დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს რეგიონებში პროფესიული ტესტირების პირველი ეტაპი მიმდინარეობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/09/07 23:12:21

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, სოფიო გორგოძესთან ერთად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ საგამოცდო ცენტრში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირებას გაეცნო, რომელიც 6 და 7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ჩატარდება.

 

თამარ ქიტიაშვილმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ ტესტირების დაძლევის შემდეგ, სტუდენტები შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს თანამედროვე ინფრასტრუქტურულ გარემოში დაეუფლებიან, რაც მათ კარიერულ წარმატებაში დაეხმარება:

 

 

„რეფორმის ფარგლებში, წელს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა შერჩევა მეტად მოქნილია. გარდა იმისა, რომ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ტესტირებისთვის 4 დღე  განვსაზღვრეთ, პროგრამების უმეტესობისთვის გათვალისწინებული იყო შიდა შერჩევა. პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, კოლეჯებმა თავად გაუწიეს ორგანიზება სტუდენტთა შერჩევის ისეთ მრავალფეროვან მეთოდებს როგორიცაა მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეციალური ტურები, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზი და ა.შ. რაც პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში წარიმართა.“ - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

 

 

ტესტირებაში, რომელიც 6-7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ორ ეტაპად ჩატარდება, 10 000-ზე მეტი აპლიკანტი მონაწილეობს. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ტესტირება ზოგად უნარებში, ბიოლოგიასა და ქიმიაში ტარდება. მაქსიმალური ქულისა და მინიმალური კომპეტენციის ზღვართან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა ტესტირებაში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი საკუთარ სარეგისტრაციო სისტემაშივე იქნება.

 

ტესტირებამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახლიდან გაუსვლელად გაცნობოდნენ პროგრამის მოხმარების თავისებურებებს და ტესტური დავალების ნიმუშებს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, იმ აპლიკანტებზე, რომლებიც COVID-19-ის დადასტურების გამო ვერ მოახერხებენ ტესტირებაზე გამოცხადებას, სამინისტროს  სპეციალური კომისია იმსჯელებს.

 

აღნიშნულმა პირებმა 10-დან 25 სექტემბრის ჩათვლით დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge. განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აპლიკანტი ტესტირების პერიოდში კოვიდ-დადებითი იყო. დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია მოამზადებს რეკომენდაციებს და შესაბამისი გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიული ტესტირებისთვის 58 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია წელს განაცხადი უპრეცედენტოდ ბევრმა, 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია