დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის ელექტრონულით შეცვლის უფასო აქციები გაგრძელდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/03/21 12:30:27

„ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ მიღების მორიგი აქციები გამოცხადდება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მინისტრის თქმით, ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

 

მინისტრმა პარლამენტის დეპუტატებს კიდევ ერთი მასშტაბური აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, აქციის ფარგლებში, მაისში, ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

 

„ჩვენ შარშან საკონსულოებში გვქონდა აქცია, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის და პირადობის დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის - ეს არის არა პირადობის ელექტრონული მოწმობა, არამედ პასპორტი, გაიცემოდა 50 დოლარად. ეს არის ამ დოკუმენტის ღირებულების 70%-იანი ფასდაკლება და ამ აქციით 5000-მა პირმა ისარგებლა.

 

თუმცა, უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში - ანუ მაისში, მთელი ერთი თვე და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ - ეს არის კიდევ ერთი აქცია.

 

2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ოდირის (ODIHღ) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის ასეთი მდგომარეობაა - 401 000 ადამიანი ფლობს ქაღალდის პირადობის მოწმობას, რომელსაც ზედ აწერია „უვადო“. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს, რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას.

 

შესაბამისად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ჩვენ მხოლოდ ამ მოქალაქეებისთვის გვექნება, როგორც პირადობის მოწმობა, ასევე, პასპორტი სრულიად უფასო.

 

ამის იქით, მე არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ, რომ დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომლებიც ქაღალდის პირადობის მოწმობას ფლობენ, რომ: თქვენი პიროვნება, ვინაობა არის ადვილად გასაყალბებელი... შეიძლება, ისე გადაფორმდეს-გადმოფორმდეს თქვენი ქონება, ვერც კი გაიგოთ. ასევე, არსებობს რისკი, რომ, თუკი არაკეთილსინდისიერი ხელისუფლება იქნება სათავეში, ვინმემ საარჩევნო უფლება წაგართვათ.

 

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას - იმ 401 000 ადამიანს, ვისაც ამჟამად ჯიბეში, ჩანთაში, უჯრაში გაქვთ ქაღალდის პირადობის მოწმობა, რომელიც ადვილად გასაყალბებელია და მასზე აწერია „უვადო“, ისარგებლოთ ამ აქციით და როგორც პირადობის მოწმობა, ასევე, პასპორტი, ორივე საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, 1 აპრილიდან 1 მაისამდე მიიღოთ სრულიად უფასოდ“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 972
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია