დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიჩბოსნობა ნიჩბების გარეშე
2010/03/15 13:03:46

ქუთაისში ნიჩბოსნობის სპორტული სკოლა 1978 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა საქართველოში ხალხურ ნიჩბოსნობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მობაიდარეთა პირველი სპორტული შეჯიბრება 1930-იან წლებში გაიმართა, როცა მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წყალჯომარდობის სადგური აიგო. სადგური მთელი დატვირთვით მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამუშავდა. სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების აქტიურად ჩაბმა ვლადიმერ რაზმაძისა და შაქრო ხუბეროვის სახელებს უკავშირდება. მოგვიანებით, მსგავსი ჯგუფები თბილისში, ფოთში, დუშეთში, სოხუმში, ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნა. 

ქუთაისის ნიჩბოსანთა სპორტულმა სკოლამ 30 წლიანი არსებობის მანძილზე არაერთი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი გამოზარდა, თუმცა, ეს წლების წინ, კომუნისტების ხანაში იყო, ბოლო წლების მანძილზე კი მიღწევები თითქმის არ ყოფილა, რაც იყო, ისიც - მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ამის მთავარ მიზეზად კი მწვრთნელები არ არსებულ ინვენტარს და სავარჯიშო პირობებს ასახელებენ...

ჩამოყალიბების დღიდან 2007 წლამდე ქუთაისის ნიჩბოსანთა სპორტული სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, 2007 წლიდან ის ქუთაისის მერიას ექვემდებარება. სკოლა ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და არცთუ მცირე თანხებით. ოფიციალური მონაცემებით, 2009 წელს ქუთაისის #21 ნიჩბოსნობის სპორტულ სკოლას 125 300, 2010-ში კი - 130000 ლარი გადაერიცხა.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახურის სპორტის მთავარი სპეციალისტის გია ჩიხლაძის განცხადებით, დღეისთვის სკოლა ასეთ დონეზეა:

„საქართველოში ეს არის ერთ-ერთი მისათითებელი სკოლა შედეგების მიხედვითაც და შრომითაც. შარშანწინ დავეხმარეთ, შევუძინეთ თანამედროვე ტიპის ნავები, სულ ახლები. ეს შედეგს იმითაც მოგვცემს, რომ ბავშვები ძველ ნავებს იყვნენ შეჩვეული და შეჯიბრში ახალი ნავებით იმავე დროს ვეღარ აჩვენებდნენ. ახლა ამ ახალი ნავებით ვარჯიშობენ და წელს ველოდებით, რომ უფრო კარგ შედეგებს ჩამოიტანენ საერთაშორისო ტურნირებიდან.

წელს რასაც შევძლებთ, კიდევ გავუკეთებთ, ყოველ შემთხვევაში, შეჯიბრების თანხები აქვთ. სკოლა დაფინანსებულია თავიდან ბოლომდე. შარშან გარემონტდა, გაკეთდა სველი წერტილები, მოეწყო გასახდელები. მარჯვენა მხარეს კიდევ არის ძველი შენობა, რომლის რემონტი დაწყებულია. ამ სკოლის დირექტორი მურთაზ გოგელაშვილია საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი ბაიდარით და კანოეთი ნიჩბოსნობაში, პლუს საქართველოს ნაკრების უფროსი მცველია. ამ მხრივ მზადება თითქმის საქართველოს ნაკრების დონეზე მიმდინარეობს.“

მართალია, მერიაში თანხები არ ენანებათ, მაგრამ, რამდენად შინაარსიანად იხარჯება მათ მიერ გამოყოფილი ფინანსები, ამის გასარკვევად, ნიჩბოსანთა სპორტულ სკოლას ვესტუმრეთ.

სკოლის დირექტორი მურთაზ გოგელაშვილი თანამდებობაზე 2000 წლიდანაა და აცხადებს, რომ ამ ცხრა წლის მანძილზე(!) სკოლისთვის უკვე ხუთი თანამედროვე ტიპის ნავი შეიძინა და საკუთარი კაბინეტის რემონტიც თითქმის დასრულებულია (საუბარია, სკოლის ეზოში არსებულ მეორე შენობაზე, რომელსაც, სპორტსმენებთან არანაირი შეხება არა აქვს)...

ერთი თვალის შევლებითაც აშკარაა, რომ სპორტულ სკოლაში პრობლემა ბევრია. დირექტორი უსახსრობას, მწვრთნელები - სავარჯიშო დარბაზის და შესაბამისი ინვენტარის არარსებობას უჩივიან. დირექტორის განცხადებით კი სპორტის ამ სახეობას დარბაზი საერთოდ არ სჭირდება, რადგან ვარჯიში წყალში მიმდინარეობს. რეალურად, ამ დროისთვის სპორტულ სკოლაში არსებული დარბაზი დღეს მხოლოდ კაბინეტის გასარემონტებელი მასალის საწყობს წარმოადგენს. აქვეა 1988 წელს (22 წლის წინათ!) შეძენილი ნავები, რომლითაც, საქართველოს გარდა, დღეს არც ერთი ქვეყანა აღარ სარგებლობს. ახლადშეძენილ ექვს ნავს კი (ერთ-ერთი მათგანი მოსწავლემ შეიძინა), ნიჩბები ჯერ არ აქვთ. მურთაზ გოგელაშვილის თქმით, მიზეზი აქაც შესაბამისი ფინანსების არარსებობაა:

„დარბაზი ჩვენ, ფაქტიურად, არა გვაქვს, ეს არის ნავების შესანახი. პატარები მეორე სკოლაში ვარჯიშობენ. ისე, ჩვენ, ძირითადად, წყალზე ვართ. ვარჯიშის დროს უნდა იყვნენ წყალში, ან უნდა დარბოდნენ. ამ შტანგასაც (ხელით აწყობილ რკინის ნაჭერზე მიგვითითებს), ბავშვები წყლიდან რომ ამოვლენ, მაშინ „აკაჩავებენ“, ისიც - ზამთარში, ისე, სულ წყალზე არიან.

ინვენტარისთვის საკმარისი თანხები არ არის, ეკონომიით გავარემონტე ეს შენობაც. მასალებს თუ შევიძენთ, მერე ჩვენი ხელით ვარემონტებთ. ინვენტარისთვის დამატებით მოვითხოვე 30 000 ლარი, მაგრამ არ დამიმატეს. ეკონომიის ხარჯზე შევიძინეთ ხუთი ნავიც. თანამედროვე ნავი რომ შევიძინოთ, 4000 ევრო ღირს, ნიჩაბი - 450 ევრო. ეს 5 ნავი გზის ხარჯებიანად 6000 დაჯდა“.

ეკონომია საკუთარი ხელით შეჭედილ, ე.წ. „პლოტის“ ხარჯზეც გაწიეს, რომლისთვისაც ფიცრები მოსწავლეებმა სახლიდან მოიტანეს. აქვეა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხებით გარემონტებული სველი წერტილები (საშხაპეები), სადაც ჯერ მხოლოდ კაფელია დაგებული და ჯერ ისევ უმოქმედოა.

მწვრთნელების განცხადებით, აქ ვარჯიშისთვის შეუძლებელი პირობებია.

„ვაწარმოებთ ვარჯიშს ძველი ინვენტარით, ვწვალობთ. რაც კეთდება, კარგია, მაგრამ უფრო კარგი იქნება დარბაზიც რომ გაკეთდეს. ორი სახეობაა ამ წუთას სკოლაში: „ბაიდარკა“ და აკადემიური, „ბაიდარკაში“ რამდენიმე ნავი შეიძინა შარშან დირექტორმა, აკადემიურში კი, მე რომ ნიჩბებით ვუსვამდი წლების წინ, ისეთი ნიჩბები აქვთ მოსწავლეებს. დრო უნდათ, შეჯიბრისთვის თანამედროვე ნავებს რომ შეეჩვიონ. მერიაში გვპირდებიან, ყოველ წელს ამბობენ, რომ იქნება ახალი ნავები. „ბაიდარკაში“ კიდევ არის ნავები, ინვენტარიც, მაგრამ აკადემიურში - არა. აზერბაიჯანში მყავს ერთი მეგობარი მწვრთნელი და ერთი ნავი იმან მაჩუქა - ძველი. მოსკოვში ნათესავები მყავს და ისინი მიწყობენ ხელს ნავით თუ ნიჩბებით...“, - ამბობს აკადემიური ნიჩბოსნობის მწვრთნელი მერაბ ჯანელიძე.

მწვრთნელების თქმით, ოთხადგილიანი ნავებით იშვიათად, ძირითადად, ერთ და ორ ადგილიანი ნავებით ვარჯიშობენ. მართალია, ნავების სპეციფიკას და მათ შორის განსხვავებას ვერ მივხვდით, თუმცა, გამოუცდელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ ამ ნავებით ვარჯიში სახიფათოცაა და შეუძლებელიც. სიძველეშეპარულ ნავებს ისიც ემატება, რომ შენობა გადაუხურავია და ცუდ ამინდში ნავები წყლისგან არ არის დაცული.

„ბაიდარკაში“ ნავები საკმარისია დღეისათვის, ხარისხიც კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ნიჩაბი არ არის და ნავს თუ ნიჩაბი არ ექნა... ჩვენ თვითონ ვარემონტებთ ნავებს. მე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, ასევე მყავს საქართველოს ჩემპიონები გამოზრდილი, რომლებიც ამ წუთას „ზბორებზე“ არიან და ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატისთვის. არანაირი დახმარება არ არის, ამდენი წელია, ვვარჯიშობთ, საქართველოს ჩემპიონატებზე ვიგებთ და არავინ დაინტერესებულა, რომ რაიმე სახის დახმარება იყოს, შედეგი რომ გავაუმჯობესოთ. დაფინანსება კი არის მერიდან, მაგრამ ცოტა უკეთ რომ გაითვალისწინონ ფულის ხარჯვა, კარგი იქნება“, - ამბობს ბაიდარული ნიჩბოსნობის მწვრთნელი ზაზა ჯიშკარიანი.

დირექტორის თქმით, დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მხოლოდ სამივლინებო და სარემონტო ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული, ინვენტარისთვის კი შესაბამისი თანხები მერიას ჯერ არ გამოუყვია.

არადა, ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის ბუღალტერმა მზია შერგელაშვილმა, რომელსაც მეორე დღეს შევხვდით, საუბრისას განგვიმარტა, რომ სკოლის ბიუჯეტი ყოველწლიურად თავად სკოლის მოთხოვნის მიხედვით მტკიცდება. მისივე მოწოდებული ინფორმაციით, წინა წელს გამოყოფილი 125 300 ლარიდან ხელფასის, მივლინების და ტრანსპორტის ხარჯების გარდა, ოფის-კომუნალური ხარჯებისთვის 20 000 ლარი გამოიყო (ამ თანხაშია გათვალისწინებული ინვენტარის შეძენაც), წელს გაწერილი 130 000 ლარიდან კი იმავე მიზნებისთვის 17 000 ლარია გამოყოფილი. ქალბატონმა მზიამ დოკუმენტიდან ზუსტად ამოგვიწერა, მთელი წლის მანძილზე რაში იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

წელს, საქართველოს მასშტაბით, მერიის დაფინანსებით სულ 10 შეჯიბრია დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ, დირექტორის მთავარ მიზანს გამოყოფილი თანხებით საკაბინეტო შენობის რემონტის დამთავრება წარმოადგენს, იქნებ სკოლას მაინც მორჩეს თანხები ინვენტარის შესაძენად და დარბაზის გასარემონტებლად, რომ მოსწავლეებს ელემენტარული პირობები შეექმნათ ვარჯიშისთვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1897
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია