დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში შეაჩერა საამფეთქებლო სამუშაოები და დახურა ის კონკრეტული უბანი, სადაც აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/31 14:40:38

 

გუშინ, გვიან ღამით ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

 

კომპანია “საქნახშირის” წარმომადგენელმა ტელეკომპანია “ფორმულას” უთხრა, რომ ტყიბულის შახტში “ინციდენტი” მოხდა და დეტალების შრომის უსაფრთხოების სამსახური არკვევს.

 

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა უკვე დაიწყო. ინსპექტორთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა. მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს. პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.

 

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება

 

ცნობისათვის:

დამოუკიდებელ საქართველოში ქვანახშირის მოპოვება 2006 წელს განაახლეს. ოთხი შახტიდან ახლა ორი მუშაობს – მინდელის და ძიძიგურის. პროცესს კომპანია “საქნახშირი” კურირებს, რომელიც  შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელობაშია. ეს ორი შახტიც, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, მიზერული დატვირთვით მუშაობს.

 

წლიდან-წლამდე ტყიბული ხალხისგან იცლება – საბჭოთა დროს აქ 22 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი, 10 ათასზე ნაკლები (2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით).

 

ერთ-ერთი მასშტაბური გამოსვლა ტყიბულელ მეშახტეებს 2016 წელს ჰქონდათ. ათასზე მეტი გაფიცული მეშახტე ხელფასების 40 პროცენტით მომატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა. მეშახტეები ჰყვებოდნენ, რომ ყოველ დღე ათობით კილომეტრს გადიან მიწისქვეშ, 9 სართულიანი კორპუსის სიღრმეში ჩადიან და სანაცვლოდ, სპეცტანსაცმელი, საშხაპეები და კვების რაციონიც კი მოუწესრიგებელი აქვთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია