დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა (R)
2020/09/10 22:44:00

 

ქალბატონებო და ბატონებო,

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის. მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, პატრიოტები და პროფესიონალები, რომლებსაც ამოძრავებთ სამშობლოს და საქმის სიყვარული, სწრაფვა ქვეყნის განვითარებისა და ადამიანებზე ზრუნვისკენ.

სწორედ ამ პრინციპებით შედგა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული, რომელსაც დღეს თქვენ წარმოგიდგენთ.

საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საარჩევნო სიის პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება.

 

„ქართული ოცნება“ არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს,  ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს.

 

ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი.

 

სცენაზე ვთხოვ საქართველოს მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

 

სწორედ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დაძლიოს პანდემით გამოწვეული პრობლემები და განაგრძოს სწრაფი განვითარების გზა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეორე ნომერი იქნება არჩილ თალაკვაძე, რომელიც წარმატებით განაგრძობს პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელებას მომდევნო, მეათე მოწვევის პარლამენტში.

 

შეგახსენებთ, რომ არჩილი 2012 წლიდან არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრი. სხვადასხვა დროს იყო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. 2018 წლიდან კი, არჩილ თალაკვაძე წარმატებით უძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას.

 

„ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდროფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აქ შევჩერდები, ბევრს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე , ირაკლი კობახიძე, სიის მესამე ნომერი.

 

მეოთხე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გახლავთ თეა წულუკიანი.

 

თეა წულუკიანს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიის აკადემიასა და საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში.  წლების მანძილზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოდან, ის აქტიურად იბრძოდა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დასაცავად.  თეა წულუკიანი არის საქართველოს მთავრობის ერთადერთი წევრი, რომელსაც 2012 წლიდან აქვს მინისტრობის უწყვეტი სტაჟი. მისი მინისტრობის პერიოდში, განხორციელდა არაერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის რეფორმა. მას მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმის მიღების საქმეში. თეა არის გამორჩეული პოლიტიკური, მენეჯერული და ექსპერტული გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული შენაძენი იქნება საქართველოს პარლამენტისთვის.

წარმოგიდგენთ საარჩევნო სიის მეხუთე ნომერს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, სამართლის დოქტორს, მამუკა მდინარაძეს.  მეცხრე მოწვევის პარლამენტში მამუკას განსაკუთრებული წვლილი შექონდა პოლიტიკური პროცესების მართვასა და ჩვენი საპარლამენტო გუნდის გაძლიერებაში და ის აქტიურად და ჩვეული გამორჩეული ენერგიით განაგრძობს ამ ფუნქციის შესრულებას მეათე მოწვევის პარლამენტში.

ჩვენი საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი გახლავთ „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა. კახას ზურგს უმაგრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნოტინგემის სამართლის სკოლაში მიღებული განათლება, წარმატებული გამოცდილება იურიდიული საქმიანობის, ბიზნესის, გარემოს დაცვისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში. გასული წლების განმავლობაში, კახა მიიწვია არაერთმა ევროპულმა პარლამენტმა მის მიერ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში დამკვიდრებული ინიციატივების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით. კახა კუჭავა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნისა და პარტიის საგარეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებაში მეათე მოწვევის პარლამენტში.

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომრად წარმოგიდგენთ გიორგი კახიანს.  გაგა არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წევრი 2013 წლიდან. გაგა არის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და დღემდე გადასცემს ცოდნას უნივერსიტეტის სტუდენტებს. გიორგი კახიანის მრავალწლიანი საპარლამენტო გამოცდილება გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შემდეგი მოწვევის პარლამენტშიც.

 

ნომერი რვა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში გახლავთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი. მარიამს განათლება მიღებული აქვს ESM-ში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბერკლის უნივერსიტეტში. მას აქვს ძალზე წარმატებული გამოცდილება კერძო კომპანიების მართვასა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. გარდა ამისა, მარიამმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით - საკარანტინო სივრცეების უზრუნველყოფასა და ეფექტიან მართვაში. მარიამ ქვრივიშვილი იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი საპარლამენტო გუნდისთვის ეკონომიკური და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

 

ჩვენი საპარლამენტო სიის მეცხრე ნომერია საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე.  მიხეილ სარჯველაძე არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი ხანგრძლივი და წარმატებული საადვოკატო გამოცდილებით. 2013 წელს ის შემოუერთდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა იმ ფუნდამენტურ რეფორმებში, რომლებიც იუსტიციის სფეროში განხორციელდა. მიხეილ სარჯველაძე მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საპარლამენტო გუნდს იურიდიული მიმართულებით.

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომრად წარმოგიდგენთ მაია ბითაძეს.  მაია ბითაძე არის სამართლის დოქტორი, სამართლის და გარემოს დაცვის საკითხების გამორჩეული სპეციალისტი. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, სახელმწიფო მმართველობასა და უნივერსიტეტებში მუშაობის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება. მაია ბითაძე ორგზის იქნა არჩეული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ,,ორჰუსის“ კომისიის ბიუროს თავმჯდომარედ.  არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მაია 2014 წელს შემოუერთდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის რანგში, 2017 წლიდან კი - თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ამ პოსტზე, ის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი იყო. მაია ბითაძე მნიშვნელოვნად გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს გარემოს დაცვისა და იურიდიული მიმართულებით.

 

ჩვენი საპარლამენტო სიის მეთერთმეტე ნომერი გახლავთ მიხეილ დაუშვილი. მიხეილ დაუშვილს აქვს კერძო სექტორსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის წარმატებული გამოცდილება. 2019 წლიდან ის იკავებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული პანდემიის მართვაში. მიხეილ დაუშვილი მნიშვნელოვნად გააძლიერებს „ქართული ოცნების“ გუნდს იურიდიული და ეკონომიკური მიმართულებით.

 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მეთორმეტე ნომრად წარმოგიდგენთ გიორგი ამილახვარს. გიორგის განათლება და აკადემიური გამოცდილება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებში - ალამოს უმაღლეს სკოლაში და გერმანიაში - მაქს პლანკის სამართლის კვლევით ინსტიტუტში. გიორგი არის სამართლის დოქტორი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. გიორგის აქვს კერძო სექტორში, სახელმწიფო მმართველობასა და უნივერსიტეტებში მუშაობის ძალზე წარმატებული გამოცდილება.  დღემდე ის არის თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი და ასოცირებული პროფესორი. გიორგი ამილახვარი იქნება უმნიშვნელოვანესი შენაძენი ჩვენი საპარლამენტო გუნდისთვის იურიდიული და განათლების მიმართულებით.

 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეცამეტე ნომერია ვიქტორ სანიკიძე.  ვიქტორი ასევე 13 ნომერი იყო ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებში. მან წარმატებული, შედეგიანი და ეფექტური თამაშით უამრავი სიხარული აჩუქა ქართველ გულშემატკივარს. ვიქტორს მიღებული აქვს მრავალი სპორტული ჯილდო, მათ შორის არის საფრანგეთის თასის მფლობელი, იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრების ღირსებას სამ ევროპის ჩემპიონატზე იცავდა. ვიქტორ სანიკიძე დეპუტატის რანგში განაგრძობს ზრუნვას ქართული სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.

 

ნომერი თოთხმეტი „ქართული ოცნების“ სიაში გახლავთ მაკა ბოჭორიშვილი.  მაკას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრეთვე საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევის ევროპულ ცენტრში, ბელგიაში.

 

მაკა ბოჭორიშვილს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული დიპლომატიური გამოცდილება. სხვადასხვა დროს, ის იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ეუთოსა და ავსტრიაში საქართველოს ელჩის მოადგილე და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. დღემდე მაკა იკავებდა ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის მოადგილის თანამდებობას.  მაკა ბოჭორიშვილი მნიშვნელოვნად გააძლიერებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. 

 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეთხუთმეტე ნომერია შალვა პაპუაშვილი.  შალვა არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი. მან იურიდიული განათლება და მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზაარლანდის უნივერსიტეტში, ხოლო 2012 წელს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. შალვა პაპუაშვილს აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში მუშაობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. არის ასოცირებული პროფესორი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამას საქართველოში.  შალვა პაპუაშვილი მნიშვნელოვნად გააძლიერებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს იურიდიული და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.

 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეთექვსმეტე ნომერია საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გამორჩეული ლიდერი, გამორჩეული გუნდური მოთამაშე - დავით კაჭარავა. დავით კაჭარავა არის მორაგბე, რომელსაც ჩატარებული აქვს ყველაზე მეტი სანაკრებო მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში. შესაბამისად, ის არის ქართული რაგბის მრავალწლიანი შეუქცევადი წინსვლის გამორჩეული თანაავტორი, რომელიც შედეგიანი და ეფექტური თამაშით განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებდა ქართველ გულშემატკივარს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის ქართული სპორტის განვითარებაზე ზრუნვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას პარლამენტარის რანგში განაგრძობს.

 

ნომერი ჩვიდმეტი ჩვენს საპარლამენტო სიაში გახლავთ ნიკოლოზ სამხარაძე.  ნიკა არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში . ნიკოლოზ სამხარაძეს აქვს კერძო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის ხანგრძლივი წარმატებული გამოცდილება.  ნიკა ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ნიკოლოზ სამხარაძე მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საპარლამენტო გუნდს საგარეო და განათლების მიმართულებით.

 მეთვრამეტე ნომერი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში - გიორგი ხელაშვილი. გიორგი არის საერთაშორისო ურთიერთობების გამორჩეული სპეციალისტი, მრავალწლიანი წარმატებული, დიპლომატიური და აკადემიური გამოცდილებით. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში.  გიორგი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დამფუძნებელი და აკადემიური პროგრამების დირექტორი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი. ამჟამად, გიორგი არის საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი, კითხულობს ლექციებს და გადასცემს ცოდნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. გიორგი ხელაშვილი მნიშვნელოვნად გაამდიდრებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს საგარეო და განათლების მიმართულებით.

 

ჩვენი საპარლამენტო სიის მეცხრამეტე ნომერია მარიამ ლაშხი. მარიამს აქვს კერძო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის წარმატებული გამოცდილება. დღემდე ის ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეფექტიან მართვაში. მარიამი გააძლიერებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს ეკონომიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოცე ნომერი გახლავთ ბექა დავითულიანი.  ბექას აქვს კერძო სექტორში, მედიასა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მუშაობის ხანგრძლივი წარმატებული გამოცდილება. 2017 წელს ბექა შემოუერთდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, გახდა თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე. ბექა დავითულიანი იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდისთვის მეათე მოწვევის პარლამენტში.

 

ქალბატონებო და ბატონებო,

 

ჩვენი გამოცდილი და განახლებული გუნდი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა უსათუოდ შეძლებს უსწრაფეს ტემპში პანდემიით გამოწვეული პრობლემების სრულად დაძლევას, ძალების სრულად აღდგენას და განაგრძობს შემდგომ განვითარებას, რაც თითოეული ჩვენი თანამოქალაქის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დონის შემდგომ ამაღლებას უზრუნველყოფს.

მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას მობრძანებისთვის, ჩვენს ტელემაყურებელს ვუხდით მადლობას ინტრესისთვის!

 

დავდგეთ ერთად საქართველოს წარმატებისთვის!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია