დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომიკური გაძლიერება
მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი გრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/27 11:36:19

 

 

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტის მესამე ფაზა დაიწყო 2018 წლის აგვისტოში და გაგრძელდება 2021 წლის ბოლომდე. დასავლეთ საქარველოში მას ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC.


პროექტის დაწყებიდან წელიწადნახევარი გავიდა და, გარკვეულწილად, შეიძლება შედეგების შეჯამება. ჩატარდა ორი საგრანტო კონკურსი, რომელთა ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა 42-მა მიკრო მეწარმემ. ვინაიდან პროექტი ხორციელდება სოფლებში, მოსახლეობა მეტ დაინტერესებას გამოხატავს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მიმართ, თუმცა, არსებობს საკმარისი პოტენციალი და დაინტერესება არასასოფლო წარმოებისა და სერვისების კუთხით. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ დაფინანსებულ მიკრო მეწარმეთა თითქმის ნახევარი არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა. 


ყველა მათგანს ჩაუტარდა ტრენინგები ბიზნესის დაგეგმარების, გადასახადებისა და დაბეგვრის საკითხებზე, ასევე სასწავლო სესიები SWOT ანალიზის, ფინანსური აღრიცხვისა და მარკეტინგის დარგში. ცხრამეტმა ადამიანმა გაიარა პროფესიული სწავლება სურსათის უვნებლობის, მესათბურეობისა და ვარდების მოყვანის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცნობიერების ამაღლებას სურსათის უვნებლობის არსებულ სტანდარტებზე. პროექტის თანამშრომლების, ქეთო დვალიშვილის და ალექსი ხარშილაძის თქმით, ისინი ავრცელებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას არა მარტო ამჟამინდელ, არამედ წინა ორი ფაზის ფარგლებში მხარდაჭერილ მიკრო მეწარმეებშიც.


ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურ შანსს აძლევს მოტივირებულ და უნარიან ადამიანებს წამოიწყონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი, გაზარდონ ოჯახის შემოსავალი და, გარკვეულწილად, აიმაღლონ ცხოვრების დონე. გარდა ამისა, BP-ს დახმარებით სოფლებში იქმნება დამატებითი პროდუქტი და მომსახურება, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას,“ - აღნიშნავს პროექტის მენეჯერი მარიანა ლოთიაშვილი და განაგრძობს: „ინტერესი პროექტის მიმართ იზრდება, რაზეც მოწმობს საგრანტო კონკურსების ფარგლებში შემოტანილი ათას ასზე მეტი განაცხადი. ადამიანები ხედავენ მასში ეკონომიკური გაძლიერების საშუალებას. სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო მსხვილ ფერმერებზეა ორიენტირებული, პროექტი შესაძლებლობას აძლებს ჩვეულებრივ ადამიანებს წამოიწყონ და თანდათანობით განავითარონ თავისი საქმე.“


პროექტს უაღრესად დადებითად აფასებენ მასში ჩართული ადამიანები, ვინც მისგან ამდენ სიკეთეს იღებს. ჩვენ გავესაუბრეთ ორ დაფინასებულ მიკრო მეწარმეს. მაკა მდივანმა სოფ. ქვედა საქარიდან (ზესტაფონის რაიონი) პროექტის დახმარებით სამკაულების წარმოება დაიწყო, შეიძინა რა საჭირო დანადგარები და ინსტრუმენტები. მისი ასორტიმენტი მოიცავს ყელსაბამებს, საყურეებს, ბეჭდებს, ასევე ხატებსა და ჯვრებს. მაკა კრეატიული პიროვნებაა და თავად ქმნის საკუთარ ნაკეთობათა დიზაინს. „ჩვენი მშვენიერი ქალბატონები იმსახურებენ ნატიფი სამკაულების ტარებას,“ - ღიმილით ამბობს ის. მაკას სურს ახალი პროდუქტების შექმნა, გეგმავს მინაზე ნახატების, ხელნაკეთი  ღილების  და სუვენირების წარმოებას. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო -ის და BP-ის მხარდაჭერისა და სწავლებისათვის. სამკაულების დამზადება ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის, ეს არის ჩემი გატაცება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიზნესი გავაფართოვო.“ 


ქეთევან მეფარიშვილი სოფ. შუამთიდან (ვანის რაიონი) ამბობს: „სათბურის საშუალებით ჩემი ოჯახის შემოსავალი თითქმის ორჯერ გაზარდა. პომიდვრის რეალიზაციიდან მიღებული თანხით სამი საბანკო სესხის დაფარვა შევძელი. ოჯახი ჩართულია საქმეში, ყველა მეხმარება, რადგან რეალურ შედეგს ხედავენ. მინდა დიდი მადლობა  გადავუხადო  BP-ს და CTC-ს არა მარტო დაფინანსებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ამდენ სასარგებლო ცოდნას გადმოგვცემენ“.


 


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტს დადებითად აფასებენ არა მარტო ის ადამიანები, ვინც დაფინანსება მოიპოვა, არამედ ისინიც, ვინც მონაწილეობდა კონკურსებში და ვერ გაიმარჯვა. პროექტის გუნდის თქმით, ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ პროექტს რეალური სარგებელი მოაქვს და მთლიანად შეესაბამება მოსახლეობის საჭიროებებსა და მცირე მეწარმეობის განვითარების კონტექსტს.


პროექტთან თანამშრომლობას აგრძელებენ ადრე დაფინანსებული მიკრო მეწარმეები, რომლებიც მენტორები ხდებიან დამწყები მეწარმეებისთვის. პროექტის გუნდის თქმით, მენტორების მიერ მონახულებულ მეწარმეთა ნახევარზე მეტმა უკვე დანერგა მათი რეკომენდაციები და დადებითი ეფექტი მიიღო. ამასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ პროექტის ერთ-ერთ მენტორს, მანუჩარ აბულაძეს, სოფ. სვეტმაღალიდან (ზესტაფონის რაიონი), რომელიც 2015 წლის ბოლოს დაფინანსდა და სასათბურე მეურნეობა შექმნა.


პროექტში მონაწილეობა ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება გახდა,“ - ამბობს ის. ძალიან მიხარია, რომ შევძელი ჩემი ცოდნის გადაცემა დამწყები კოლეგებისთვის. ბედნიერი ვარ, როცა მესმის მადლობის სიტყვები და ვგრძნობ, რომ შევძელი კონკრეტული სარგებლის მოტანა. ვცდილობ გავუზიარო ცოდნა ახლობლებს, მეგობრებს, ვუბიძგო მათ პოზიტიური ცვლილებებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ არის  გასული, რაც მენტორი გავხდი, უკვე ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და იმედი მაქვს, რომ ისინი კმაყოფილები არიან ჩემთან ურთიერთობით.“


პროექტის ბენეფიციარებთან და წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდგომ, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტმა უკვე გამოიღო რეალური და საინტერესო შედეგები. წარმატებას ვუსურვებთ პროექტს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ის კვლავ განაგრძობს წვლილის შეტანას ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 19113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია