დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყვია - ბავშვობის მეგობარს
2010/04/12 12:44:22

ბავშვობის მეგობრის განზრახ მკვლელობა თუ უნებური ტრაგედია? - ამის გარკვევას ცდილობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. აქ ახლახან განიხილეს ოზურგეთელი ზურაბ მიმინოშვილის საქმე, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განზრახ მკვლელობის (108-ე) მუხლით და იარაღის ტარების ბრალდებით განაჩენი უკვე გამოუტანა და სასჯელად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2008 წლის 18 აგვისტოს ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მცხოვრები ზურაბ მიმინოშვილი თავის სახლში იმყოფებოდა, როდესაც მასთან ოთხი თანასოფლელი მივიდა. „საქმის გარჩევა“ ერთ-ერთი მათგანის - რამაზ მახარაძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტის გამო მოხდა. მოწმეების ჩვენებით, მიმინოშვილს შერიგება უნდოდა,  მაგრამ საუბარი ჩხუბში გადაიზარდა, გაბრაზებული ზურაბ მიმინოშვილი სახლში შევარდა და იქიდან ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი გამოიტანა. მან ჰაერში ერთჯერ გაისროლა. რამაზ მახარაძის ერთ-ერთი თანმხლები - მოსე არჩვაძე ზურაბ მიმინოშვილს წინ გადაუდგა, რათა მას მახარაძისათვის არ ესროლა. რაკი მიზანი სისრულეში ვერ მოიყვანა, განაწყენებულმა ზურაბ მიმინოშვილმა პისტოლეტის ერთჯერადი გასროლით მოსე არჩვაძე სასიკვდილოდ დაჭრა. ის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით ოზურგეთის საავადმ-ყოფოში გადაყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. ზურაბ მიმინოშვილმა კი შემთხვევის ადგილი მიატოვა და მიიმალა. მისი დაკავება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოხერხდა.

განსასჯელმა ოზურგეთის სასამართლოში მოსე არჩვაძისათვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა და განაცხადა - როდესაც მოსე არჩვაძე მას ხელში ეცა, იარაღი უკვე სხვას - მიხეილ შოვნაძეს ეჭირა და გასროლაც მისი ხელიდან მოხდაო. მისი ეს ჩვენება სასამართლომ არ გაიზიარა და მიმინოშვილს სასჯელი - 9 წელი - განზრახ მკვლელობის ბრალით შეუფარდა. რაც შეეხება იარაღის საკითხს, მისი შეძენის ბრალდება მიმნოშვილს ძიებაშივე მოეხსნა, რადგან გაირკვა, რომ ის მუშაობას „დაცვის სამსახურში“ იწყებდა და იარაღი ამ მიზნით ლეგალურად შეუძინეს. მას ბრალად მხოლოდ იარაღის შენახვა დაედო, რისთვისაც ერთი წელი აკმარეს.

განაჩენი მიმინოშვილის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატმა ბულბული მჟავანაძემ სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, მიმინოშვილს განზრახ მკვლელობის მუხლი უნდა შეეცვალოს,რადგან მას არჩვაძის განზრახ მკვლელობის სურვილი არ ჰქონია. ამას კი იმით ასაბუთებს, რომ ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ და მათ შორის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. სახელმწიფო ბრალმდებელი კი, პირიქით, უფრო მკაცრ განაჩენს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. მისი მტკიცებით, განსასჯელმა ორი დანაშაული ჩაიდინა: მკვლელობის შემდეგ ძიებას დაემალა, მერე კი სხვადასხვაგვარ ჩვენებას იძლეოდა.

სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე ლევან მეშველიანის თავმჯდომარეობით, დაცვის მხარის პოზიცია დაიჭირა და განსასჯელს განზრახ მკვლელობის მუხლი მოუხსნა. ის ს/ს კოდექსის 116-ე მუხლით გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. საერთო ჯამში, მიმინოშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 5 წლის გატარება მოუწევს. განაჩენი საბოლოო არაა და ის გასაჩივრებას ექვემდებარება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია