დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა და ხარისხიანი განათლების მაჩვენებლით ევროპის ათეულში მოხვდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/06/22 00:25:00

 

კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებული 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა ორი ადგილით გაიუმჯობესა და 56-ე პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ჩვენი ქვეყანა 58-ე, ხოლო 2017 წელს – 66-ე პოზიციას იკავებდა.

 

მდგრად განვითარებაზე მომუშავე დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების კვლევითი ცენტრის დირექტორის, ჯეფრი საშის ხელმძღვანელობით, მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის 93 სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასა. აღნიშნული კრიტერიუმები მსოფლიოს წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს მოიცავს, კერძოდ, სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, განათლების, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.

 

საქართველოს წარმატება განაპირობა მიღწეულმა პროგრესმა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანი – „ხარისხიანი განათლება“, აგრეთვე, მართლმსაჯულების ინდექსი, კორპორაციული გადასახადების სიმსუბუქე, პრესის თავისუფლება და სხვა.

 

კვლევის შეფასებით, საქართველო „ხარისხიანი განათლების“ მაჩვენებლით მსოფლიოს 165 ქვეყნის რეიტინგში ოცდაათ და ევროპის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მდგრადი განვითარების მიზანი მიღწეულია.

 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი წარმატება გამოვლინდა ისეთ ინდიკატორში, როგორიცაა მართლმსაჯულების 2020 წლის ინდექსი, რომელიც მართლმსაჯულებაზე წვდომასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს. საქართველო ამ კრიტერიუმით შეფასებული მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 28-ე, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილზე გავიდა სტატუსით „მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული“.

 

ასევე, კარგი შედეგი აჩვენა საქართველომ ისეთ მაჩვენებელში, როგორიცაა საკუთრების უფლების ინდექსი, სადაც მსოფლიოში 32-ე, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 ადგილზე გავიდა.

 

ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, საქართველომ გააუმჯობესა მდგრადი განვითარების 10 მიზანი და 40 კრიტერიუმი, საიდანაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 33 მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 38 ინდიკატორში საქართველო შეფასდა, როგორც „მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული“.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს.  2021 წლის ანგარიში უკვე მე-7 გამოცემაა.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის 25 სექტემბერს მიიღო A/RES/70/1 რეზოლუცია − „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. 2015 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა მაღალ პოლიტიკურ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია. კონსულტაციების შედეგად გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 93 ამოცანა განისაზღვრა ეროვნულ პრიორიტეტად. თითოეული ეს მიზანი და ამოცანა 2030 წლამდე უნდა შესრულდეს.

 

აღსანიშნავია, რომ  2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, შესაბამისობაში იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან და ამოცანებთან. 

 

წყარო: https://dashboards.sdgindex.org/

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია