დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავარია, არ იყოს პანიკა!
ზურაბ ჭიაბერაშვილი:"თუ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდება, ეს არ არის ხელისუფლების და არც ოპოზიციის ბრალი"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/02/26 14:16:12

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონა ვირუსთან დაკავშირებულ საკითხებს სოციალური ქსელით ეხმაურება



კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი და სიჩქარე ისეთია, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, წამყვანი ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები გამუდმებით გვაფრთხილებენ 2 რამეზე: -

პრაქტიკულად, ვერცერთი ქვეყანა აცდება ვირუსის დაფიქსირების შემთხვევას, და - თავად დაავადება იმდენად საშიში არაა, რამდენადაც პანიკა, რომელშიც საზოგადოება შეიძლება ჩავარდეს.



ამ ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოში გავითვალისწინოთ შემდეგი:

1. თუ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდა, ეს არ არის ხელისუფლების (და არც ოპოზიციის :) ) ბრალი. საზღვრებს მთლიანად ვერ ჩავკეტავთ, ხოლო მხოლოდ ჩინეთთან ან ირანთან ან იტალიასთან საზღვრების ჩაკეტვა არ უშველის. ვირუსი დაფიქსირებულია საფრანგეთში, გერმანიაში, დღეს უკვე შევიცარიაში და ..



2. არ უნდა დავადანაშაულოთ ხელისუფლება იმაში, რაც მის კონტროლს მიღმაა, რადგან ისედაც არაკომპეტენტური და თავმოუბმელი მთავრობა გვყავს და რაც უფრო ზედმეტი და უსარგებლო ზეწოლის ქვეშ მოვაქცევთ, მით უფრო არაადექვატური და არაეფექტური იქნება მისი მოქმედება. სამწუხაროდ, მთავრობა გვყავს ისეთი, როგორიც გვყავს (შემოდგომამდე) და ახლა ამაზე წუწუნი უსარგებლოა.



3. მადლობა ეკუთვნით ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებს, რომლებიც მაქსიმუს აკეთებენ, რომ ჩვენი საზოგადოება პანიკას არ აყვეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ, მარტო ამ ორი ადამიანის ძალისხმევა საკმარისი არაა.



4. თუ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდა, მთავრობამ მასზე რეაგირება ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ამარა არ უნდა დატოვოს, რადგან - დაავადების შემთხვევათა მართვა სცდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციას და წინა პლანზე ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გამოვიდეს, რადგან მთელი ჯანდაცვის სისტემის კოორდინირებული მოქმედება იქნება საჭირო - საზოგადოებრივ რეაქციებს გავლენა ექნება ბევრ ისეთ სფეროზე, რომელიც არათუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციათა მიღმაა და ამიტომ აუცილებელია, მთავრობის ადექვატური მოზადება და ეფექტური პასუხი



5. ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ არ ვიყოთ დაინტერესებული, როგორ მზადყოფნაშია მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებას პანიკისკენ უბიძგებს არა მხოლოდ დაავადებისადმი გადამეტებული შიში, არამედ მთავრობისადმი უნდობლობა, რომ ამ მთავრობას რაიმე კრიზისის მართვა ეფექტურად შეუძლია. ამიტომ აუცილებელია, მთავრობამ დაანახოს მოქალაქეებს, რომ იგი მზადაა ყველა შესაძლო სცენარისთვის.



6. ვიცით რა, როგორ მთავრობა გვყავს, ამიტომაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება პოლიტიკოსებს და მედიას, რომ ჩვენმა ერთმა სიტყვამაც კი არ გამოიწვიოს დაბნეულობა, გაუგებრობა, პანიკა და არ აიძულოს მთავრობა, თავად ჩავარდეს პანიკაში.



7. დაავადებით გამოწვეული ჯანდაცვის ტვირთი შეიძლება იმდენად მძიმე არ იყოს, რამდენადაც მისი ეკონომიკური ეფექტი. მსოფლიო საფონდო ბირჟები უარყოფითად რეაგირებენ კორონავირუსის გავრცელების არეალის ზრდაზე. ჩვენ, როგორც მსოფლიო ეკონომიკის პერიფერია, ამას შეიძლება ჯერ ვერ ვგრძნობთ, მაგრამ გასათვლელია, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საზღვრების ჩაკეტვას და სხვა ღონისძიებებს ჩვენთან ტურისტულ ნაკადზე, იმპორტ-ექსპორტზე, შესაბამისად, ლარზე, შესაბამისად, ფასებზე და .. ვიმეორებ: ჩვენი ყველას ინტერესშია, მოვიქცეთ რაც შეიძება მშვიდად, აუღელვებლად და რაციონალურად.“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია