დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/10/31 22:16:07

პარტიის სახელით, მინდა შევაჯამო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.

 

შედეგების შეჯამებამდე, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის უფროსი, მადლობას გადავუხდი თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გუშინ გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

 

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენ ერთად მივიყვანეთ ბოლომდე გამარჯვება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, რაც არის ეკონომიკური წინსვლისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობა. შესაბამისად, გუშინ გაიმარჯვა არა მხოლოდ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატებს, არამედ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ.

 

ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ამგვარი პრეტენზიები ჩვენს მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსწონს. მომდევნო წლების განმავლობაში, გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს.

 

რაც შეეხება შედეგების შეჯამებას:

 

-         „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც ჩვენ გავაუმჯობესეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი;

 

-         ჩვენ პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით;

 

-         ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43-პროცენტიან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო;

 

-         გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ.

 

მთლიანობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში. ჩვენ, პრაქტიკულად, გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასული ერთი წლის მანძილზე გამოვიარეთ.

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ. ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით - დღეს „ქართული ოცნება“ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდი, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

 

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს წინ უძღოდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, ექვსთვიანი ხელოვნური კრიზისი, ორი დამნაშავის გათავისუფლება. ამ მოვლენებმა, ბუნებრივია, არჩევნების წინ, დამატებითი სირთულეები შეგვიქმნა. თუმცა, სათანადოდ გააზრებული ნაბიჯებით, ჩვენ ამ სირთულეების დაძლევაც წარმატებით შევძელით.

 

ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრისა და მხარდამჭერის დამსახურება. მადლობას ვუხდი პარტიის 40 ათასზე მეტ წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომლის გარეშეც ეს შედეგი ვერ დადგებოდა.

 

მადლობას ვუხდი ცენტრალური და ადგილობრივი საარჩევნო შტაბების თითოეულ წევრს, შტაბების ხელმძღვანელებს, ზონისა და უბნის უფროსებს, აგიტატორებს.

 

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

 

რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი ჩვენი საარჩევნო კამპანიის ლიდერს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

 

კიდევ ერთხელ მივულოცავ გამარჯვებას და მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს, რომელიც იყო არა მხოლოდ ჩვენი მთავარი საარჩევნო კანდიდატი, არამედ კამპანიის ლიდერი დედაქალაქში და საერთო გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი.

 

მადლობას ვუხდი პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის.

 

მადლობას გადავუხდი პარტიის აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს შტაბის წარმატებულ მენეჯმენტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

მადლობას ვუხდი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, შალვა პაპუაშვილს საზოგადოებასთან მწყობრი კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის.

 

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის რეგიონულ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საარჩევნო შტაბების გამართულ ფუნქციონირებასა და ზოგადად, ჩვენი პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებაში.

 

მადლობას ვუხდი პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სამთავრობო გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და გამარჯვებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.

 

ვულოცავ ყველა არჩეულ მერს და საკრებულოს წევრს მიღებულ მანდატს და ვუსურვებ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

 

მადლობა მინდა, ასევე, გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესებისა და პროცედურების მაღალ დონეზე წარმართვისთვის.

 

ასევე, მადლობას ვუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს არჩევნების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისთვის.

 

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, ეს გამარჯვება არის ჩვენი ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის გამარჯვება. გუშინ საბოლოოდ გაიმარჯვა ღირსებამ, თავისუფლებამ, მშვიდობამ და განვითარებამ ჩვენს ქვეყანაში.

 

მომდევნო წლების მანძილზე, ყველაფერს გავაკეთებთ გამოცხადებული ნდობის გასამართლებლად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია