დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანის გატაცებისათვის ბრალდებულს სასჯელი შეუმსუბუქდა
2010/03/29 12:37:01

ჩვენი გაზეთის 2010 წლის 15-21 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „სოლიდური სასჯელი დისშვილის გატაცებისათვის“ ქობულეთელი აზიზ ა-ს ისტორია მოგითხრეთ, რომელსაც ბათუმის სასამართლომ 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმ დროისათვის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავდა. შეგახსენებთ, რომ აზიზ ა-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წარედგინა, მათ შორის, ადამიანის გატაცების, დოკუმენტების განადგურებისა და პიროვნების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

სააპელაციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში მსჯავრდებულმა ბათუმის სასამართლოს ვერდიქტის შემსუბუქება მოითხოვა. რაც შეეხება დანაშაულის აღიარებას, მან თავი დამნაშავედ პირველი ინსტანციისავე სასამართლოში სცნო. განსასჯელის ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა განსასჯელისთვის სსკ-ის 143 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო დანარჩენ მუხლებში მინიმალური სასჯელის დანიშვნა მოითხოვა. ბრალდების მხარემ და დაზარალებულმა - დედინაცვალმა ნადეჟდა ა-მ კი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ლევან მეშველიანის თავმჯდომარეობით ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტის საჩივარი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ის, რომ მსჯავრდებულმა აზიზ ა-მ მცირეწლოვანი იანუში იმ მიზნით გაიტაცა, რომ დედინაცვალი და ნახევარდა ეიძულებინა ქობულეთში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლი არა გაეყიდათ, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი ძმა და მამა, რომლებიც ასევე პატიმრები არიან, გათავისუფლების შემდეგ თავშესაფრის გარეშე დარჩებოდნენ. იგივე მოტივი ამოძრავებდა აზიზ ა-ს, დედინაცვლის პირადობის მოწმობისა და სხვა დოკუმენტების გატაცებისა და განადგურებისას.

სასამართლოს პალატამ დაადგინა, რომ დოკუმენტების გატაცება წინ უძღვოდა პატარა ბიჭის გატაცების ისტორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ მსჯავრდებულს უნდა მოეხსნას ის მუხლი (143), რომელიც გულისხმობს, რომ აზიზ ა-მ ჯერ გაიტაცა პატარა და შემდეგ გაუჩნდა მასთან დაკავშირებული სპეციალური მიზანი - შესაბამისად, აზიზ ა-ს მსჯავრის 8 წელი მოაკლდა. მას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბიჭის გატაცებისათის სსკ-ის 144 მუხლის თანახმად 11 წელი მიესაჯა, დანარჩენი ბრალდებებისათვის 4 წელი და 6 თვე დაუმატეს. საერთო ჯამში კი მას 15 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა. რაც ასევე საკმაოდ მძიმე სასჯელია, თუმცა წინანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემსუბუქებული.

სასამართლომ ასევე შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი დედა, რომლისთვისაც ის ერთადერთი მარჩენალია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია