დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონას წინააღმდეგ
მთავრობამ ორთვიანი მკაცრი შეზღუდვების გეგმა წარადგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/11/26 22:06:38

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი დამატებითი მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდება. 8 დიდი ქალაქი და ზამთრის კურორტები კი, ფაქტობრივად, დაიკეტება.


მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;
  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.
  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

შეზღუდვები დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე

მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი შემდეგი დამატებით შეზღუდვები ამოქმედდება:

 

  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის მაღაზიების, ასევე აფთიაქების, ვეტაფთიაქებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

ამასთან, ხსენებულ 8 ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას შეწყვეტს, დასახელებულ კურორტებზე კი – სასტუმროები მხოლოდ საკარანტინო სივრცეების სტატუსით იმუშავებენ. ასევე, გაჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ზემოთ ხსენებულ 8 ქალაქში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა, გარდა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისა, რომელიც მხოლოდ ახალი წლისა და შობის ღამეებზე მოიხსნება.

 

3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, უქმე დღეები გამოცხადდება და არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 იანვარიდან 31 იანვარის ჩათვლით პერიოდში შეზღუდვები დიდწილად შემსუბუქდება. კერძოდ, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა); სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

 

ყველა დაწესებული შეზღუდვა 2021 წლის 1 თებერვლიდან სრულად მოიხსნება.

 

დახმარების პაკეტი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის

დაწესებული შეზღუდვები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა და იმ დახმარებაზეც ისაუბრა, რომელსაც მთავრობა შექმნილი კრიზისის პირობებში მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს გაუწევს. მისი განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური და მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით კიდევ 1 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. დახმარების გაცემა პირველი იანვრიდან დაიწყება და მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარს მიიღებენ.

 

აგრეთვე, იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულად ამ ორთვიან შეზღუდვებში მოხვდნენ (ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებსა და ა.შ, დასაქმებულები) სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.

 

ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში, მოქალაქეებისთვის კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები ამოქმედდება. შეღავათი შეეხება „თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 მ3 გაზის მოხმარება“. შეღავათი წყლისა და დასუფთავების გადასახადსაც შეეხება.

 

აგრეთვე, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება. გარდა ამისა, დამატებით 0-დან 100 000 ქულამდე მქონე ოჯახები, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი, 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფოს მხრიდან 100 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ასევე, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოსგან 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებიც.

 

„სესხების გადავადება იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც შეზღუდვები შეეხება, სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება და თითოეულ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომელსაც ასეთი დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო დაეხმარება“, – თქვა პრემიერმა.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, 2021 წელს ტურიზმის სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, ასევე მათ 4 თვით გადავადებულ საშემოსავლო გადასახადსაც ჩამოაწერენ. თუმცა, მისივე თქმით, ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და პარლამენტის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია