დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
18 წლის მერე - ველოდი ბიძიასთან ერთად
2010/11/08 13:01:15

ირგვლივ ყველაფერს მონატრებული მზერით ვაკვირდები. ვერ ვიჯერებ, რომ ახლა მართლა ენგურის ხიდზე მივაბიჯებ. ბუნდოვნად მახსოვს, 18 წლის წინ სამი წლის გოგომ მშობლებთან ერთად როგორ შიშითა და სისწრაფით გადმოვიარე ენგურის ხიდი. ახლაც ოდნავ შიშს ვგრძნობ, არ ვიცი, საზღვარზე რა მელოდება.

 

ჩემი ნათესავი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთში ცხოვრობს, მამშვიდებს: - ნუ გეშინია, შვილო, არავინ არაფერს გეტყვის. შენ ხომ აქაური დაბადების მოწმობა გაქვს. ერთ 300 მანეთს ჩავდებთ შიგ და არანაირი პრობლემა არ იქნება. გგონია, ვინმე დახედავს შენს საბუთს? მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ. ეხ, ნეტა იცოდე, დღეში რამდენი ჩვენნაირი გადადის და გადმოდის, ფულს კი ბლომად შოულობენ. მთებში გაზრდილებს ეს რა დრო დაუდგათ, ჩვენს ხარჯზე მოიწყვეს ცხოვრება?!

ასე ბრაზმორეული მობუტბუტებს ველოდი ბიძია. მე თან ვუსმენ, ოდნავ ვიმშვიდებ თავს მისი სიტყვებით, თან ხიდზე მიმომავალ ხალხს ვაკვირდები: თითქმის ყველას ერთნაირად სევდიანი, დაღლილი თვალები აქვს. ყველა სადღაც მიიჩქარის. ნეტა, სად მიეჩქარებათ? ველოდი ბიძიასგან ვიგებ, რომ ენგურს გადაღმა სოფლის მარშრუტები დღის თორმეტ საათამდე დგანან. ამიტომ, ვინც ზუგდიდში გადადის, ცდილობს, მალევე მოილიოს საქმე, რომ თორმეტისთვის უკვე აქ იყოს.

ამასობაში საზღვარსაც ვუახლოვდებით. ყველა იწყებს საბუთების მომზადებას, თან ფულსაც დებენ შიგ. ქალები ერთმანეთში ჩურჩულებენ: „200 მანეთს ჩავდებ და იქნებ გამიშვან, თუ ძაან გამიჭირეს, დავუმატებ კიდევ 100-ს... ნეტა, კარგი „სმენა“ შეგვხვდებოდეს.“

საზღვრამდე ჯერ საბაჟო პუნქტი გავიარეთ. ჩვენ მარტო ტანსაცმელი მიგვაქვს, ამიტომ ფული არ მოუთხოვიათ.  აქ სასტიკად იკრძალება ქართული წიგნების ან ჟურნალ-გაზეთების გადატანა. მე წინასწარ გამაფრთხილა ველოდი ბიძიამ და მსგავსი არაფერი წამომიღია. თურმე წინათ ქართული ეტიკეტების მქონე საკვებ პროდუქტებსაც კი კრძალავდნენ!

ველოდი ბიძია თავად მომიყვა, რომ ქართული ეტიკეტების მქონე პროდუქტებით, უკან გააბრუნეს.

ამ ლაპარაკში საზღვარსაც მივუახლოვდით. ჩემი საბუთი ველოდი ბიძიას აქვს, მითხრა, მე მივცემ ორივესო. ჯერ ჩვენი რიგი არაა. ჩვენს წინ ასაკში შესული ქალი მიდის, მესაზღვრე ჯარისკაცს, რომელიც შვილიშვილად ეკუთვნის, აძლევს პასპორტს. მესაზღვრე ისე ხსნის, არც კი შეუხედავს სურათისთვის, ჯერ ფული გადათვალა და რომ ნახა, არ იყო საკმარისი, უხეში ხმით უთხრა:

- Что это, женщина? Мало! Дабавь ещё 100 рyблей или назад!

_ Нет, болъше, сынок, прошу, пусти!  

 

სანამ ის ჯარისკაცი რამეს ეტყოდა, მის უკან მდგომმა უთხრა:

_ Ну, ладно, бабулъя, иди.

ნეტა, გენახათ იმ ქალის სიხარულით განათებული სახე, მაშინვე განაგრძო გზა, თან იმეორებდა: _ Спосибо, синок, спосибо.

ჩვენი ჯერიც მოვიდა, ჯარისკაცმა ორივე საბუთიდან ფული ამოიღო, მერე მოვალეობის მოსახდელად ერთი შემოგვხედა და გვითხრა: - Идите.

შვებით ამოვისუნთქე.

როგორც კი საზღვარს გამოსცდები, 15-20 მეტრში უკვე ქალაქ გალისა და სოფლებისაკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსები დგანან. ტაქსებთან ხალხი ირევა, ზოგი ბარგს ალაგებს, ზოგიც არაფრისმეტყველი სახით იყურება. როგორ ერთი შეხედვით შეატყობ ამ ადამიანებს, რომ ყველაფერი მობეზრებული აქვთ: სიცოცხლის ხალისი და მხიარულება ნახევარს არც კი შერჩენია, თუმცა მათ მდგომარეობაში ეს არცაა გასაკვირი. გაჭირვება, უსამართლობა და უუნარობა ხომ ადამიანს ცვლის.

არცთუ დიდიხნის ლოდინის შემდეგ ჩვენი სამარშრუტო ტაქსიც დაიძრა. გზად მიმავალი ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებ. გალამდე ალაგ-ალაგ თუღა ჩანდა გადამწვარი სახლები, ზოგი მათგანი უკვე ხელახლაა შეკეთებული, შინ ცხოვრობენ. ამასობაში გალსაც მივუახლოვდით. როგორც მითხრეს, ამ დროისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ქართველი სწორედ გალის რაიონში ცხოვრობს.

გალი.... ნამდვილი ქალაქის იერსახე მას მხოლოდ 18 წლის წინ ჰქონდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც ცდილობს, შეინარჩუნოს ქალაქის ფუნქციები. მაგრამ ძველებურ გალად რომ იქცეს და დაკარგული ხიბლი დაიბრუნოს, ამას საკმაოდ სოლიდური თანხა დასჭირდება. მთლიანად ქალაქი სასწრაფოდ საჭიროებს ახალი ცენტრალური გზის საფარის დაგებას, რომლის შეკეთებასაც მეორედ არჩეული პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში წინასაარჩევნო პერიოდში გალის მოსახლეობას მტკიცედ შეჰპირდა. თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ წინასაარჩევნო ყველა დაპირება მხოლოდ ცარიელ სიტყვად რჩება.

დღეს გალს ნაომარი ქალაქის ელფერი ადევს. აქაურები მაინც ცდილობენ, არ ჩამორჩნენ დროის დინებას. ქალაქში შენდება გასართობი და სავაჭრო ცენტრები, რესტორნები. თუმცა, ეს ყველაფერი კერძო საკუთრებაშია და მათი მფლობელები ფულიანი და გავლენიანი აფხაზები არიან. ის მაინცაა კარგი, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აძლევენ ამ დაწესებულებებში მუშაობის საშუალებას. რიგითი ქართველებისათვის მსგავსი დაწესებულებების გახსნა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული: ან უნდა იყოს საკმაოდ შეძლებული, ან ჰყავდეს გავლენიანი აფხაზი ნაცნობი. აქ „ნაცნობობა“ და „ფული“ ყველაზე მეტად ჭრის. ეს დღევანდელი გალის რეალობაა.

რაც შეეხება გალის ბაზარს, აქ კი  ფულის სუნი ძალუმად ტრიალებს! თხილისა თუ ციტრუსის სეზონზე გამწარებული ვაჭრობა მიდის. გალისა და მისი სოფლების მოსახლეობას მოსავალი გასაყიდად აქ ჩამოაქვს და სოხუმიდან, ფსოუდან ან რუსეთიდან ჩამოსული ვაჭრები ყიდულობენ. მათგან ზოგს პირდაპირ რუსეთში მიაქვთ, ზოგს კი ფსოუმდე. იქ კი მომატებულ ფასში მიჰყიდიან რუს ვაჭრებს. ველოდი ძიამ მითხრა: აქ ხუმრობით ასეთ რამეს ამბობენ გალზე: - Сухум - это  чудеса, Очамчира - полечудес, а Гал - кто хочет статъ милиионером... - თან დაამატა: - ასეა, შვილო, შენი თვალითაც ხომ შეხედე, რომ ქალაქის სისუფთავე და კეთილმოწყობა არავის ადარდებს, ყველა იმაზე ფიქრობს,. თავი როგორ გადაირჩინოს. ბრძოლა გადარჩენისთვის ხომ გაგიგია? ხოდა, ჩვენც ზუსტად ასე გვიწევს ცხოვრებაო.

ამ ლაპარაკში გალის სკოლასაც ჩავუარეთ. აქ სულ ორი სკოლაა, ორივეში სწავლა, ძირითადად, რუსულ ენაზე მიმდინარეობს. მხოლოდ ?2 საშუალო სკოლაში ისწავლება ქართული ენა ერთ საგნად და სწორედ ამიტომ ამ სკოლას „ქართულ სკოლას“ უწოდებენ. აქ ბავშვებს საქართველოს ისტორიის ნაცვლად რუსეთისა და აფხაზეთის ისტორიას ასწავლიან. ბედის ირონიაა, ჩვენს სამშობლოში ჯაყოს მსგავსად ჩამოსულები თავიანთ რუსულს რომ გვაჩეჩებენ! აქ სკოლებს აფხაზეთის განათლების სამინისტრო რუსეთში დაბეჭდილი წიგნებით ამარაგებს.

რაც შეეხება გალის რაიონის სოფლების სკოლებს, მათ უმრავლესობაშიც სწავლა რუსულად მიმდინარეობს. იქაც ქართული ენა, უცხო ენის მსგავსად, ერთ საგნად ისწავლება. არის რამდენიმე სკოლა, სადაც მალულად, საკუთარი ენთუზიაზმით, პედაგოგები საქართველოს ისტორიასაც ასწავლიან და მას კვირაში მხოლოდ ერთი საათი ეთმობა.

ქალაქში ასევე ფუნქციონირებს საავადმყოფო, სადაც მხოლოდ პირველადი დახმარება შეიძლება აღმოუჩინონ პაციენტს. საავადმყოფო პროფესიონალი მედპერსონალის ნაკლებობასაც განიცდის და არც თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით არის უზრუნველყოფილი. ამიტომ, როცა მძიმე პაციენტი მოჰყავთ, ის მაშინვე ზუგდიდის ან აგუძერას საავადმყოფოში გადაჰყავთ. თუმცა, როგორც მითხრეს, თურმე ყოფილა შემთხვევაც, როცა საზღვარზე სასწრაფოს მანქანა არ გაუტარებიათ და შემდეგ ავადმყოფი სასწრაფოდ სოხუმში ან ტყვარჩელის საავადმყოფოში გადაუყვანიათ.

ველოდი ბიძია გულისტკივილით მიყვებოდა, თუ როგორ „დემოკრატიულად“ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ აუცილებლად უნდა მიეღოთ მონაწილეობა, თუ არადა მოაკითხავდნენ და მაინც წაიყვანდნენ არჩევნებზე. ველოდი ბიძიას იმის გახსენებაზე მწარედ ეღიმებოდა, თუ როგორ წინასწარ უთითებდნენ ამომრჩეველს, რომელი კანდიდატი შემოეხაზა და რომელი - არა. მაგალითად, დაფარავდნენ ბაღაფშის ნომერს ცერით და ღიად დარჩენილ ნომრებზე მიუთითებდნენ - ყველანი გადახაზეთო... ასე სიმწრით შეკოწიწებული ხმებით გავიდა ბაღაფში, მაგრამ ნათქვამია: „რაც არ გერგება, არ შეგერგება!“

უფრო უკეთ რომ გაიგო, რა ყოფილა თურმე აფხაზებისთვის დემოკრატია და, საერთოდ, როგორ ესმით მათ ეს ტერმინი, ამისათვის საჭიროა, ერთხელ მაინც აღმოჩნდე აქ და საკუთარი თვალით იხილო ის უსამართლობა და უთანასწორობა, რაც დღეს აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მიმართაა მარტო იმ მიზეზით, რომ ისინი ქართველები არიან!

როგორც მიამბეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2010 წლის 1 მარტიდან აფხაზეთის ყველა საზღვარზე რუსი მესაზღვრეები განლაგდებოდნენ. გალში უკვე ჩამოყვანილია რუსის ჯარის ნაწილი, თუმცა ამ დრომდე ენგურის საზღვარზე აფხაზი მესაზღვრეები ინარჩუნებენ პოზიციებს.

ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზს რუსი, ამას იქ მცხოვრები რიგითი ქართველისთვის არც თუ დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაკრებთა გადანაცვლებით ხომ ჯამი არ იცვლება. ორივე შემთხვევაში მათი უფლებები მაინც ირღვევა. ფაქტია, რომ აქაური ქართველობა, ისე ვერ ახერხებს ცხოვრებას, როგორც თავად სურს. საკუთარ მიწა-წყალზე მათი ყოველი მოქმედება შეზღუდულია.

...ჩემს მასპინძლებზე ვერაფერს მოგიყვებით - გასაგები მიზეზის გამო...

 

ლუიზა ბედია

გალი - ქუთაისი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია