დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისური მოზაიკა
2010/06/08 14:00:35

ქუთაისზე უნდა ვწეროთ, გავიხსენოთ კარგი და დავინახოთ პრობლემები. მწერალ აკა მორჩილაძის თქმისა არ იყოს, „მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.  

ეს არის ბოლო ოცი წლის ფერადები.

იყო კი ფერადები ბოლო ოც წელიწადს?“

ბოლო ოც წელიწადს ფერადებიც იყო, თუმცა ლეგენდარულ და დრამატულ ქუთაისთან შერწყმული. „ქუთაისი სურათებია, სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე?“

სიცოცხლე იყო და უნდა გაგრძელდეს. იყო ინდუსტრიის მშენებლობა, იყო დიდი ქუთაისური ლიტერატურა, იყო კოლორიტული სახეები და სახელები. იყო და არის ტკივილიც. ამ ტკივილზეც უნდა ვწეროთ, რათა გამგონმა გაიგონოს, საქმე დაიძრას და ტკივილი აღარ დარჩეს.

ისევ აკა მორჩილაძეს დავესესხები:

„ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის იმ ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს.
მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც, ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სანამდე მიხვიდე...

მე კიდევ რა უნდა ვთქვა ქუთაისზე.

ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ, ეს არის ამ ქალაქის დრამა.“

საგაზეთო რუბრიკა ქუთაისური მოზაიკა“ ამიერიდან თქვენი ხშირი სტუმარი იქნება.

 

სტუმარი ქალბატონი დამშეული მამაკაცების ალყაში

 

უმუშევრობამ ჩვენში ისე მოიკიდა ფეხი, რომ ლამის ასე ფეხმომტვრეულებმა ვიმოგზაუროთ წლიდან წლამდე  ქალაქიდან  ქალაქში,  ერთი  ქვეყნიდან  მეორეში,  ვიმოგზაუროთ  ილაჯგაწყვეტილებმა, ნირწამხდარებმა, წელგაწყვეტილებმა, თავგზააბნეულებმა, ქალობა და კაცობა დაკარგულებმა.

სამი კვირის წინ უცხოეთიდან სტუმრად ჩამოსულ ქალბატონს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან, უმუშევრების ბირჟაზე გავყევი. პიანინოს გადამტანი ხელოსნები სჭირდებოდა. ჩვენი დანახვისთანავე ოცდაათამდე მამაკაცმა ისე წამიერად შემოგვარტყა წრე, დავიბენით. „ვაიმე, მიშველეთ!“ - იყვირა ჩემმა სტუმარმა და გასაქცევად მოემზადა. ძლივს შევაჩერე. „წამოდი, გავიქცეთ, მგონი, ჩვენს მოკვლას აპირებენ!“ - შფოთავდა ქალბატონი. როგორც იქნა, დავამშვიდე, ავუხსენი, რომ არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა და ეს მამაკაცები მხოლოდ ლუკმა-პურის საშოვნელად გამოსული, სამუშაოს მაძიებლები იყვნენ. „მე წამიყვანე, მე! გთხოვთ, ყველაფერს კარგად გავაკეთებ!“ - გვევედრებოდნენ ისინი. ყველა ერთად ლაპარაკობდა.

დაბნეული ვიდექით ამ გნიასში და არ ვიცოდით, რა გვექნა, ისინი კი მუდარით სავსე თვალებით შემოგვცქეროდნენ. ვინ იცის, რამდენი დამშეული ადამიანი იდგა ამ კაცების უკან! არადა, მხოლოდ ოთხი მუშა გვჭირდებოდა. შემაძრწუნა მათ შორის სულ ახალგაზრდა ყმაწვილების ყოფნამ: სული ძლივს ედგათ, მაგრამ მზად იყვნენ, ორიოდე თეთრის გულისთვის უმძიმესი სამუშაო შეესრულებინათ. ბოლოს მათ შორის ყველაზე მარიფათიანებმა იმარჯვეს და გამოგვყვნენ.

უკან მოხედვა აღარ მინდოდა. ძნელია უცრემლოდ ატირებულ ამ მამაკაცთა თვალების დავიწყება.

... პარალელურად კი ქუთაისში „შავი კაცების“ მომრავლებაზე ბევრს საუბრობენ. სად არ შეხვდებით მათ. ისინი ინდოელები არიან, რომლებიც მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე მუშაობენ...

 

ბებიაჩემი ხარ, რომ მომეწეპე?

 

დილით შინიდან გამოსული ცდილობ, მიუხედავად პრობლემებისა, ამაღლებული განწყობა შეიქმნა და ღიმილი ისაგზლო. კარგია, თუ დაგცალდა! „სხვისი ჭირი ღობის ჩხირი“ რომ არ არის, მგონი, თქვენც გამოგიცდიათ.

ნახევრად ცარიელი, ?20 სამარშრუტო ტაქსის გაღიზიანებული მძღოლი ძლივს ამოსულ და შემდეგ მანქანიდან ძლივს ჩასულ ხანშიშესულ ქალბატონს ასე „ამკობს“: „რას მეკიდები, რომ მეკიდები? ვერ ახვალ ავტობუსში? იქ ბევრი ხალხი ეტევა, რას ეკვეხები ამ ოცკაციან მარშრუტში! გავაჩერე - ძლივს ამობობღდი, ჩადიხარ - ამდენს მაცდევინებ. რომ  მეწეპები აქ, ბებია ხარ ჩემი, დეიდა, თუ ვინ? თან უფასოდ მგზავრობ. არ დაგინახო მეორედ ამოსული აქ. მოუნდა კომფორტული მგზავრობა!“

ტუჩებმოკუმული, გაფითრებული და შეურაცხყოფილი მოხუცი უხმოდ ჩავიდა მარშრუტიდან. მძღოლი კი კვლავ განაგრძობდა აგრესიულ ყეფას.

ამას ჰქვია დილიდანვე „განწყობის შექმნა“, რასაც ყოველ ნაბიჯზე მარშრუტის გაჩერებაც დაემატა!

სამწუხაროდ, ასე ხდება თითქმის ყოველდღე.

 

ღირსება ნაგავში

 

ქუთაისური რეალობის კიდევ ერთი შტრიხი: ყოველ დილას თუ საღამოს, ძალაუნებურად გაგექცევა თვალი ნაგვის ურნებისკენ, სადაც გამალებით იქექებიან სადად ჩაცმული ადამიანები. ამ ნაგვის მქექავებში უამრავი ნაცნობი სახეა. ერთ დროს ამაყი, განათლებული და საზოგადოებაში მიღებულ პიროვნებებს გაჭირვებამ ნაგვის ქექვის ფუნქცია დააკისრა და ამით შიმშილთან ბრძოლის „მეთოდი“ შეამუშავებინა.

 

”აღლების „აქცია“ აღმაშენებლის ”ეგლთან

 

ქუთაისში ოპოზიციურ პარტიებზე გაცილებით რადიკალები მაწანწალა ცხოველები არიან. ადრე, როგორც ყველგან, ჩვენს ქალაქშიც ისინი ადამიანის ოთხფეხა მეგობრად მიიჩნეოდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ თვალში თავად ჩვენ, ადამიანებმა დავკარგეთ ნდობა.

ორიოდე დღის წინ, დავით აღმაშენებლის მოედანზე, ქართველთა დიდი მეფის ძეგლთან, დღისით, მზისით, დაახლოებით ათამდე ძაღლი შეიკრიბა. იქ მყოფ ქუთაისელთაგან ერთ-ერთს მაინც რომ აღმოჩენოდა მინდიასეული ნიჭი, ამოიცნობდა, რას აპროტესტებდნენ „აქციას“ მონაწილენი. უთუოდ ადამიანებს გვადანაშაულებდნენ რაღაცაში. ჰოდა, რომ ვერაფერი გავუგეთ, ძაღლები პირდაპირ „საქმეზე“ გადავიდნენ. მათგან ყველაზე გაბედულმა და რეაქციონერმა ფიქრებში გართულ შუახნის მამაკაცს შეუყეფა, შემდეგ კი ათივე ერთდროულად დაეტაკა. გნიასმა გამვლელების ყურადღება მიიქცია. მიშველების ნაცვლად, ზოგიერთი თავქუდმოგლეჯით გაიქცა, რამდენიმემ კი ძაღლის მოგერიება   სცადა   შეძახილებით: „პაშიოლ,   პაშიოლო!“   მაგრამ - ამაოდ. შემდეგ მოიფიქრეს და საპატრულო პოლიციაში დარეკეს, საპატრულომ ცხელ ხაზზე გადაამისამართა, ცხელმა ხაზმა მაწანწალა ძაღლების შემგროვებელთა ტელეფონის ნომერი მისცა და... ვიდრე რწყილისა და ჭიანჭველის ნაცნობი ამბავივით წაგრძელებულ სატელეფონო ზარებს მორჩებოდნენ, მანამ ძაღლებმა იმ საცოდავ მამაკაცს შარვალი სულ ნაფლეთებად უქციეს, დაკბენაც მოასწრეს და ასე გაუბედურებული და შეშინებული კაცი თბილისის ქუჩას აუყვა!

მაწანწალა ძაღლებისგან ქალაქის გაწმენდისთვის ბიუჯეტში ყოველწლიურად  სოლიდური  თანხაა   გამო-ყოფილი.  სამსახურს  სპეციალური ავტომანქანაც შეუძინეს, მაგრამ, რატომღაც, მეხანძრეებს ბაძავენ: ერთ ადგილზე სხედან და გამოძახებას ელოდებიან.

სხვა თუ არაფერი, ადგილობრვი ხელისუფლების თავმოსაწონებლად, მათ ცხვირწინ მაინც აღკვეთონ ძაღლების თავყრილობები! ზემოთ მოყვანილი შემთხვევა, საბედნიეროდ, შედარებით „მსუბუქი მსხვერპლით“ დასრულდა, თორემ, ხომ შეიძლებოდა, იმ გამოცდილი მამაკაცის ადგილას ბავშვი აღმოჩენილიყო.

 

ისიამოვნეთ... ტალახში დაყრილი პროდუქტით!

ჭავჭავაძის პროსპექტზე, მშენებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიცხეში, ქარსა თუ წვიმაში ნამდვილად გაგიჭირდებათ გავლა. გარემოვაჭრეების სიმრავლე ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემია. ტალახსა და სიბინძურეში ჩაყრილი პროდუქტი მამასისხლად იყიდება. სტუმართმოყვარე ქალაქში ჩამოსულმა სტუმარმა ამ ტერიტორიაზე რომ გაიაროს, სირცხვილით თავი აღარ გამოგვეყოფა. არადა, რამდენს გაუვლია!..

ასეთივე მდგომარეობაა ქალაქის ცენტრში.

ეს საქმე რომ მოგვარებადია, არაერთხელ დარწმუნდი, როცა რამდენჯერმე ისე პირწმინდად იყო გასუფთავებული ეს ტერიტორია, სანთლით რომ გეძებნათ, ერთ გამყიდველსაც ვერსად იპოვიდით. „წინასაარჩევნოდ არ უნდათ ხალხის გაბრაზებაო“ და...

ხომ დამთავრდა არჩენები?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1762
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია