დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსკლუზივი ესტონეთიდან
“არავის შვილების” წარმატების გზა ანუ როგორ იქცა სკოლისდროინდელი ტრავმები ვაკო გოგუაძისთვის მუდმივი თვითგანათლების მოტივაციად
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2021/02/03 01:28:45

"სირთულე ყოველთვის არსებობს, მაგრამ გარისკვის არ უნდა გეშინოდეს!" - ასე დაიწყო ჩვენმა რესპონდენტმა  წარმატების შესახებ საუბარი, რომელმაც საკუთარი ისტორია გაგვიზიარა.

 

ვაკო გოგუაძე ინგლისური ენის ფილოლოგია, მაგისტრატურა  ელექტრონულ მმართველობის მიმართულებით გააგრძელა, დოქტორანტურის ხარისხს კი საერთაშორისო ლიდერთა სკოლის პროგრამზე ეუფლება. მისი სწავლისადმი მისწრაფება ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ფერიის სკოლიდან დაიწყო, სადაც აღმოაჩინა, რომ განვითარების მიღების საუკეთესო გზა თვითგანათლება იყო. სწორედ  იქ  გაუჩნდა მონოტონური სწავლების მიმართ პროტესტი, რამაც არასტანდარტულ მოსწავლედ და შემდგომ - პედაგოგად ჩამოაყალიბა. 35 წლის ახალგაზრდას 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მისი  კარიერა ,,ასწავლე საქართველოსთვის” პროექტით დაიწყო და მას შემდეგ განვითარება არასდროს შეუწყვეტია.

 

 2009- 2012 წლებში წალკისა და შუახევის  მაღალმთიან სკოლებში ასწავლიდა, საიდანაც გაცვლითი პროგრამით ამერიკაში მოხვდა. 


 როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, უკან დაბრუნებულმა გამოცდილმა პედაგოგმა მშობლიურ ბათუმში სამსხური ვერ იპოვა და თბილისში გადავიდა, სადაც ერთდროულად რამდენიმე ადგილზე დაიწყო მუშაობა.  განსაკუთრებულად იხსენებს დღის ცენტრ  ,,ანიკა”-ში მიღებულ გამოცდილებას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასწავლიდა და ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. შემდეგ იყო ნიუტონის თავისუფალი სკოლა, რომელსაც ცხოვრების ყველაზე გაბედულ და გამართლებულ ნაბიჯად თვლის. თბილისის საუკეთესო სკოლაში ერთწლიანი მუშაობის დროს გაუჩნდა სურვილი, მაგისრტატურა უცხოეთის რომელიმე უნივერსიტეტში გაეგრძელებინა და დაიწყო სასწავლებლების ძიება.

 

ასე ჩაირიცხა  ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით და სტიპენდიით.  ევროპაში ჩასულმა სტუდენტმა სამ დღეში სამსახურიც იპოვა და მისი კარიერა ესტონეთის ენის სკოლაში გაგრძელდა, სადაც ორი წელი დაჰყო. აქტიური სტუდენტური ცხოვრების პარალელურად, დაუღალავად მუშაობდა, სწავლობდა და ასწავლიდა. როცა ყველა ისვენებდა ის საერთაშორისო ენების საზაფხულო ბანაკებს ლიდერობდა. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ წარმატებულ ქართველ  ახალგაზრდას ევროპაში დასაქმება შესთავზეს. ასე  აღმოჩნდა ქართველი ახალგაზრდა ესტონეთის საერთაშორისო სკოლაში, ინგლისური ენის მოწვეულ სპეციალისტად, რის  პარალელურადაც სან-დიეგოს უნივერსიტეტში,  დოქტორანტურაზე სწავლობს და კვლავ შორს მიმავალ გეგმებს აწყობს…

 

დიალოგი

-მოგესალმებით ვაკო, საკმაოდ საინტერესო  პედაგოგიური კარიერა გაქვთ. მოგვიყევით, რატომ  აირჩიეთ ეს პროფესია?

-რუს ბებიასთან ერთად ვიზრდებდი და უცხო ენებისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა, თუმცა, მასწავლებლობა არ მინდოდა, რადგან სკოლაში, სადაც  ვსწავლობდი,  პედაგოგების უმეტესობა ძალიან ცუდი მეთოდებით ასწავლიდა, რაც ამ პროფესიის მიმართ შიშს მიჩენდა.  ვცდილობდი, მაგრამ სამაგალითოდ ვერ ვსწავლობდი. ბევრი რამე ვიცოდი, რასაც  ვერ წარმოვაჩენდი. მასწავლებლები კი გამუდმებით ,,წარჩინებულ” მოსწავლეებს იძახებდნენ. საკლასო ოთახის ბოლო მერხთან  მჯდარი ბავშვები და მათი  სოციალური ფონი არავის აინტერესებდა.


 გაკვეთილზე რაიმეს თუ ვერ გავიგებდით, კითხვის დასმისაც კი გვეშინოდა, საკმაოდ მკაცრი მასწავლებლები გვყავდა. უმეტესობა ასეთი იყო, თუმცა,  რუსლის მასწავლებელი განსხვავდებოდა მათგან, ის ცდილობდა, ყველა კონკურსში ჩავერთე, რომ ჩემი უნარები წარმოეჩინა. როდესაც  ჩემს მასწავლებლებს ვუყურებდი, წარმოვიდგენდი ხოლმე, მათ ადგილზე მე როგორ მოვექცეოდი ბავშვებს, როგორ ავუხსნიდი გაკვეთილს გასაგებ ენაზე.


-ანუ სკოლაში არსებული საგანმანათლებლო პროცესის გამო, თქვენს ნიჭს ვერ ავლენდით?

- 90-იანი წლების ქართული საგანმანათლებლო სისტემის მოდელი  მზღუდავდა, არ შემეძლო თეორიის  დაზუთხვა, 32 მოსწავლის  წინ გამოსვლა და რაღაც მასალის მოყოლა მხოლოდ იმის გამო, რომ მასწავლებელს ნიშანი დაეწერა.


 დიფერენცირებული სწავლება არ არსებობდა, რეპეტიტორის აყვანის ფინანსები კი მარტოხელა დედას არ ჰქონდა. ამას ემატებოდა  ეგრეთ წოდებული მშობელთა კრებები, რომლებიც თვეში ერთხელ ტარდებოდა მხოლოდ იმტომ, რომ ,,წარჩინებული” და ,,ცუდი” მოსწავლეების მშობლებს ერთმანეთის შვილების შეფასებები მოესმიონათ. ეს ყველაფერი მთრგუნავდა.


-რა ეტაპი დადგა თქვენს ცხოვრებაში სკოლის დასრულების შემდეგ?

-2002 წელს აბიტურიენტი გავხდი, სავალდებულო საგანი, ინგლისური ენა იმ დონეზე არ ვიცოდი, რომ სწავლა გამეგრძელებინა (ჩვენს სკოლაში იმ დროს ინგლისური არ ისწავლებოდა). ამის მიუხედავად, ერთ-ერთ უნივერსიტეტში შემომთავაზეს სწავლის დაწყება, თუ გამოცდების სანაცვლოდ. ფულს გადავიხდიდი, რაზეც უარი ვთქვი.


ამ პერიოდში  აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, თავისუფალი ახალგაზრდებისათვის გამოცხადდა სამთვიანი უფასო კურსები, ინგლისურსა და კომპიუტერში. დავიწყე სიარული და პარალელურად - საკუთარ თავზე მუშაობა. ამ საზაფხულო კურსზე სწავლების პერიოდში  ინგლისურის ერთ-ერთი პედაგოგის რეპკლიკამ, რომ  ინგლისურში ძალიან დაბალი დონე მქონდა და პედაგოგი ვერასდროს გავხდებოდი, გამიჩინა ამბიცია,რომ ეს ენა პროფესიად მექცია. დავიწყე დამოუკიდებლად მეცადინეობა, მთელი დღეები ვწერდი და ვკითხულობდი, ნანათხოვარი წიგნებით ვმეცადინეობდი. ერთ დღეს ნათესავი მოვიდა ჩვენთან სტუმრად, როდესაც ჩემი ინგლისური მოისმინა, მითხრა, რომ საკმაოდ კარგი ბაზისი მქონდა და კოლეჯში ჩაბარება მირჩია.


ასე აღმოვჩნდი  ბათუმის  სახელმწიფო-პედაგოგიურ  კოლეჯში, ინგლისურისა და კომპიუტერის ოპერატორის სპეციალობაზე. აქ სრულიად ახლი ცხოვრება დაიწო, უმაღლესი აკადემიური მოსწრება და სტიპენდია მქონდა.  ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორის, თეა ხვიჩიას  წყალობით, ჩემი ინგლისური ენის დონე ძალიან ამაღლდა. მას რომ ვუყურებდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ოდესმე თუ გავხდებოდი მსგავსი პედაგოგი. ახლაც,  მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის შემდეგ, თეა ჩემს პროფესიულ ინსპირაციად რჩება.


 აღმოჩნდა, რომ ის მასწავლებელიც იმავე  კოლეჯში ასწავლიდა, რომელმაც სამუდამო წარუმატებლობა მიწინასწარმეტყველა. მას ხშირად ვხედავდი კოლეჯის წარმატებული სტუდენტების რიგებიდან  და როგორც კოლეგა, მინდა, ახლაც მოვიკითხო.


-ინგლისური ენა და ლიტერატურა, როგორც სპეციალობა, სად შეისწავლეთ, რომელ უნივერსიტეტში?

- 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა დაინერგა. პირველივე ნაკადში დავრეგისტრირდი, რადგან უნივერსიტეტში  დამოუკიდებლად ჩარიცხვის სურვილი მქონდა. ასე მოვხვდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის  ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორად პროფესიად თურქული ავირჩიე, იქ სწავლების მაღალი დონე იყო და  საკმაოდ ნაყოფიერი ბაკალავრის წლები მქონდა.

 სტუდენტობის პეროდშიც ბევრი გამოწვევის წინაშე ვიდექი. სწავლის საფასურის გადახდაში ძმა მეხმარებოდა, რადგან მე არ ვმუშაობდი.


-როგორც აღნიშნავთ, ფინასური პრობლემების მიუხედავად,  სწავლა არასდროს შეგიწყვეტიათ. პირველი სამასახურის შესახებ მოგვიყევით.

- 2009 წელს, მაისში საუნივერსიტეტო ცხოვრების ბოლო დღეები იყო, როდესაც დეკანატის წარმომადგენლებმა ახალი კონკურსის შესახებ ,,ასწავლე საქართველოსთვის” პროექტის პრეზენტაციაზე დასწრება გვთხოვა. ,,ასწავლე საქართველოსთვის” ამ ორმა სიტყვამ იმდენად მომხიბლა, გადავწყვიტე, საინფორმაციო შეხვედრას დავსწრებოდი და ყველა შეკითხვა დამესვა. ასე აღმოვჩნდი მაღალკონკურეტულ გარემოში, სადაც რამდენიმეეტაპიანი

კონკურსი წარმატებულად გავიარე და  ერთ-ერთი მონაწილე გავხდი.


წალკის რაიონის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლად გამიშვეს. მხოლოდ ის  ვიცოდი,  რომ ეს ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონი ბათუმიდან საკმაოდ შორს იყო, თუმცა, უარის თქმა არ მიფიქრია.


 ორი წელი წალკაში ვასწავლიდი, ამავე პროექტის მეშვეობით ამერიკაში ვიყავი გაცვლითი პროგრამით.  დაბრუნების შემდეგ მივიღე შემოთავაზება, რომ პროექტში დავრჩენილიყავი და მუშაობა გავაგრძელე შუახევის ნიგაზეულის  საჯარო სკოლაში, მაღალმთიან აჭარაში, სადაც ერთი წელი ვმუშაობდი.


მინდოდა, უფრო განვვითარებულიყავი, ამიტომ შევწყვიტე პროექტი, დავბრუნდი ბათუმში და მასწავლებლის სასერთიპიკატო გამოცდა ჩავაბარე. რამდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილობა, თუმცა ჩემი ადგილი ასისტენტ-მასწავლებლის  პოზიციაზეც კი არსად მოიძებნა. პროტექციით დასაქმება  თავად არ მინდოდა. ამ დროს მომიწია ფიქრი, რომ ჩემი ქალაქიდან წავსულიყავი და  თბილისის რამდენიმე სკოლაში გავაგზავნე რეზიუმე. სამი მათგანიდან დადებითი პასუხი მივიღე. თბილისში, მერიის ერთ-ერთი პროექტით სასწავლო  დღის ცენტრ ,,ანიკაში“ ვმუშაობდი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სწავლობდნენ.  ეს სრულიად ახლი გამოცდილება იყო ჩემთვის. ამავდროულად, ოქსფორდის საგანმანათლებლო ცენტრშიც ვასწავლიდი და ჩემი პრაქტკული გამოცდილება ძალიან გაიზარდა.


 2013 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა ნიუტონის თავისუფალი  სკოლა, სადაც გადავედი. იქ გატარებულმა  ერათმა წელმა ახალი მოტივაცია გამიჩინა.


- როგორც გვიამბეთ, თბილისში საკმაოდ მაღალ პროფესიულ საფეხურზე იყავით, მაგრამ ყველაფერი დატოვეთ და ტალინში გადახვედით.  რატომ მიიღეთ ეს გდაწყვეტილება?

- დიახ. დედაქალაქში  მიღებულმა გამოცდილებამ მიბიძგა, რომ კიდევ უფრო განვვითარებულიყავი.  ევროპული განათლების მიღება მინდოდა და მაგისტრატურითვის უნივერსიტეტის შერჩევა დავიწყე. რამდენიმე  ქვეყნიდან მქონდა შემოთავზება, თუმცა, ტალინის ტექნოლოგიურმა უნივერსისტრტმა სრული  დაფინანსება და სტიპენდია მომცა, რის გამოც  ესტონეთი ავირჩიე. 28 აგვისტოს ჩამოვედი ტალინში და 31-ში სამსახურში ამიყვანეს, ენების სკოლაში ,,In Down-Town”, სადაც საღამოს საათებში შერეულ ასკობრივ ჯგუფებს ვასწავლიდი. დილის რვა საათიდან 5-მდე ლექციებზე ვიყავი და შემდეგ მივდიოდი  სამსახურში, სადაც მინიმუმ ოთხ  გაკვეთილს ვატარებდი. არდადაგებზე  კი ამავე სკოლის ბაზაზე  არსებული არასამთავრობო ორგანიზაციიდან ,,Alternative Language Programs Satellite (ALPS)’’  საერთაშორისო საზაფხულო ბანაკების მენეჯერად ვმუშაობდი.


2016 წელს  სწავლა დავასრულე და მას შემდეგ ესტონეთის საერთაშორისო სკოლაში ვმუშაობ. 2019 წელს  პოლონეთის ერთ-ერთ საერთაშორისო  კონფერენციაზე შევიტყვე სან-დიეგოს უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც სტუდენტებს დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას სთავზობდა. გავაგზავნე აპლიკაცია და საერთაშორისო ლიდერთა სკოლის სადოქტორო პროგრამაზე მოვხვდი.


ევროპაში ცხოვრების პერიოდში ერაზმუსის ბევრ საერთაშორისო პროექტში მივიღე მონაწილეობა, თვითონაც განმიხორციელებია რამდენიმე პროექტი.


უკვე ექვსი წელია  ევროპაში ვცხოვრობ, რაც  შეიძლება შორიდან საკმაოდ მომხიბლვლელად ჩანდეს, მაგრამ ამ ყველაფრის უკან, რაც გიამბეთ, ტიტანური შრომა ჩავდე.


-რას გეგმავთ სამომავლოდ, ხარისხის მიღების შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება?

-აუცილებლად  აკადემიურ სფეროში დავრჩები. მინდა  ბავშვობის ოცნება ავიხდინო და  საკუთარი სკოლა გავხსნა, სადაც პრიორიტეტი მოსწავლეების სოციალური-ემოციური ფონი იქნება  და მათი შეფასება მოხდება ვერბალურად და არა ქულებით. ეს არის  განათლების სისტემის ფინური მოდელი, რომელსაც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე საუკეთესოდ მივიჩნევ.


-როგორ აისახა თქვენს პროფესიაზე სკოლისდროინდელი ტრავმები?

-ვფიქრობ, მხოლოდ დადებითად. მოსწავლეს რომ შევხედავ, მისი ემოციიდან გამომდინარე, ზუსტად ვხვდები, რა პრობლემა შეიძლება, ჰქონდეს. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად ვუდგები და ვუღვივებ სწავლისადმი სიყვარულს. საქართველოში რამდენიმე მოსწავლეს უსასყიდლოდ ვამზადებდი, რადგან  ვიცი, რას ნიშნავს ასეთი ტიპის დახმარება.  განსაკუთრებულად ამაყი ვარ  ჩემი ყოფილი მოსწავლეებით, რომლებიც  მასწავლებლები გახდნენ.


- რა იყო შენი მთავრი ძალა, რომ მიზნამდე მისულიყავი?

-მუხედავად იმისა, რომ ფინანსურად სახარბიელო მდგომერეობა არ გვქონდა, მარტოხელა დედა, რომელიც სამ შვილს გვზრდიდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ  განათლება მიგვეღო. ის იმედს მისახავდა და ყველა ჩემს იდეას მხარს უჭერდა, რაც დღემდე გრძელდება. დედა არის ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია, რომ წარმატებისთვის მებრძოლა.

 

 

 

 

 

 

 


 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3346
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია