საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადების გამარჯვებულებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა
2020/10/02 18:37:00

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინფორმატიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ინფორმატიკის (IOI 2020) 32-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ნიკოლოზ ბირკაძე და თეიმურაზ თოლორაია ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ, არჩილ ბასაძიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ლუკა მუშკუდიანმა კი – ბრინჯაოს მედალი.

 

ქართველმა მოსწავლეებმა ასევე დიდ წარმატებას მიაღწიეს მათემატიკის 61-ე (IMO 2020) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე. ოქროს მედლის მფლობელი ნიკოლოზ ბირკაძე გახდა, თეიმურაზ თოლორაიამ და ლუკა მუშკუდიანმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ანა ონოფრიშვილმა და ზაურ ბოკელავაძემ – ბრინჯაოს მედლები. ამასთან, ოლიმპიადის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკოლოზ ბირკაძემ, ქართველი ოლიმპიელების მანამდე არსებული საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა, ის პირად ჩათვლაში IV ადგილზე გავიდა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, მთელი გულით მოგილოცოთ მიღწეული წარმატება! მართალია, უჩვეულო გარემოში მოგიხდათ ასპარეზობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეძელით თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები გამოგევლინათ მსოფლიო მასშტაბით და გამარჯვება მოგეპოვებინათ. მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თქვენს მწვრთნელებსა და ოლიმპიადების ორგანიზატორებს. მჯერა, რომ წინ საინტერესო აკადემიური ცხოვრება გელით და თქვენს პროფესიულ განვითარებას დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს“.

 

მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს ისტორიული მნიშვნელობის მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო და ამ უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვა შესთავაზა. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.

 

ინფორმატიკისა და მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადები წელს პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

 

2020 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით განხორციელდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია