დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად
პლაზმაფერეზის წარმატებული გამოყენების შემთხვევა COVID-19-ის დროს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/05/07 13:27:46


 

სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტებისა და ახალი სამკურნალო მიდგომების დასადგენად. მათ შორის ერთ-ერთი მიდგომაა პაციენტის სისხლში ციტოკინების და სხვა ანთებითი მედიატორების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას პლაზმაფერეზის და/ანექსტრაკორპორული „სისხლის გაწმენდის“ საშუალებით სხვადასხვა ფილტრებისა და სორბენტების გამოყენებით.  

 

როგორც ბატონი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, აღნიშნული ციტოკინები და ანთების მედიატორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ COVID-19-ის პათოგენეზში, ხშირად განაპირობებენ დაავადების სიმძიმეს და ზოგჯერ ლეტალურ გამოსავალსაც. შესაბამისად, სისხლში მათი რაოდენობის შემცირება ერთ-ერთ პერსპექტულ მიდგომად ითვლება COVID-19-ის მკურნალობაში.

 

ა.წ. 10 აპრილს, აშშ FDA-იმ გასცა ნებართვა ე.წ. „ექსტრაკორპორული სისხლის გაწმენდის“ მეთოდების გამოყენებაზე 18 წელზე მეტი ასაკის მქონე COVID-19-ით მძიმე ავადმყოფებში, რომლებიც მოთავსებულნი არიან ინტენსიური თერაპიის ბლოკში.

 

ავადმყოფი - კ.ა. მამაკაცი, 60 წლის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში შემოვიდა COVID-19-ის დიაგნოზით ა.წ. 1 აპრილს. შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, ძლიერი ადინამია, ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. რადიოლოგიურად დაფიქსირდა ორმხრივი ფილტვების ანთება და რიგი სერიოზული გადახრები ლაბორატორიული კვლევებით. პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ჰიდროქსიქლოროქინით(პლაქვენილით), ანტიბიოტიკებით, ფრაქსიპარინით და სხვ. მკურნალობის პროცესში ხანმოკლე გაუმჯობესების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და სხვ. სისხლის და ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევით ბაქტერიული კულტურის ზრდა არ დაფიქსირდა. სისხლში ინტერლეიკინ - 6-ის მაჩვენებელი - 47 pg/mL (N<7pg/mL).ამ და სხვა მონაცემების საფუძველზე ჩაითვალა, რომ პაციენტის დამძიმების მიზეზი იყო ე.წ. „ციტოკინური შტორმი“.

 

ა.წ. 13 აპრილს ავადმყოფს ჩაუტარდა პლაზმაფერეზის პროცედურა. მარჯვენა იდაყვის ვენის მიდგომით მოშორდა 2ლ-მდე მომწვანო ფერის პლაზმა. ჩანაცვლება მოხდა ახლადგაყინული პლაზმით და ალბუმინის ადეკვატური რაოდენობით. პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ. თუმცა ამ უკანასკნელების სრული ნორმალიზება არ მომხდარა. ა.წ. 18 აპრილს გაკეთდა პლაზმაფერეზის მე-2 პროცედურა, რის შემდეგაც ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ინტერლეიკინ - 6-ის მაჩვენებელი შემცირდა 4,75 pg/mL-მდე. მოხდა სხვა ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზება და ა.წ. 26 აპრილიდან მას არანაირი კლინიკური სიმპტომები აღარ აღენიშნებოდა. ა.წ. 1 და 2 მაისს 24 საათის ინტერვალით ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალაში SARS-CoV-2-ის რნმ-ზე პჯრ კვლევით მიღებულ იქნა უარყოფითი შედეგი, რის შემდეგაც პაციენტი გაეწერა კლინიკიდან გაჯანმრთელებულ მდგომარეობაში. 


აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 723
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია