დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იზა ვეფხვაძის ბედს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს
2010/10/18 13:10:16

უზენაესმა სასამართლომ ხარაგაულის გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის წინააღმდეგ შეტანილი საკასაციო საჩივრის განხილვა დაიწყო და გამგებელს გარკვეული წინადადება შესთავაზა - სამსახურში აღადგინოს (ან გამგეობაში სხვა სამსახური შესთავაზოს) ამავე რაიონის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოფილი უფროსი იზა ვეფხვაძე. თორნიკე ავალიშვილს სასამართლომ ორკვირიანი ვადა მისცა - პროცესი 20 ოქტომბერს, 12 საათსა და 30 წუთზე განახლდება და ამავე დღეს გახდება ცნობილი, გამგებელი მორიგებაზე მიდის თუ არა.

თუ ხარაგაულის გამგებელი უზენაესი სასამართლოს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე უარს იტყვის, ბუნებრივია, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს.

იზა ვეფხვაძე გამგებლმა სამსახურიდან გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლა. ეს ფაქტი რაიონულმა და რეგიონულმა პრესამ ვრცლად გააშუქა. ამის შესახებ ცენტრალური მედიასაშუალებებიდან პრესა.გე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ვრცელი პუბლიკაცია მოამზადა და 2009 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა სათაურით -„როგორ იქცა ხარაგაულის პრობლემა გურამ დოჩანაშვილისა და ჟანრი ლოლაშვილის პრობლემად“. მეორე სტატია სათაურით „ხარაგაულის გამგებლის საქმე უზენაეს სასამართლოშია“, მიმდინარე წლის 15 მაისს გამოქვეყნდა.

საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, ვაშინგტონში, რამდენიმე დღის წინ, პრემიერი გილაურის და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის შეხვედრა გაიმართა. სამხედრო ანალიტიკოსი RF[F RFWBNF”T პრესა.გე-სთან საუბარში ამბობს, რომ ქართულმა მედიამ, განსაკუთრებით - ელექტრონულმა, ამ შეხვედრას სერიოზული ყურადღება დაუთმო და სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებულ რამდენიმე გზავნილზეც ისაუბრა, თუმცა ამ შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი  შემთხვევით თუ სპეციალურად, მაგრამ გამორჩა.

ხარაგაულის რაიონის გამგებლის ერთმა ბრძანებამ, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ, აღაშფოთა საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები და არა მარტო ისინი - იზა ვეფხვაძის გათავისუფლების ფაქტმა კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ცხადაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გია არსენიშვილიც შეაწუხა; მათ გამგებელს ერთგვარი წერილობითი შუამდგომლობით მიმართეს - უდავოდ მხარდაჭერას იმსახურებს და გთხოვთ, მისი აღდგენის საკითხი შესაძლებლობის ფარგლებში განიხილოთო, მაგრამ ამან არაფერი შეცვალა; გამგებელს პოზიცია არ შეუცვლია.

სანამ ხარაგაულის გამგებელს ცხადაძე და არსენიშვილი მიმართავდნენ, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა რურუას გურამ დოჩანაშვილმა, ბიძინა კვერნაძემ, მარიკა კვალიაშვილმა, რამაზ ჩხიკვაძემ, გურამ საღარაძემ,  გიორგი ხარაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, ფრიდონ სულაბერიძემ, რეზო ჭეიშვილმა, გიგა ლორთქიფანიძემ, ჟანრი ლოლაშვილმა, ჯუმბერ ლომინაძემ, ჯემალ ღაღანიძემ და სხვებმა... ასეთი შინაარსის წერილობითი თხოვნა გაუგზავნეს:

„ხარაგაულის რაიონში კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა პროფესიონალი, ღრმად ერუდირებული, ქვეყნის ერთგული და საქმისთვის თავდადებული ქალბატონი, იზა ვეფხვაძე“. მის საქმიანობას კარგად იცნობენ არა  მარტო   რეგიონის,  არამედ  ქვეყნის  მასშტაბით.  ჩვენ თვითმხილველნი ვართ მისი უსაზღვრო ნიჭიერების და საქმისადმი თავდადების. სამწუხაროდ, შევიტყვეთ მისი სამსახურიდან მოულოდნელად გათავისუფლების შესახებ, რამაც, ჩვენი ინფორმაციით, ვნებათაღელვა გამოიწვია. გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას ამ მეტად სავალალო და გაუგებარი ფაქტის გამო და ვფიქრობთ, ისეთი ადამიანების ყოფნა რეგიონებში, როგორიც ქალბატონი იზა ვეფხვაძეა, ქვეყნის მომავლისა და სიძლიერისთვის ძალზე აუცილებელია. გთხოვთ, დაინტერესდეთ.“

იზა ვეფხვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი ხარაგაულში მოქმედმა ანსამბლებმა: „უბისამ“ და „ოდილამ“ ასე გააპროტესტეს - მეცადინეობა და საკონცერტო გამოსვლები შეწყვიტეს. ხარაგაულიდან ქუთაისში, პრეზიდენტის რწმუნებულთან შესახვედრად, რაიონში ცნობილი და პატივსაცემი ადამიანებიც ჩავიდნენ. პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძისა და კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას სახელზე ხარაგაულის რაიონიდან ვეფხვაძის მხარდამჭერი წერილი გაიგზავნა, რომელსაც ხელს 200 ადამიანი აწერდა.

გასული წლის 1 დეკემბერს, მასალის მომზადებისას, გამგებელს პრესა.გე-ც დაუკავშირდა. დავინტერესდით, რამდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა გამგებელზე და განიხილავდა თუ არა იგი ვეფხვაძის აღდგენის საკითხს, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: „ბრძანებაა დაწერილი გათავისუფლებაზე და ხელმეორედ როგორ უნდა განვიხილო!“ ბრძანებას ხომ არ გავაუქმებ!“ თორნიკე ავალიშვილმა განგვიმარტა, რომ კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი მასზე დაქვემდებარებული პირების საქმიანობას ვერ აკონტროლებდა, რის გამოც ჯერ წერილობითი გაფრთხილება მიიღო, რასაც მოჰყვა ბრძანება გათავისუფლების შესახებ.

პრესა.გე-სთან შეხვედრისას იზა ვეფხვაძემ გამგებლის ბრალდებებს  „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი სულ სხვა იყო. ვეფხვაძის განმარტებით, გათავისუფლებამდე გამგებელი თვეების განმავლობაში დევნიდა, რადგან ხელი შეუშალა ხარაგაულის კინოთეატრის გასხვისებას, რომლის ყიდვის სურვილი გამგებლის ნათესავს ჰქონდა:

„ესაა 450-კაციანი დარბაზი, საკმაოდ ნორმალური კინო-თეატრის შენობა, რომელსაც, ბოლო 20 წელია, ხარაგაული იყენებს ყველა კულტურული ღონისძიებისთვის. ხარაგაულში ხალხი შეჭირვებულად ცხოვრობს. ეს რაიონი ცნობილი და გამორჩეულია თავის კულტურითა და ამ რაიონში აღზრდილი და საქვეყნოდ ცნობილი ინტელიგენციით. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ამ შენობის გარეშე რაიონის დარჩენა ნიშნავს ხარაგაულისთვის ისტორიული ფუნქციის დაკარგვას.“

იზა ვეფხვაძემ შეხვედრისას ისიც გვითხრა, რომ გამგებელმა თავდაცვის მიზნით, თავდასხმის სტრატეგია აირჩია და ახლა ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს ეუბნება, ეს ვეფხვაძეს უნდოდა კინო-თეატრის ყიდვა და მე შევუშალე ხელიო. ჩვენთან საუბრისას გამგებელმა სწორედ ეს ბრალდება წამოაყენა: „თვითონ, პიროვნულად ყიდულობდა კინოს სახლს და ზუსტად მე შევუშალე ხელი ყველაფერში.“

ახლა თორნიკე ავალიშვილი არჩევანის წინაშეა - ან თავის ნამოქმედარს ხაზი უნდა გადაუსვას და იზა ვეფხვაძე სამსახურში დააბრუნოს, რითაც ფაქტობრივად აღიარებს, რომ ერთი წლის წინ, მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება იყო შეცდომა, ან თუ უზენაესი სასამართლოს წინადადებაზე უარს იტყვის, უნდა დაელოდოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც, ალბათ, ყველა ის ადამიანიც მოუთმენლად დაელოდება, ვისაც ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლას აზრი არა აქვს.

 

ნინო მიქიაშვილი

 

გაზეთ „P.S.“-ის რედაქციისაგან:

 

ჩვენი გაზეთის ფურცლებზე რამდენიმეჯერ გამოქვეყნდა მასალა ხარაგაულის რაიონის გამგებლის მიერ რაიონის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, იზა ვეფხვაძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, გავაშუქეთ სასამართლო პროცესებიც.

მომავალშიც დავუბრუნდებით თემას და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გავაშუქებთ. იზა ვეფხვაძის საზოგადოებრივი დამსახურების ჯეროვნად შეფასებასთან ერთად, ბუნებრივია, ისიც გვაინტერესებს: რამდენად დემოკრატიული და სამართლიანია ჩვენი სასამართლო სისტემა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1797
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია