დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გომში სტადიონების ბუმია...
2010/12/13 14:20:41

სამტრედიის რაიონში გომი ყველაზე დიდი თემია, მასში თერთმეტი სოფელი შედის. წინასაარჩევნოდ, 2010 წლის სოფლის დახმარების პროგრამის განხორციელება, როგორც ყველგან, აქაც მაისის თვეში დაიწყო. საამისოდ გამოიყო 119 070 ლარი.  

რაში დაიხარჯა ეს თანხა, აქვს თუ არა ინფორმაცია მოსახლეობას პროგრამის შესახებ და რესურსი ადგილობრივმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო  პიარისთვის ხომ არ გამოიყენა, -  ამის გარკვევა ადგილზე ვცადეთ.

გომელები სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობენ, უმრავლესობამ არც კი იცის, ასცხრამეტიათასსამოცდაათი ლარი სად წავიდა. სამუშაოებში ჩართულობაზე კი ზედმეტია ლაპარაკი.

 

***

მოხუცმა ქალბატონმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გაგვიმხილა, გვითხრა: - შვილო, მაგდენ ინფორმაციას გლეხებს ვინ მოგვცემს. რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ იცით? ამდენი მშიერი და შეჭირვებული ადამიანი ვის ვუნდივართ. მხოლოდ არჩევნების პერიოდში ვახსენდებით. გაზი არ გვაქვს, ტყეები გაიჩეხა... არადა, გაზაფხულზე იცით, რა სილამაზე ჰქონდა აკაციას? მისი სურნელებით ვტკბებოდით. რა ექნა ხალხს, სიცივით ხომ არ დაიხოცებოდნენ!

მთავრობამ კი მარტო სტადიონები გაგვიკეთა, ბურთი ვჭამო მე?

 

გიორგი 25 წლის: სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ მაქვს ინფორმაცია, კერძოდ, ვიცი, რომ ზედა ეწერში სტადიონი და კვირიკეს საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზი გააკეთეს, ხოლო რამდენი დაიხარჯა, ეგ უკვე არ ვიცი.

 

როინ გიორგაძე: კვირიკეს სკოლის დარბაზის რეაბილიტაციაში თავად ვიყავი ჩართული, სოფელში კრება მოეწყო და ავირჩიეთ საკეთილდღეო საქმე, ნამდვილად ვამაყობ. შემოდით დარბაზში, ნახეთ რა სილამაზეა. (კი, დარბაზი კარგია, მაგრამ სკოლისა რა მოგახსენოთ. ავტორი).

 

ნათელა 62 წლის: შვილო, წადი თავი დამანებე, როცა არაფერი ვიცი, როგორ გაგცე კითხვაზე პასუხი? გომი შენი სოფელია და თავადაც კი იცი, რა პრობლემებია აქანე.

 

ჯემალი 53 წლის: ეს ძალიან კარგი სოფელია, როგორც მაცხოვრებლებით, ისე - მთავრობით. ვინ რას ვაკეთებთ, ყველამ ვიცით. დაბლაგომში ძირითადი პრობლემა საწრეტი არხის გაწმენდა იყო და საბავშვო ბაღი არ გვქონდა. სოფლის დახმარების პროგრამით მოგვარდა და ძალიან გვიხარია. მომავალ წელს საჭიროა, გამოიყოს უფრო მეტი თანხა, რომ საქმე კიდევ გაკეთდეს.

 

ნონა თევზაძე: ჩვენს სოფელში პრობლემების მეტი რაა, გაზის შემოყვანას მეშვიდე წელია გვპირდებიან. Kკი, კარგია, მთისძირში სტადიონი გააკეთეს, ცენტრში Qღამის განათება დაამონტაჟეს, მაგრამ კიდევ რჩება გასაკეთებელი. იმედია, მომავალში გაითვალისწინებენ.

 

თორნიკე 22 წლის: სტადიონების ბუმია ჩვენს სოფელში, ზაფხულობით ტურნირს ვატარებთ და ვერთობით ხოლმე. მთისძირის სტადიონის აღდგენაში თავად მივიღე მონაწილეობა. მაისის თვეში დაიწყო და ივლისამდე გაგრძელდა. რა სჯობს, შენს უბანში სტადიონი რომ გაქვს, მიყვარს ფეხბურთი.

 

***

ჩვენ კიდევ ოცდაათამდე რესპონდენტი გამოვკითხეთ, მოსახლეობა სტადიონის მშენებლობას მიესალმება, მაგრამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელიო, აცხადებენ. ისინი გაზიფიცირებას, გამრიცხველიანებას, მიწის დასამუშავებლად საწვავსა და ამონიუმის გვარჯილას ითხოვენ. ასევე, ტექნიკის სიმწირეს აპროტესტებენ, რადგან ერთი „ნაციონალური“ ტრაქტორი ამოდენა მიწის დამუშავებას არ ყოფნისო.

  მთავარი პრობლემა რუსიების უბანშია, დღემდე დიდ პრობლემად რჩება მთიდან ჩამოშლილი ღორღის შეკავება, მისი გაწმენდაა საჭირო. ამ და სხვა საკითხებზე გომის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ვიქტორ მეფარიშვილს ვესაუბრეთ.

 

- ბატონო ვიქტორ, რაში დაიხარჯა 119 070 ლარი?

- ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით:

 გომის თემში თერთმეტი სოფელი შედის,  თითოეულ სოფელში კრება ჩავატარეთ, ყველგან დაახლოებით ორმოცდაათ-სამოც კაცს შევხვდით და მათთან ერთად ავირჩიეთ პრიორიტეტები. გომმუხაყრუაში ხალხმა საყანე ნაკვეთებში და უბნებში მისასვლელი გზების შეკეთება მოითხოვა. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან გზა გავამაგრეთ, ხიდ-მილის ჩრდილოეთი ნაწილი რკინა ბეტონით, ასევე, თევზაძეების უბანში გავამაგრეთ ხიდი მდინარე კაპიტონაზე. სოფლის ცენტრში მოითხოვეს ჯვრის აღმართვა და განათების მოწყობა. ყოველივე ამისათვის 11300 ლარი დაიხარჯა.

დაბლა ეწერის მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნით, სასმელი წყალი ცენტრალურ მაგისტრალზე შევაერთეთ, რისთვისაც საჭირო მილების რაოდენობა სოფლის მოსახლეობამ სპეციალისტებთან  ერთად შეათანხმა.

შეიღობა ახალი სასაფლაო დაახლოებით 800-1000 მეტრი. ეს ყოველივე 7 513 ლარი დაჯდა.

   ზედა ეწერის ხალხის პრიორიტეტი საყანე ნაკვეთში გზის დახრეშვა იყო. სოფელში წყლის პრობლემა მოგვარდა, რისთვისაც შეიცვალა ძველი მაგისტრალი 3 კმ. 5 პლასტმასის 50 მმ-იანი მილით. აგრეთვე სტადიონი გაკეთდა. ამ საქმეებისთვის 11 428 ლარი დაიხარჯა.

კვირიკეში სოფლის პრობლემა მისასვლელი გზა იყო და ის შეკეთდა. მოვაწყვეთ 250 ტონიანი წყლის რეზერვუარი, ასევე სკოლის შენობაში გარემონტდა სპორტული დარბაზი. შესრულებული საქმისთვის 11 428 ლარი დაიხარჯა.

ძალიან სერიოზული ნაბიჯი დაბლაგომელებთან ერთად გადავდგით, რადგან საბავშვო ბაღი არ არსებობდა. ამიტომ 21 000 ლარად სამტრედიის აწ გარდაცვლილი ყოფილი  მაჟორიტარი დეპუტატის, ტარიელ ჩაჩუას ოფისი აუქციონზე შევისყიდეთ და დღეს ბავშვები კომფორტულ შენობაში სწავლობენ.

დაფნარში ყველაზე დიდი პრობლემა ძირითადი საწრეტი არხის გაწმენდა იყო, რომელიც საყანე ნაკვეთში გადის. ასევე ჯაშების ასახვევთან მოსაცდელი გავაკეთეთ და შეიცვალა სასმელი წყლის ძველი დაზიანებული მილები. აგრეთვე შეკეთდა სტადიონი. ყოველივე ამისთვის 16 000 ლარი დაიხარჯა.

კეთილაურში  მოსახლეობის გადაწყვეტილებით მისასვლელი გზა შევაკეთეთ და სასაფლაო შემოვღობეთ, რომლისთვის 957 ლარი დაიხარჯა.

ცივწყალაში მისასვლელი გზის შეკეთებაში და სასაფლაოს შემოღობვისათვის 1 300 ლარი დაიხარჯა.

გომნატეხელები ძირითადად საყანე ნაკვეთებში და უბნებში მისასვლელი გზების შეკეთებას, ასევე – სასმელი წყლის მილების და მოსაცდელის შეკეთებას ითხოვდნენ, რომლისთვის 12 094 ლარი დაიხარჯა.

 დობიროში კი პრობლემა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სასმელი წყლის მილების შეკეთება იყო. აგრეთვე გამოვცვალეთ 5 ერთეული ბეტონის ელექტრო ბოძი. ყოველივე ამისთვის 7 594 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მთისძირს, ხალხის მოთხოვნით, ღამის განათების 12 ფანარი მოეწყო, ნიკურაძეების უბანში გაზის მილები შევიძინეთ, რადგან ვანის რაიონმა ბუნებრივი აირით უზრუნველყო. ასევე, სტადიონი გაკეთდა. ამ სამუშაოებისთვის 4 500 ლარი დაიხარჯა.

რატომ უნდა მოგატყუოთ, ჩვენ სამართლიანად დავხარჯეთ გამოყოფილი თანხა.

- დაახლოებით ოცდაათამდე ადამიანი გამოვკითხეთ, თხუთმეტზე მეტმა პროგრამის შესახებ არაფერი იცის.

- ჩვენ თითოეული ოჯახი ფეხით შემოვიარეთ და ყველას ავუხსენით პროგრამის შესახებ. მათ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. შეიძლება, იმ დროს ვიღაც არ იყო სოფელში, ან ოჯახში. ეგ ჩემი ბრალი არ არის.

- ხალხი ამბობს, ჩართული არ ვიყავით სამუშაოებშიო.

- კი, როგორ არ იყვნენ, კეთილაურში მოსახლეობა მილების შედუღებისას გვეხმარებოდა. ასევე, კვირიკეში სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისას ახალგაზრდები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ.

- რესურსი წინასაარჩევნოდ პიარკამპანიისთვის ხომ არ გამოიყენეთ?

- რას ბრძანებთ, სამუშაოები ყველგან მაისში დაიწყო და ჩვენ არჩევნების გამო გადაგვეწია. რა შუაშია აქ პიარი? ჩვენ სამუშაოები პირნათლად, სამართლიანად შევასრულეთ, ამაზე თვითმმართველობის სხდომაზე არაერთხელ გვისაუბრია.

- მოსახლეობა გაზიფიცირებას, გამრიცხველიანებას და რუსიების უბანში მთიდან ჩამოშლილი ღორღის გაწმენდას ითხოვს...

- პრობლემები ყველგან არის და იქნება, სოფლის გაზიფიცირება 2011 წელს მოხდება. მილები დაფნარამდე უკვე მოსულია და არა უგვიანეს ერთ წელიწადში, შევიყვანთ ყველა ოჯახში. გამრიცხველიანებას რაც შეეხება, იგი სავარაუდოდ 2012 წლამდე დასრულდება. რუსიების უბანში პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამბის ხელახლა გაკეთება და ღორღის გაწმენდა საჭიროა. ეს ყოველივე თვითმმართველობის სხდომაზე განვიხილეთ და სამუშაოები  სულ მალე დაიწყება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1826
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია