დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საინფორმაციო ბრიფინგი საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით
2020/09/13 18:03:00

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

 

ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის კვლავაც უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც“ - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.  

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო საერთო - საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2018 წელს, საზღვარგარეთ 55 უბანი გაიხსნა 39 ქვეყანაში. მაშინ, საზღვარგარეთ ორგანიზებულ არჩევნებში, პირველ ტურში - 4 801-მა, ხოლო მეორე ტურში - 9 028 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ნიშანდობლივია, რომ 2018 წელს საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ პირველი ტურისთვის შეადგინა 57 637, ხოლო მეორე ტურისთვის - 63 739 ამომრჩეველი.

 

მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეიქმნება საზღვარგარეთ, ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ დაუყოვნებლივ განთავსდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადასახადს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფს, შეუძლია მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ცესკოს ონლაინ ჩათის საშუალებით ან დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე - 2 51 00 51 .

 

საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად გაავრცელებს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რომელიც საზღვარგარეთ ამომრჩევლებისთვის არის აუცილებელი, რათა მათ შეუფერხებლად მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია