დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლეიბორისტები აპროტესტებენ
2011/02/22 12:07:34

არა გაერთიანებულ ქვითრებს!

15 თებერვალს ქუთაისელმა ლეიბორისტებმა სემეკ-თან აქცია გამართეს. ისინი გაერთიანებული კომუნალური გადასახადების შემოღებას აპროტესტებდნენ.

აქცია პარალელურად თბილისშიც მიმდინარეობდა. ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორის სამსონ გუგავას განცხადებით:  „საერთო გადახდის ქვითრები თბილისში რომ შემოიღეს, ყველანაირად დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა. ეს იმას ნიშნავს, შეხვიდეთ მაღაზიაში, იყიდოთ პური და გამყიდველმა გითხრათ, შაქრის ფული არ გაქვთ გადახდილიო. პროექტი კომპანია „ეიეს-თელასის“ ინიცირებით მოხდა, შემდეგ პარლამენტმა მიიღო და სემეკმა გაამყარა და, შესაბამისად, ამ ფაქტს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისშიც ვაპროტესტებთ. მერე რა, რომ დედაქალაქში არ ვცხოვრობთ, იგივე, უმოკლეს ხანში ქუთაისსაც ემუქრება. ეს არის მოწოდება, ეს არის პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე უსამართლო პროცესებისა, ანუ თბილისს ჩემს განუყოფელ ნაწილად ვთვლი.

შეჭირვებულ ხალხს ხელისუფლებამ კიდევ ერთი უბედურება დაუმატა: თუ წყლის, დენის გადახდილი გაქვთ და გაზის ვერ გადაიხადეთ, ყველა მომსახურება გაგეთიშებათ! კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სემეკს, ნუ ემორჩილება ხელისუფლებას, არამედ ხალხის ნების გამომხატველი იყოს. თუ არ ვცდები, სმკ-ის თავმჯდომარეს 15,000 ლარი აქვს ხელფასი, ამდენ ფულს რომ ხალხის გადასახადებიდან იღებს, ნება იბოძოს, მიიღოს სახალხო და არა ანტიხალხური გადაწყვეტილება. უბრალოდ, სემეკი ჰქვია, არც კერძო და არც სახელმწიფო დაწესებულებად ითვლება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ორი პროცენტი ბიუჯეტის გავლით სუფთად შედის ორგანიზაციაში. თუ არ ვცდები, ყოველთვე 7.8-მილიონიანი ბრუნვა აქვს, ბოლო-ბოლო, პრეზიდენტის ხელფასი 4.500 ლარია და რატომ უნდა ჰქონდეს ვიღაც ნაძირალა გურამ ჩარაგაშვილს 15.000 ლარი? იმის გამო, რომ მაღალ ტარიფებს მიწესებს და ამოღებისას სისხლს მწოვს? თეთრნახევრიან ელექტროენერგიაში მახდევინებენ თვრამეტ თეთრს, გაზი საერთოდ უფასო უნდა გვქონდეს, ამის სრული საფუძველი არსებობს. კაი, გაზს დავანებოთ თავი, წყალი ხომ გვაქვს, წყალს მიაქვს ეს ქვეყანა და წყალში სულზე 2.50 თეთრს გვახდევინებენ. ჩვენ უახლოეს დღეებში საინფორმაციო ბუკლეტებს დავარიგებთ და მასში განხილული იქნება, თუ რამდენი გაზი, ნავთობი აქვს ქვეყანას უფასოდ - ანუ ეს მილსადენი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გადის, ხუთი პროცენტი გვერგება და იმდენი გაზი გამოდის, ქვეყანა ხუთი პროცენტიდან მის ნახევარს თუ მოიხმარს, მაგრამ მაგათ ურჩევნიათ, ფულად მილიარდები აიღონ“.

ლეიბორისტები, ჩვეული შემართებით, საჭირბოროტო საკითხებზე მსგავს საპროტესტო გამოსვლებს მომავალშიც გააგრძელებენ.

არა -  უნივერსიტეტებისა და სკოლების გაუქმება-ინტეგრაციას!

17 თებერვალს ლეობორისტული პარტიის ქუთაისის ოფისში გამართული პრესკონფერენციის თემა  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გახლდათ, რომელიც ქალაქში არსებული სკოლებისა და უნივერსიტეტების გაუქმება-ინტეგრაციას შეეხებოდა.

 

„სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ფართომასშტაბიანი ლიკვიდაციის გეგმა, დიდი ხანია, რაც უკვე ამოქმედებულია, ჯერ კიდევ ზაფხულიდან შეიქმნა პრეცენდენტი იმისა, რომ კვლევითი ინსტიტუტები უფრო დიდ უნივერსიტეტებთან ინტეგრაციის მოტივით გააუქმეს. პირველად ტექნიკური უნივერსიტეტი იქნა გაუქმებული, რომელიც სწორედ წერეთლის უნივერსიტეტთან გაერთიანებას შეეწირა, შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა და ეს რეფორმა კატეგორიულად დაგმო, როგორ შეიძლებოდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაუქმება და ინჟინრების იქედან გამოყრაო. დროთა განმავლობაში თვითონ ხელისუფლება აფასებს მათ რეფორმებს  უარყოფითად. ისეთი ქაოსი და ანარქიაა, რომელმაც შეიძლება თაობები შეიწიროს და ისინი დარჩნენ სათანადო კვალიფიკაციის გარეშე. კიდევ ახალი რეფორმა, რომელიც იწყება უნივერსიტეტებში, შემდეგია, რომ მის მფლობელობაში მყოფი ტერიტორიები და შენობები იჯარით გადაეცემა კერძო მფლობელებს. კერძო მფლობელები კი ყოველგვარი აპელაციის გარეშე დანიშნავენ და გაათავისუფლებენ იმ პირებს, რომლებიც მათ ინტერესებშია“. - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ლეობორისტული პარტიის პროფესორ-მასწავლებელთა, პედაგოგთა და მშობელთა უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ბადრი ფორჩხიძემ.

ამავე შეხვედრაზე ისაუბრეს 44-ე საჯარო სკოლის გაუქმების შესახებაც:

„ამ შენობის ეკოსავაჭრო სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, აშკარად ნათელია დაუფლების მოტივაციაც - ფინანსურად მომგებიანი ბიზნესის სახით. ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აპირებენ გახსნან მათთვის სარფიანი ბიზნესი და, თქვენ წარმოიდგინეთ, უბედურება ის არის, რომ სკოლების დირექტორები ერთად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე,  დუმან, არავითარ კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი უკვე ამ ბიზნესის წილებში არიან.“  აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბადრი ფორჩხიძემ.

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამსონ გუგავას თქმით: - „გვაქვს რეალური ინფორმაცია, კიდევ 21-ე, მე-6, და მე-9 საჯარო სკოლების გაუქმების შესახებ. 12 ბაგა-ბაღი უკვე გაუქმებულია და კიდევ გრძელდება ეს პროცესი. მე-9 სკოლის შენობის მიბმა კი სურთ წერეთლის უნივერსიტეტთან, მისივე ახლო ტერიტორიული მდებარეობის გამო. ასევე გვაქვს ინფორმაცია ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის  რამდენიმე შენობის გაყიდვის თაობაზე. ჩვენ მივმართეთ ყოველივე ამის გადასამოწმებლად როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, წერილობითი ფორმით, უნივერსიტეტებსაც, მაგრამ ისინი ჯიუტად დუმან და პასუხს არ იძლევიან.“

შეხვედრაზე ასევე პარტიის ახალ ინიციატივაზეც ისაუბრეს, რომ იქმნება კომიტეტებთან არსებული იურიდიული სამსახური, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს სამართლებრივი კუთხით დახმარება დასჭირდებათ, საჭირო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ.

ნათია ადეიშვილი, ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია