დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტოტალიზატორიდან საპატიმროში
2010/03/09 12:19:33

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამტრედიელმა ა.ზ-მ ტოტალიზატორში სიარულს მოუხშირა, მალე წაგებულმა თანხამ რვა ათას ლარს მიაღწია, თანხის მიტანის დრო იწურებოდა, მას კი ფული არ გააჩნდა... სწორედ ეს ამბავი გახდა წინაპირობა 2009 წლის 30 ივნისს სამტრედიაში მომხდარი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 236-ე მუხლებით განსაზღვრული დანაშაულისა, რაც ადამიანის გატაცებას, მისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით თანხის გამოძალვასა და უნებართვოდ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მართლმსაჯულების წინაშე წარმსდგარ ა.ზ-ს ბრალი ამ დანაშაულისათვის წარედგინა, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბრალდებული დაზარალებულ გ.ტ-ს მობილურ ტელეფონზე ესაუბრა და შეხვედრა სთხოვა. შეთანხმებისამებრ, ისინი დათქმულ დროსა და ადგილზე შეხვდნენ. როგორც შემდეგ დაზარალებულმა განაცხდა, ა.ზ-ს შეხვედრისას ხელში ტომარა ეჭირა, რომელიც მის მანქანაში მოათავსა და თვითონაც მანქანაში ჩაუჯდა. გარკვეული მანძილის შემდეგ ის მანქანის უკანა სალონში გადაჯდა და იქიდან, იარაღის მუქარით, მოძრაობის მიმართულება შეაცვლევინა. ისინი ტყისკენ წავიდნენ, რის შემდეგ ა.ზ-მ მას განუცხადა, რომ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 8 ათას 500 ლარი უნდა გადაეხადა.

თავისუფლებააღკვეთილი გ.ტ. დარწმუნდა, რომ მუქარა რეალური იყო, რის შემდეგაც ის მობილური ტელეფონით თავის ახლობლებს დაუკავშირდა. მათ თანხის შეგროვება და ტაქსის ნაცნობი მძღოლის დახმარებით თანხის დანიშნულების ადგილზე მიტანა დაავალა. გ.ტ-ს მეგობრებმა დახმარება ისე აღმოუჩინეს, რომ დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდნენ.

თანხის მიღების შემდეგ გამტაცებელმა დაზარალებული გაათავისუფლა, მიღებული თანხიდან 8 ათასი ლარი იმავე საღამოს ტოტალიზატორის მფლობელს მიუტანა (თანხის მიტანის ვადა იმ დღეს იწურებოდა), დაზარალებულმა კი მეორე დღეს დახმარებისათვის პოლიციას მიმართა. დამნაშავე რამდენიმე დღეში დააკავეს. საქმე სამტრედიის სასამართლომ განიხილა.

სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეების ჩვენების საფუძველზე, მოსამართლემ ა.ზ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულად ცნო. გამოძიებამ ამოიღო ის ცეცხლსასროლი იარაღიც, რომლითაც განსასჯელმა დანაშაული ჩაიდინა. სასამართლომ მას ადამიანის გატაცებისთვის 11 წელი, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისათვის - 4 წელი, საბოლოოდ კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, მასვე დაეკისრა 5 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა.

რაც შეეხება განსასჯელს, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ სრულად არ ცნობდა. მისი განცხადებით, დაზარალებულისაგან მან თანხა ისესხა, რომლის დაბრუნებასაც აპირებდა.

განსასჯელი მანამდე ნასამართლევი არ იყო, მას ჰყავს შვილი, მის მიერ ჩადენილ დანაშაულს დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

დაკისრებული სასჯელი განსასჯელის მხარემ გაასაჩივრა და საქმეს ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია