დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატარა „მოვაჭრე“ სამტრედიის ბაზრიდან
2010/03/09 12:17:16

- იყიდეთ, რა! - იხვეწება ავტობუსში ამოსული პატარა ბიჭი და მგზავრებს შოკოლადის ფილებს აჩვენებს.

- მოგეხმარები, ბიძია! - ცოტა ხნის მერე დიდტვირთიან კაცთან მკვირცხლად ტრიალებს იგივე ბიჭი და რკინის ურიკა მარჯვედ მიჰყავს...

 

სამტრედიის ბაზარსა თუ ავტოსადგურში ვინ არ იცნობს მას. ცამეტი წლის იური ჯულაყიძე ვანის რაიონის სოფელ ყუმურიდანაა. მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა - ავადმყოფი, ამიტომ ბავშვი დილის ექვს საათზე უკვე ფეხზე ტრიალებს. ჯერ საწოლს მიჯაჭვულ დედიკოს მიუტანს საჭმელს, იქაურობას მიხედავს, მერე ცრემლიანი თვალებით დაემშვიდობება მშობელს და სოფლის ავტობუსით გასწევს სამტრედიის ბაზრისკენ - იქ, სადაც მესამე კლასიდან საქმიანობს.

სამტრედიაში „პატარა კოჭოია“, უყვართ, ეცოდებათ და ეხმარებიან კიდეც. ვანიდან მოდის, თუ, პირიქით, სოფელში ბრუნდება დაღლილი და დაქანცული. მძღოლები ფულს არ ახდევინებენ და მზრუნველად უჩერებენ ავტობუსს „პატარა მოვაჭრეს“.

მაინც, რას აკეთებს სამტრედიაში ყუმურელი ბიჭუნა?

სუპერმარკეტიდან შოკოლადებს იაფად ყიდულობს და შემდეგ 5 თეთრის მოგებით ყიდის, თან მგზავრებს სთავაზობს ტვირთის გადატანას, ნათხოვარი რკინის ურიკით ეზიდება დიდ ტომრებს თუ ჩანთებს. თუ გაუმართლა, ორ ან სამ ლარს მაინც იშოვის იმ დღის პურის ფულად. არ ეშინია ქარის, წვიმის, თოვლის თუ სიცხის, გაბედულად დარბის ქუჩაში და ზოგჯერ, ერთიანად გაწუწულს და გაყინულს, სახეზეც თქეშად ჩამოსდის წყალი. დედის გამოჯანმრთელებაზე ოცნებობს და იმედს არ კარგავს.

„არ გიჭირს ბაზრობაზე მუშაობა, ბიჭო?“ - ამ ხშირ კითხვაზე იურის ცრემლით ევსება თვალები: „კი, ყველაზე ძნელია „კაჭკით“ ტვირთის გადატანა, ისეთი დამღლელია, ხანდახან ტირილიც ქე მინდება, მარა, რა ვქნა, დედას საჭმელი ხო უნდა მივუტანო?“

იმ დღესაც სამტრედიის სადგურზე და ბაზარში ტრიალებდა. შევეცადე, ისე გვესაუბრა, მისთვის საქმიანობაში ხელი არ შემეშალა:

- ხალხი არ გეხმარება, იური?

- კი, კეთილი ადამიანები ხშირად ოც თეთრს, ხან ერთ ლარსაც მაძლევენ. ერთხელ ტანსაცმელიც მაჩუქეს.

- ვინმე ხომ არ გაწუხებს?

- არა, არავინ. ის კი არა, ხალხი ყურადღებას მაქცევს და გაჭირვებაში გვერდით მიდგანან.

- სახელმწიფო თუ გეხმარება?

- რა ვიცი... დახმარებისთვის ვანის გამგეობაში ვიყავით, ობლობის პენსია - 55 ლარი დამინიშნეს, მარა წამლებისთვისაც არ გვყოფნის... დედა ძალიან ავადაა.

- სკოლაში არ დადიხარ?

- ახლა არა. კი მინდა, ვიარო, მარა საიდან მექნება წიგნების ფული.

- ყოჩაღი ბიჭი ჩანხარ, რაიმე პროფესია არჩეული გაქვს?

- არა, ჯერ მაგაზე არ დავფიქრებულვარ.

იურისთან სახელდახელო ინტერვიუ დავამთავრე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა პატარა ბიჭმა, დიდი კაცივით, თავაზიანად გადამიხადა მადლობა ყურადღებისთვის.

მერე ის გამვლელ-გამომვლელებს შეერია, ჩემთან კი ორი ქალბატონი მოვიდა, როგორც გამეცვნენ - იური ჯულაყიძის თანასოფლელები. მათ ძალიან აწუხებთ პატარა ბიჭის ბედი და, რომ გაუგიათ, გაზეთიდან ვიყავი, ჩემთან ამის სათქმელად მოსულან:

ციალა ადეიშვილი: „მამამისს ძალიან უჭირდა, ავადმყოფი კაცი იყო, ფილტვებზე მკურნალობა სჭირდებოდა, მაგრამ ექიმთან რომ მისულიყო, ფული არ ჰქონდა. ალბათ, ცხონებულმა ასეთ ტანჯულ ცხოვრებას ვერ გაუძლო და იმიტომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე (თავი ჩამოიხრჩო). ახლა დედამისი ძალიან ცუდადაა, მისთვის დახმარებაა საჭირო. ბავშვი კეთილი და პატიოსანია, ცუდს არასდროს არავის გაუკეთებს. მხოლოდ საკუთარი შრომით არჩენს ოჯახს. მახსოვს, საჭმელი რომ არ ჰქონდა, მდინარეში თევზს იჭერდა და ასე წვალებით გაჰქონდა თავი. დღეს სამტრედიის ბაზრობაზე ვაჭრობს და გული დაგეწვება, როგორ სთხოვს ხალხს, იყიდეთ შოკოლადებიო. ჩვენ, აი, ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სამართალი კარგა ხანია დაივიწყეს. თუ ამ გაზეთის საშუალებით პრეზიდენტამდე და ბიზნესმენებამდე ეს ამბავი მივა, მათ ვთხოვთ, პატარა იურის ქუჩაში ნუ დატოვებთ, იქნებ მატერიალურად დაეხმაროთ, რომ დავაბრუნოთ სკოლაში და მიიღოს კარგი განათლება.“

ხათუნა სამხარაძე: „იური ჩემი შვილის კლასელია, გონიერი, ჭკვიანი ბავშვი. როგორც ვიცი, სკოლაში საშუალოდ სწავლობდა. მესამე კლასიდან, ოჯახური პრობლემების გამო, სწავლა შეწყვიტა. ჩვენ ყველას გვიყვარს და გვეცოდება. მთავრობას ვთხოვთ: დაეხმარეთ ბავშვს, რომ ჰქონდეს ბედნიერი მომავალი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1766
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია