დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შობის ღამე დგებაო, სასწაული ხდებაო"...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2020/01/06 13:32:32

მართლმადიდებელი ქრისტიანები ხვალ, 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ. 

უკვე რამდენიმე წელია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია: შობის ღამეს სარკმელთან ვანთებთ სანთელს და მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ - ჩვენს გულებში. 

 

ზამთრის ცივ ღამეში, მაშინ, როცა დავითის ქალაქს ღრმა ძილით ეძინა თივასა და ჩალაში იშვა მაცხოვარი. იმ ღამეს მხოლოდ რამდენიმე მწყემსს არ ეძინა და ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება.

 

„ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე“.  მათაც ჭეშმარიტისარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს.

 

მათეს სახარება მოგვითხრობს რამდენიმე მოგვის შესახებ, რომლებიც „გაბრწყინებულ ვარსკვლავს“ გაჰყვნენ და აღმოსავლეთიდან იერუსალემში ჩავიდნენ ყრმა იესოსთვის თაყვანის საცემად. მოგვებმა – აღმოსავლელმა ასტროლოგებმა და ბრძენკაცებმა – იესოს ძღვნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური, შესაბამისად მეფურობის, ღმრთაებრიობისა და ადამიანურობის სიმბოლოები.

 

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ  ყრმა იესოს დაბადებას სამყაროში არაერთი დიადი სასწაული მოჰყვა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ.

 

სასწაულები შობის ღამის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ თუ გულწრფელად დაიჯერებ და ისურვებ აუცილებლად ახდება ოცნებები ამ ღამეს. საქართველოში გავრცელებულია საშობაო ლექსი, რომელიც სწორედ ქრისტეშობის სასწაულებზე მოგვითხრობს.

 

„შობის ღამე დგებაო,

სასწაული ხდებაო,

წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო,

შობის ღამეს მოვიხმობთ

დედა ღვთისმშობელსაო,

სახლი მისი სტუმრობით

მადლით აგვევსებაო,

შობის ღამე დგებაო,

ქრისტე იბადებაო

ყველა სასწაული ხომ

შობის ღამეს ხდებაო!“

 

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია