დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადას - EJOI მასპინძლობს
2020/09/02 23:32:00

საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რეკორდულად ბევრი, 30-მდე ქვეყნის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში იმართება.

ოლიმპიადის  ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს.

ოლიმპიადა 2 სექტემბერს 16:00 საათზე ელექტრონულ ფორმატში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიასა და ოლიმპიადის პრეზიდენტის გიორგი მანდარიას მისალმების შემდეგ მოხდა ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების წარდგენა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით 2021 წლის ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, ტრადიციულ ფორმატში კვლავ საქართველოს ორგანიზებით გაიმართება:

 „ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ მაღალ დონეზე უზრუნველყო 2020 წლის ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დღეს, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ონლაინ ჩატარება შესაძლებელია.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატებები ვუსურვო. იმედი მაქვს, მომავალ წელს მსოფლიო Covid-19-ის პანდემიას დაამარცხებს და მომდევნო ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილეებს საქართველოში ვუმასპინძლებთ,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

წელს საქართველომ ძირითადი გუნდის გარდა, წარადგინა  დამატებით გუნდი, რომელიც ოლიმპიადაში კონკურსგარეშე იღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, შესარჩევი ტურების შედეგად გამოვლინდებიან. ოლიმპიადის საზეიმო დახურვა 6 სექტემბერს, 17:00 საათზე  ონლაინ   რეჟიმში გაიმართება.

2020 წლის საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადისთვის შეიქმნა ოფიციალური ვებგვერდი  http://ejoi2020.ge, მომზადდა ამოცანები და სპეციალური  ავტომატიზებული მატესტირებელი სისტემა.

ოლიმპიადის მასპინძლობით და მაღალი დონის ორგანიზებით საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩნდება ქვეყანა, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს ევროპისა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში სათანადო, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა თუ პედაგოგიური კადრის არსებობით.

ინფორმატიკის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით შეირჩა.

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული  ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი  იმართება ინფორმატიკის  საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით.  პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში  გაიმართა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია