დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ აჩქარებს ხელისუფლება სოფლებისთვის განკუთვნილ პროექტებს 30 მაისისთვის?
2010/05/24 12:32:01

ხელისუფლებამ წარმატებულად მიიჩნია შარშან განხორციელებული პროექტი „თითო პროექტი თითო სოფელს“  და მიმდინარე წელსაც დააფინანსა. ამ პროექტის ფარგლებში ყველა სოფელს კუთვნილი თანხა ერიცხება და პრიორიტეტულ საქმეს მოსახლეობა ირჩევს. შარშან ამავე პროექტის ფარგლებში თითო სოფლისთვის 2500 ლარი გამოი-ყო, ხოლო თუ სოფელში 50 კომლზე მეტი ცხოვრობდა, ამ თანხას ყოველ ერთ სულ მოსახლეზე 5 ლარი და 58 თეთრი ემატებოდა. 

ხონის მუნიციპალიტეტი ამ კუთხით გამონაკლისი ნამდვილად არ იყო. როგორც ყველგან, აქაც პროექტი წარმატებით განხორციელდა და თუ გასულ წელს ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 204988 ლარი იყო განკუთვნილი, წელს ეს თანხა გაორმაგდა და 415521 ლარი გამოიყო.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხონის არც ერთ სოფელს კუთვნილი თანხა ტრაქტორების სოფლის ტექნიკის და სანიაღვრე არხებისთვის არ დაუხარჯავს, თუმცა მუნიციპალიტეტის თითქმის ყოველ სოფელში სამივე პრობლემა მწვავედ დგას. სოფელ მათხოჯში მცხოვრები ჯემალ ბ. ამბობს: „კარგია, რომ სოფლის ცენტრალურ გზაზე გარე განათება მოეწყო, გაკეთდა და შემოიღობა სასაფლაო, მოიხრეშა სოფლის გზები, მაგრამ ერთი კაი ტრაქტორი რო მოეცათ სოფლისთვის, ყველაფერს აჯობებდა. დაუხნავია მიწები. სოფელში კია ტრაქტორი, მარა ძველია და 10 ლიტრი საწვავის ნაცვლად 15 უნდა ჩაასხა. ხოდა, გლეხს აღარ უღირს წვალებად და კი დარჩა ყანები დაუხნავი.“

პროექტის განხორციელებას სოფლებში თავად სოფლის საკრებულოს გამგებლები ხელმძღვანელობენ. მათხოჯში, სადაც სოფელს პრიორიტეტული პროექტი უნდა აერჩია, მოსახლეობამ შიდა გზების რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ხოლო ცენტრალური გზის განათება ამ გზაზე ბოლო დროს მომრავლებული ავარიების გამო გადაწყდა.

სანიაღვრე არხების პრობლემა კი მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აწუხებს. მიმდინარე წელს გადაუღებელმა წვიმებმა მდინარე ცხენისწყლისპირა სოფლებს ამ კუთხით სერიოზული პრობლემა შეუქმნა. თუმცა ამ პრობლემის მოგვარებისთვის ფული ვერც ერთმა სოფელმა ვერ გაიმეტა.

ხონის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში 170781 ლარის ღირებულების შიდა გზები მოიხრეშა. 65692 ლარი, ხელისუფლებისეული პრიორიტეტით, სპორტული მოედნების კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა. სოფლებში სკვერებისა და ბაღების მოწყობას 38244 ლარი დასჭირდა. რაიონის ხუთ სოფელში 25034 ლარი სასაფლაოს შემორაგვას მოხმარდა.

სოფელ დიდ კუხში სასაფლაოს პრობლემა წლების მანძილზე არსებობდა, ამიტომ საკრებულოს გამგებლის ელგუჯა კაკაბაძის მიერ მოწვეულ სოფლის კრებაზე სხვა პრიორიტეტებთან ერთად სასაფლაოს შემორაგვაც დადგა დღის წესრიგში. სოფლის სხდომაზე შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სოფელს პრიორიტეტის განსაზღვრასა და შემდეგ პროექტის განხორციელებაში დაეხმარება.

სოფლის კრებაზე პრიორიტეტად სასაფლაოს შემორაგვა დასახელდა, თუმცა დარჩენილი თანხით სოფლის შიდა გზები მოიხრეშა. შოთა გ-ს თქმით: „ასეთი კაი საქმე ამ სოფლისთვის ჯერ არავის გაუკეთებია. აღდგომას სასაფლაოზე რომ ვიყავი, გადავირიე, ერთმანეთზე იყო ხალხი დამარხული, ვერც ძველ და ვერც ახალ მიც ვალებულებს ვერ მივაგენი.“

სოფელ გუბის მოსახლეობას სანიაღვრე არხების მოწესრიგებაც სურდა, თუმცა, როგორც ამ სოფლის მცხოვრებმა დ. გეგუჩაძემ გვიამბო:   „ასე გვითხრეს, ამ სოფლისთვის რა თანხაც გამოი-ყო ბაღის შემორაგვას, განათებას, ხიდის აღდგენას, სკვერს და გზებს მოხმარდა. ისე იმედი მომცეს, მომავალ წელს არხებსაც გავაკეთებთო.“

ხონის მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს პროექტები საკმაოდ წარმატებულია. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ბახტაძის თქმით: „სოფლის დახმარების პროგრამა, ისევე როგორც მთელ საქართველოში, რეალურია. ამ პროექტის მთავარი დეტალი ის არის, რომ პროექტის განმახორციელებელი არის იმ სოფლის მოსახლეობა, სადაც პროექტი მიმდინარეობს. ამ პროგრამიდან ცოტაოდენი შემოსავალი კიდევ რამდენიმე ოჯახს გაუჩნდა. დღეისათვის პროექტების 70% დასრულებულია. ჩვენ ეს ისე გვქონდა დაგეგმილი, რომ საარჩევნოდ, 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ყველა სოფელში ყველა პროექტი დასრულებული იყოს. ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა გზების რეაბილიტაციის პროგრამაა დასასრულებელი, რასაც სპეციალური ტექნიკა სჭირდება და მიმდინარეობს კიდეც. რამდენიმე პროექტი თვალსაჩინოცაა, მაგალითად, სოფელ გუბში და მათხოჯში განათების სისტემის მოწესრიგება.

სოფლის პროგრამის განხორციელებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სოფლის საკრებულოს თავმჯდომარეს და მაჟორიტარ დეპუტატს. პროექტის დაწყებამდე ისინი მოსახლეობას ხვდებოდნენ და გამოკითხვით სოფლის პრიორიტეტს ადგენდნენ. იყო შემთხვევები, როცა აზრი იყოფოდა, ასეთ შემთხვევაში კი სოფლის მცხოვრებთა საერთო კრება ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც უმრავლესობის აზრი იმარჯვებდა. მაგრამ სოფელ დედალაურის მცხოვრები ანზორ ბ. დღემდე არ ეთანხმება აზრს, რომელიც სოფელმა გარეგანათების მოწყობისთვის გამოხატა. „მე არ ვიცი, ამ განათებისთვის რა დაიხარჯა. ამბობენ, 3000 ლარიო, მაგრამ აჯობებდა, სოფელში სხვა კაი საქმე გაეკეთებინათ. ახლა ამ ადგილს, ჩაის მეურნეობაში „სიცილიას“ უძახიან, ხოდა იარონ ამ განათებულ, მაგრამ დანგრეულ გზებზე,“ - აღნიშნა ანზორ ბ-მ ჩვენთან საუბარში.

ხონის მუნიციპალიტეტში სანაგვე ურნების და ნაგავმზიდი მანქანებისთვის ამ პროგრამის ფარგლებში თანხა არ დახარჯულა. მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული არც საკანალიზაციო სისტემა არ აღმოჩნდა, თუმცა ეს პრობლემა სოფელ ქვიტირის მოსახლეობას წლების მანძილზე აწუხებდა. ხონის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 415521 ლარით 73 პროექტი განხორციელდა. მიუხედავად ამისა, სოფლებში კვლავ მრავალი პრობლემა დარჩა მოსაგვარებელი. 73 პროექტის ნახევარზე მეტი დასრულებულია, თუმცა დარჩენილი პროექტი 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა დასრულდეს, რადგან ხელისუფლების ზრუნვა მოსახლეობაზე მკაფიო იყო.

დააფინანსებს თუ არა მომავალ წელს სოფლის პროექტებს ხელისუფლება, ამ ეტაპზე არავინ საუბრობს. თუმცა პროექტების დასრულების ვადა (30 მაისი) ლოგიკურ ეჭვს ბადებს - არის თუ არა ეს მორიგი შეფარული საარჩევნო კამპანია ხელისუფლებისთვის და რატომ არ შეიძლება, სოფლის პროგრამის პროექტები თუნდაც მომდევნო კვირაში დამთავრდეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია