დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ლინეიკა“ სკოლაში
2010/11/01 15:04:22

ამ რამდენიმე დღის წინ კვირის პალიტრაში მანდატურებზე დაწერილი ერთი პატარა სტატია წავიკითხე, სამინისტროს ეს პროექტი იყო გაკრიტიკებული. გავცეცხლდი: ყველაფრის ოპოზიციონერობა და გაპროტესტება როგორ შეიძლება?! რა უნდათ ამ ხალხთან, იარონ თავისთვის, რაციით ითამაშონ და ეფლირტაონ ერთმანეთს-მეთქი. მოკლედ, ვაქე და ვადიდე ეს ჩვენი უფრთო ანგელოზები, მუდამ მშვიდობის სადარაჯოზე  რომ დგანან... და რა მარტო მშვიდობის, კაბინეტის კართან ყურის დაგდებაც კარგად ეხერხებათ, სხვათა შორის! ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი კი ვერ გავითვალისწინე: ვიდრე ვინმეს ჰაერში აიტაცებ, კარგად ნახე, რა ხვითოცა ბრძანდება, იქედან უცებ ჩამოგდება არ მოგიწიოსო.

არა უშავს, ბავშვურ მიმნდობლობასა და დაუფიქრებლობას მივაწეროთ. ღმერთია მოწამე, კეთილად ვიყავი განწყობილი მანდატურების მიმართ, ვიდრე სკოლაში დაგვიანებით მისული სამართლიანად არ ჩამწერეს დაგვიანებულთა დავთარში, სადაც ჩემს გარდა კიდევ 32 „დამნაშავე“ მოსწავლის გვარი იყო ჩაკიწკიწებული. ოცდამეცამეტის მიმატებისას პროფესიული კმაყოფილების გრძნობა დაეუფლა ამხანაგ (გვარს არ დავასახელებ) ბ-ს. დღეს გეგმას გადავაჭარბეთო -  ჩაილაპარაკა და მომიახლოვდა. მეორედ მკითხა სახელი, გვარი და რაღაც ისევ ჩაინიშნა. თურმე, ნუ იტყვი და, ჩემს მაისურზე გამოსახული ტუჩები არ მოსწონებია. დავინტერესდი: ამჯერად რა დავაშავე-მეთქი და მოკლე განმარტება ვითხოვე. იქნებ და რამეს ისეთს მაწერენ, რო არც ვარ, და არც მინახავს არასდროს?!

ამხანაგმა ბ-მ მითხრა, ქცევის კოდექსი წაიკითხეო, ჩემს უკითხაობას წითელი ხაზი გაუსვა და მედიდურად გადმომხედა. გადმომხედა, მაგრამ რა გადმომხედა, სული შემიძრა და გული გამიპო მისმა ლამაზმა, ცისფერმა ორმა თვალმა. როგორ გინდა, თავი შეიკავო და ამ სათნოების განსახიერება ადამიანებს არ გამოელაპარაკო, შენებურად არ მოეფერო და არ მოესიყვარულო (გულში რაღაც სითბოსავით იღვრება, თბილ-თბილ რეკლამას რომ ვუყურებ მათზე).

მეგობრული საუბრის აწყობა ვცადე მანდატურთან. ჩემი სატკივარი ვუთხარი, რა თქმა უნდა ფორმისა და უფროსის პატივისცემის ყველა ნორმის დაცვით, თუმცა მაინც ისე, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს და არა - მანდატურს. ზოგადად საქართველოს სასკოლო განათლების დაბალ დონეზე ჩამოვუგდე ლაპარაკი, რასაც, სხვათაშორის, თვით საქართველოს პრეზიდენტიც კი აღიარებს, თითქმის ყველა საჯარო გამოსვლის დროს. მოსაუბრეც ამყვა და დამეთანხმა. აქ ისევ მის წისქვილს მივასხი წყალი და განათლების სამინისტროს ახალი პროექტები მოვიწონე. ისევ ღიმილი მაჩუქა ჩემმა მეგობარმა მანდატურმა და შეეცადა, ჩვენი საუბრის გლობალური მასშტაბი კონკრეტულ პიროვნებებამდე და მასწავლებლებამდე დაეყვანა. თუმცა ეს რომ ვერ მოახერხა, ქალაქის პირველი სკოლის გარეუბნის სკოლებთან შედარებას მოჰყვა: აქაოდა, სხვაგან უფრო მაღალი ხარისხია სწავლისაო. თუმცა აქაც ნაცრის ჭამა მოუწია დეიდა ბ-ს: ნურას უკაცრავად-მეთქი. ჩემი სკოლა ჩემი ტაძარია. ის, გარდა განათლებისა, კიდევ ბევრ რამეს მაძლევს! - ვუთხარი სიამაყით. გაგიკვირდებათ და, ამაშიც დამეთანხმა, თუმცა ერთობ გასაკვირი რამ კი მითხრა ზრდილობისა და წესრიგის დამცველმა: „აქ ზრდილობასა და საზოგადოებაში მოქცევას კი სწავლობთ, მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანიაო...“  ელაპარაკე! კაციცაა და ბუნებაც.

ამ  საუბარში, სად იყო და სად არა, ავანსცენაზე სხვა მანდატური გამოჩნდა (ბლომად კი არიან ჩვენს სკოლაში). ამხანაგი ვ. საუბარში დაუკითხავად ჩაგვერთო და გამოწვევა თუ არა, გაღიზიანება მაინც სცადა ჩემი უკიდურესად მშვიდი და უგრძნობი ნერვების. თუმცა, რომ არაფერი გამოუვიდა, თავადვე აეშალა რაღაც და გაწონასწორებული, დახვეწილი ტონი რატომღაც ჩხუბად და ცინიზმად მოეჩვენა. ეს არაფერი, მე და ამხანაგმა ბ-მ მშვიდად დავასრულეთ საუბარი და სახეზე ღიმილითა და კეთილი სურვილებით დავშორდით ერთმანეთს (ყოველ შემთხვევაში - მე მაინც). ის აზრი მახარებდა და მახალისებდა, რომ მათში ძალიან არ შევმცდარვარ და მათთანაც შეიძლება საერთო ენის გამონახვა ისევე, როგორც კაცთან და როგორც ადამიანთან.

თუმცაღა ჩემი სიხარული ზედმეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. ამ იდილიას მაშინ დაესვა წერტილი, როცა გააფთრებული სასწავლო ნაწილი გამოჩნდა ჰორიზონტზე. მომვარდა და „ჩემი“ ნათქვამი სიტყვების ახალი „თარგმანი“ მომახსენა. ოსტატის ნებაა, კოკას საითაც უნდა, იქეთ გაუკეთებს ყურს. რადგან მასწავლებლებზე ვერაფერი მათქმევინეს მანდატურებმა,15 წუთიან ლაპარაკსა და ენის დაღლას ტყუილად ხომ არ ჩაყრიდნენ წყალში?! მე მეძგერნენ, ადგნენ, ჩემი სიტყვები ატრიალეს და იმდენი ამრგვალეს, რომ მიმტკიცებდნენ, უხეშად გველაპარაკე, ქვეყნის მოღალატე ხარ, თავი დადე უნდა მოგკვეთოთო. ამიფრიალეს წინ ოქმებისა და საჩივრების ფურცლები; გამიმეორეს ჩემი ნათქვამი სიტყვები: დამაფინანსეთ, ბატონო, და ვისწავლი უკეთეს ადგილასა და ქვეყანაში-მეთქი. თუმცა ისეთი ტონი და სიტყვები დაურთეს თან, ლამის მეც ვთქვი: რა უზრდელი ყოფილა ეს გოგო, როგორ გაბედა ასეთი ტონით ლაპარაკი-მეთქი. თუმცა, შენი ჭირიმე, უზრდელიც გვინახავს და უზრდელიც, აი გაუზრდელს კი არაფერი ეშველება...

გავბრაზდი, მივედი ჩემს მეგობარ მანდატურთან და ვეკითხები: მე ასე გითხარი-მეთქი?! იმან ისევ ცისფერი თვალები შემომანათა და ჟრუანტელმა დამიარა ტანში, მანდატურების რეკლამა გამახსენდა ისევ, იმდენად დიდი სითბო მოდიოდა მისი თვალებიდან. უცებ მოვლბი - რა არის! - ვეუბნები - როგორც ადამიანს, ისე დაგელაპარაკე. ასე როგორ შეიძლება-მეთქი?! - აი, აქ კი... შარო, საიდან მოდიხარო... მიპასუხა: „რას ნიშნავს „როგორც ადამიანს“, ჩვენ ადამიანები არა ვართო?!“  გავშრი, აშკარად პროვოკაციაზე მოდიოდა. მე შენსკენ და შენ ოქმებისაკენ-მეთქი - გავიფიქრე. ავუხსენი სასწავლო ნაწილს, რაც იყო და როგორც იყო, ენაზე ტყავი გადავიძრე, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი ამ აბსურდის გამო. მისი ნათქვამიდან კი ერთი აზრი გამოვიტანე: მანდატურებთან საუბარიც კი აკრძალულია და დარღვევაში ითვლება. საკუთარი აზრის გამოხატვის მცდელობაც კი უკვე დანაშაულია.

ორი საუკუნის წინ აკაკის „ლინეიკით“ სცემდნენ  ჩვენს სკოლაში. ჩვენ კი XXI საუკუნეში მანდატურები მოგვისიეს. მთავარი ღირსება, რაც გაგვაჩნდა, თავისუფლება იყო, ახლა კი აღარც კი ვიცი, ვინ უკეთეს დროში ცხოვრობდა და როდის უფრო იყო დემოკრატია: მაშინ, როდესაც ფიზიკურად ისჯებოდნენ მოზარდები თავისუფალი აზრისა და საქციელის გამო, თუ ახლა, როცა მორალურ შეურაცხყოფას, დამცირებასა და მუდმივ შიშს განიცდიან უკვე ყაზარმული სტილის საჯარო სკოლაში; როცა პირველ კლასელს ასე აშინებენ: „მანდატური მოდისო“; მასწავლებლებს შიშის ზარი უვლით მათ დანახვაზე; როცა ჩაშვებისა და ენის მიტანის ინსტიტუტი შინაგან სილაღეს უკარგავს, თავისუფალი აზრისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის შიშს უჩენს ბავშვებს. 6 წლის ასაკიდან დადუმებული და დაშინებული ბავშვი 18 წლისა რომ გახდება და სკოლას დაამთავრებს, მერე ვეღარ აიდგამს ენას და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვეღარ გახდება. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ასეც სჯობდეს: ვის სჭირდება დამოუკიდებელი აზრი და აზროვნება?! ისედაც ბევრი პრობლემაა სახელმწიფოში და ახალი თავსატეხებისთვის არავის სცხელა.

და ბოლოს, ძალიან რომ არ გავპოლიტიზირდეთ, ქალბატონმა ბ-მ დასვა კითხვა, რომელიც მე უპასუხოდ დავტოვე: „ჩვენ რა, ადამიანები არა ვართ?“ ჰოდა, ახლა მე გეკითხებით: კაცია ახლა ეს, ადამიანი, თუ მანდატური?

მარიამ ნავაძე,

მე-12 კლასის მოსწავლე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია