესმის, ამ შემთხვევაში რა განსხვავებაა დევნასა და ძებნას შორის. რა უნდა პრეზიდენტს ტყე-ღრეში და მიკარგულ სოფლებში. ეს ადგილები არანაირად არ არის მისი მოქმედებისა  და მოღვაწეობის სფერო. იგი ნამდვილად არ იმყოფებოდა ამ ადგილებში ტურისტული ინტერესებით, ან სანადიროდ, ან მეგრული ფოლკლორის შესაგროვებლად. მას ფეხდაფეხ მისდევდნენ.  მეტსაც გეტყვით, საქმიდან იკვეთება, რომ მუჟალოში  ყოფნისას პრეზიდენტი გამსახურდია შეხვდა გენერალ გულუას და მის წარმომადგენლებს. მათ ქვეყნის დატოვების სამი ვარიანტი შესთავაზეს. ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი შეთავაზება. მის უკან ფარული, ლატენტური მუქარაც იყო. ერთი ვარიანტი იყო  ვერტმფრენის გატაცება და ისე გადაყვანა ჩრდილოეთ კავკასიაში, მეორე - წითელ ხიდთან მიყვანა და მესამე ვარიანტი -  ხევსურეთში გადაყვანა, საიდანაც ის  ჩეჩნეთში უნდა გადასულიყო. პრეზიდენტმა სამივე ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა. გენერალ გია გულუას დაჯგუფების წევრთათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა გამსახურდიასთან საუბარი, ნებისმიერ დროს შეეძლოთ მასთან შეხვედრა. მუჟალოში შეხვედრის შემდეგ მას, ფაქტობრივად, თვალს ადევნებდნენ. პრეზიდენტის გადაადგილება ძალიან კარგად იცოდნენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ  ის ცნობილი ხდებოდა როგორც შევარდნაძისთვის, ისე უშიშროების სამინისტროსთვის“.

* * *

- ბატონო კონსტანტინე, თქვენი აზრით, რამდენად ფასეული იქნეა ედუარდ შევარდნაძის  ჩვენება, თუ პროკურატურა მოახერხებს მის დაკითხვას?

- ის ინტერვიუ (რომელზედაც ზემოთ იყო საუბარი. ავტ.) რომ განვიხილოთ, არის ექსკურსები საქართველოს ისტორიის 90-იან წლებზე.  ედუარდ შევარდნაძე ერიდება კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემას.  მისი გულწრფელობა, ალბათ, იგივეა, რაც სპილოს სიფაქიზე და ჰაეროვნება.

- სხვადასხვა მაღალჩინოსნებისა თუ მოწმეების ჩვენებებში ხშირად საუბრობდნენ, რომ პრეზიდენტის  მკვლელობა არ შეიძლებოდა  მომხდარიყო მისი უახლოესი გარემოცვის გარეშე. ხომ არ გაქვთ ეჭვი დაცვის რომელიმე წევრზე, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც პრეზიდენტის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მასთან იმყოფებოდნენ?

- ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ რომელიმე მათგანზე ეჭვი მივიტანოთ, რომ ისინი არიან მკვლელები. რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ეს ადამიანები სიმართლეს მალავენ, რაღაცას არ ყვებიან. ალბათ, გამოძიებული იქნება და დაიკითხებიან ის ადამიანები, რომელთა სიაც ჩვენ გადავეცით პროკურატურას. ეს იყო დაახლოებით 56 ადამიანი. ამათგან ჩვენ თითქმის ნახევარი უკვე გამოვკითხეთ. პროკურატურამ კი ისინი  უნდა დაკითხოს და გაამაგროს ძირითადი მტკიცებულებები.

- თქვნი აზრით, დღევანდელ მთავრობაში რამდენად არის იმის მზაობა, რომ გამოიძიონ პირველი პრეზიდენტის მკვლელობა და დამნაშავეები დასაჯონ?

- ამის საფუძველი უკვე შეიქმნა. კომისიის დასკვნა კარგი საფუძველია იმისთვის, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს. ვფიქრობ, ისინი მალე განაახლებენ გამოძიებას.  რამდენად ჩქარა და რა დროში დაასრულებენ, ვერ გეტყვით.  ეს არ არის მარტივი საქმე. თუ დავუშვებთ, რომ მკვლელობა იყო, მაშინ უნდა  დავუშვათ ისიც,  რომ ეს გარკვეული სპეცოპერაცია იყო დახურული უწყებისა, საიდანაც ხმა ასე ადვილად არ გამოდის.

- ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ჩვენებების  შეცვლის საფუძვლად ხომ არ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მათ დეტალები კარგად აღარ ახსოვთ?

- არ არის გამორიცხული, რომ რაღაცები დაავიწყდათ. თუმცა, ეს ისეთი შემთხვევაა, როცა, წესით, არ გავიწყდება. მათთვის ეს უნდა ყოფილიყო საზარელი შოკი და შოკი პირიქით გამახსოვრებს ყველაფერს. მათ კარგად იციან, რომ სწორედ მათ ინტერესებშია ყველაფერი ზუსტად გაიხსენონ. მათ ინტერესებში იყო იმ ნივთ-მტკიცებების შენარჩუნება, როგორიც არის იარაღი, მასრა, გულა. ასევე ქვეშაგები, რომელიც დამწვარია და  ბალიშის პირი, რომელიც   გარეცხეს. ფაქტობრივად, ყველა ნივთ-მტკიცება არის განადგურებული, კვალი არის წაშლილი.

 

როდის გავიგებთ, თუ ვინ არის პირველი პრეზიდენტის უშუალო მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი, ზუსტად არ შეიძლება განისაზღვროს. ფაქტია, საზოგადოებაში არის ინტერესი და მოთხოვნა, მალე გაირკვეს ამ ადამიანების სახელები. ედუარდ შევარდნაძის დაკვეთაზე ბევრს საუბრობენ, თუმცა სანამ პროკურატურა მას ოფიციალურად არ დაადანაშაულებს, შეუძლებელია მკვლელი ვუწოდოთ.

საკითხავია, გახდება კი ოდესმე ცნობილი, ვინ არის ზვიად გამსახურდიას უშუალო მკვლელი და გაირკვევა შევარდნაძის როლი ამ საქმეში?

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია