დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპეცოპერაციები იმერეთში
2010/07/19 14:11:55

მას შემდეგ, რაც იმერეთსა და ქუთაისში კუდ-ის და სოდ-ის პირველი პირები თანამდებობიდან გაათავისუფლეს, სამხარეო სამმართველომ ერთმანეთის მოყოლებით რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა. დაგეგმილი ოპერაციები წარმატებული აღმოჩნდა... 

პირველი მსხვერპლი სამტრედიელი ეგრეთ წოდებული „მაზავშიკები“ აღმოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს  თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად სამტრედიაში შვიდი პირი დააკავეს. ზაზა მიქელთაძე, გელა შანიძე, სოსო ზაქარეიშვილი, გიორგი ნიკოლეიშვილი, დავით კიკვაძე, ვასილ კრავეიშვილი და ოთარ საღარეიშვილი, სამინისტროს ინფორმაციით, უკანონო გარიგებებში არიან ეჭვმიტანილი. აქვე გეტყვით, რომ „ხელზე მაზები“ საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია და ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების დროს ხდება. აქედან გამომდინარე, ანალოგიური სპეცოპერაციის ჩატარება ყოველდღიურად შეიძლება. ბევრ მოთამაშეს ტოტალიზატორში დასადები ფულიც არ აქვს და ამიტომ ასეთი გამოსავალი იპოვეს - „პოსლეზე“ თამაში. ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკება ორ პიროვნებას შორის ხდება: ეგრეთ წოდებულ  „მაზავშიკთან“  მოქალაქე  სიტყვიერ გარიგებას დებს და სასურველ გუნდზე ფსონს  ჩადის.  მოგების  შემთხვევაში „მაზავშიკი“  ვალდებულია,  მას  თანხა გადაუხადოს, ხოლო წაგების შემთხვევაში მოთამაშემ დადებული პირობა უნდა შეასრულოს და წაგებული თანხა გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში „ნდობა“ განმსაზღვრელი ფაქტორია. რადგან თუ „მაზავშიკი“ ვერ გენდობა, არ გათამაშებს. ხშირია შემთხვევები, როცა ასეთ გარიგებებში შუამავლებიც ერევიან. გადაუხდელობისას, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა შუამავალს ეკისრება.

სამტრედიაში დაკავებული პირები მოქალაქეებისათვის ცნობილი იყვნენ, როგორც ე.წ „მაზავშიკები“. 2010 წლის  საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის  სხვადასხვა თამაშზე ისინი უკანონო ფულად გარიგებებს ეწეოდნენ მოქალაქეებთან, რის გამოც მოსახლეობის გარკვეული წრეები აქტიურად იყვნენ ჩართული უკანონო გარიგებებში. ეს მათ მატერიალურ მხარეზე პირდაპირ აისახებოდა.

სამინისტროს ვებ-გვერდზე წერია: „გამომდინარე აქედან, საგრძნობლად იმატა ისეთმა დანაშაულებებმა, როგორიც არის: ქურდობა, ქუჩური გარჩევები, სხეულის განზრახ და მძიმე დაზიანებები, ასევე გახშირებულია სუიციდის ფაქტები.“ ეჭვმიტანილების საცხოვრებელი ბინების, საკუთარი ავტომანქანების და პირადი ჩხრეკის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა, წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერები - ე.წ „მაზები“. თანხის რაოდენობამ მთლიანობაში 7193 აშშ დოლარი და 9708 ლარი შეადგინა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ აყვანილ, სამტრედიაში მცხოვრებ შვიდ პირს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ფაქტს არც დაკავებულები უარყოფენ. უკანონო ფულადი გარიგებისთვის კი მათ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამ ოპერაციის „წარმატებით“ განხ-ორციელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და „ოურის“ ოთხი თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კონკრეტული და ოფიციალური დეტალები ამ ფაქტთან დაკავშირებით არ ხმაურდება, თუმცა, სავარაუდოდ, თანამდებობიდან გათავისუფლებულებს სასამართლოს წინაშე მოუწევთ თავის მართლება. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა „მაზავშიკების“ დაკავებას პოლიციის თანამშრომლების თანამდებობებიდან გათავისუფლება, ან, თუ უკავშირდება, რა სახისაა ეს კავშირი.

 

***

მეორე სპეცოპერაცია კი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარმა სამმართველოს თანამშრომლებმა ხონის რაიონში 6 ივლისს ჩაატარეს. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ქურდული სამყაროს წევრები: შოთა ჭავჭანიძე, თეიმურაზ გორდაძე, კახა კენჭოშვილი, კობა ქურასბედიანი, კობა კაკაურიძე, მურმან წივწივაძე, ზურაბ წივწივაძე, დიმიტრი ბუღაშვილი და გიორგი ჩანქსელიანი.

ოფიციალური ინფორმაციით აღნიშნული პირები, ერთ-ერთ ბიზნესმენს, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, სთხოვდნენ  წილებს და ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით. ისინი უკავშირდებოდნენ რუსეთში მცხოვრებ  კანონიერ ქურდს ნოე წულაიას და ამჟამად ქსნის კოლონიაში მსჯავრდებულ რევაზ ჩაკვეტაძეს, მეტსახელად „კოჭოიას“ და მათგან იღებდნენ მითითებებს.

დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, საბრძოლო მასალა, გადაჭრილი თოფი, ე.წ „აბრეზი“. სასამართლო პროცესზე, რომელიც 8 ივლისს ხონის რაიონულ სასამართლოში გაიმართა, არც ერთ ზემოთ დასახელებულ პირთან ცეცხლსასროლი იარაღი - ავტომატი არ ფიგურირებდა. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „გასაიდუმლოებული“ ბიზნესმენის, თემურ ბერძენიშვილის საცხოვრებელი სახლიდან იქნა ამოღებული. იგი ხონის პოლიციის სამმართველოში დაკითხეს და გაუშვეს. იარაღი კი უვარგისად მიიჩნიეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე, 239-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც ქურდული ტრადიციების მიმდევრობას, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. დაკავებულებს ხონის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

***

ოდნავ მოგვიანებით კი მორიგი სპეცოპერაცია წყალტუბოს რაიონშიც ჩატარდა. ავტორი კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იყო. ამავე სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ქურდული სამყაროს წევრები: ნუგზარ ბუჩუაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, ავთანდილ უგლავა, მერაბ მიქაბერიძე, ალეკო დოლაბერიძე, კობა ჭოლაძე, ელგუჯა ფანცხავა, ემზარ ზურაბიანი, გოჩა ლიპარიძეთეიმურაზ გურეშიძე, გოჩა კოპალიანი და ლევან ავალიანი.

სამინისტროს ინფორმაციით: „აღ-ნიშნული პირები აქტიურ კონტაქტში იმყოფებოდნენ ამჟამად საბერძნეთში მყოფ კანონიერ ქურდთან, კოსტა ბობოხიძესთან, მეტსახელად „ძაკუნიასთან“ და ბელგიაში მყოფ კანონიერ ქურდთან, ჯეირან კინწურაშვილთან. სატელეფონო ზარების საშუალებით, ისინი უკავშირდებოდნენ ეჭვმიტანილებს და ითხოვდნენ ე.წ „მაზავშიკების“ მიერ უკანონოდ მოგებული თანხების წილებს. ასევე, ერთ-ერთი ადგილობრივი  ბიზნესმენისაგან  ითხოვდნენ წილის  მათზე გადაცემას და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.“ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით. მათ ბრალეულობას კი მათივე სატელეფონო ჩანაწერები ამყარებს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია