დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პლაკატების ომი
2010/05/24 12:22:56

წინასაარჩევნო კამპანია ქუთაისში აქტიურ ფაზაში შევიდა და, შესაბამისად, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანაბრად გააქტიურდა. არჩევნების დღის მოახლოებას ქუჩაში თითქმის ყველგან და ყველაფერზე გაკრული     „პლაკატებითაც“ მიხვდებით. თუმცა წელს ქუჩებში წითელი ფერი ნამდვილად ჭარბობს.

„ალიანსი საქართველოსათვის“ რიგებში ჩაბმულმა რესპუბლიკელებმა ქუთაისში პლაკატების გაკვრა გასულ კვირას დაიწყეს. ნიკეას დასახლებაში რესპუბლიკელებმა თავიანთი პლაკატები გააკრეს, თუმცა მეორე დილით ყველა ჩამოხეული დახვდათ. ნიკეას მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით: „როცა ჩვენებმა პლაკატების გაკვრა დაამთავრეს, დასახლებაში ერთი საათით ელექტროენერგია გამოირთო, რა დროსაც, არ ვიცი ვინ, მაგრამ ფაქტია, რომ პლაკატები ჩამოხიეს.“ რესპუბლიკელებმა ფაქტის შესახებ საოლქო კომისიას, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართეს, ხოლო სამართალდამცავ სტრუქტურებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ოპოზიცია დაშინების ფაქტებსაც ადასტურებს. ქალაქის 35-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში, მას შემდეგ, რაც, პრაქტიკულად, კომისიებში პარტიების ქვოტით ჩასმული წევრების შეცვლის ვადა დასრულდა, „ალიანსი საქართველოსათვის“ ინტერესების დამცველი ზეწოლაზე ალაპარაკდა. მან ამავე უბნის მაჟორიტარ კანდიდატს პირადად განუცხადა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და ვერ იქნებოდა ამ საარჩევნო უბანზე მისი ინტერესების დამცველი, ვინაიდან საფიჩხიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესიკ ბრეგაძემ დახმარება შესთავაზა, დაჭერილი და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მისი შვილის, ქუთაისის ციხეში გადმოყვანაში. სანაცვლოდ კომისიის წევრ ჯემალ ძოწენიძისგან მაჟორიტარ კანდიდატისა და ალიანსის ინტერესების დაცვაზე უარის თქმას ითხოვდნენ. ალიანსის წარმომადგენლები თვლიან, რომ ამ უბანზე მათ კომისიის წევრი არ ჰყავთ, ჯემალ ძოწენიძემ საბოლოო უარი თქვა ალიანსისა და მაჟორიტარის ინტერესების დაცვაზე, თუმცა, ფორმალურად, ის კომისიის წევრად არჩევნების დღის ჩათვლით იქნება. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა იპოლიტე ამბროლაძემ განაცხადა, ამ უბანზე ისინი მეთვალყურეების იმედად რჩებიან, რადგან იქ კომისიის წევრი, პრაქტიკულად, არ ჰყავთ.

„ალიანსი საქართველოსათვის“ წარმომადგენელმა ვლადიმერ ნაკაშიძემ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა. 2010 წლის 11 მაისის ბრძანებით, რომელსაც ხელს აწერს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით გორდელაძე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 94 530 ლარი უნდა გამოიყოს და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ჯილდოს სახით გადაეცეს. ქუთაისში სულ 822 ამხანაგობაა შექმნილი და ამდენივე თავმჯდომარეა, რომელთაც ამ თანხიდან თითოეულს 115 ლარი ჯილდოს სახით გადაეცემა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს გიორგი შარაბიძეს დასაჯილდოებელი თანხის გამოყოფა „დროულად“  დაევალა. ქუთაისის მერიის აპარატის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას თანხის ბანკის  მეშვეობით   გაცემის  უზრუნველყოფა   უნდა   მოეხდინა,  ხოლო ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის უფროსს თორნიკე ლაბაძეს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების ინფორმირება და კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი დაევალა.

„ქუთაისის მოსახლეობის პრობლემების შესწავლისა და გადაჭრის მიზნით, ქალაქის თვითმმართველობასთან აქტიურად თანამშრომლობით, მუშაობის ხარისხის მკვეთრად გაუმჯობესებით ქალაქის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისება,“ - ეს ის მოტივია, რის საფუძველზეც თანხის გამოყოფა მოხდა. წამახალისებელი თანხის ჯილდოს სახით გაცემა 20 მაისიდან დაიწყო. რესპუბლიკელი ვლადიმერ ნაკაშიძე თვლის, რომ ეს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის კლასიკური მაგალითია. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში იმ დაუსრულებელი პროექტების დაფინანსება და დასრულება მოხდა, რომელთაც კონკრეტულ უბნებში მოსახლეობა ითხოვდა.

წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში, და მათ შორის, ქუთაისშიც ადგილობრივ დამკვირვებლებთან ერთად უცხოელი დამკვირვებლებიც აკვირდებიან. პარტიები მათ თითოეულ დარღვევაზე ინფორმაციას თავად აწვდიან. დამკვირვებელთა მონიტორინგის შედეგები კი არჩევნების მეორე დღეს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამო-ყენებას და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელისუფლებო პარტიის პიარისთვის თანხების ხარჯვას, ექსპერტების აზრით, უცხოელი დამკვირვებლების შეფასებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1765
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია