დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახი კალაძე: "უცხოელებს, ვისაც საქართველოში ბინადრობის სურვილი აქვთ, მოუწევთ, ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/06 13:15:12

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველოს კარი ყველა ტურისტისთვის არის ღია, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა.

 

მისი თქმით, ოპონენტებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდი ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

 

ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა დინამიკურად ვითარდება და ამის ცალსახა ნიშანია, რომ წლიდან წლამდე იმატებს ქვეყანაში ბინადრობისა და ცხოვრების მსურველთა რიცხვი. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ოპონენტივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ეს არ არის ქართველის საქციელი და ჩვენს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას არ შეესაბამება. ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რაც შეეხება საქართველოში ბინადრობასა და ცხოვრების უფლებას, ეს საკითხი ისე უნდა დარეგულირდეს, რომ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული.

 

სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია, თუმცა რაც შეეხება ბინადრობასა და ცხოვრების უფლებას, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბაზრის მოწესრიგებისთვის მთელი რიგი რეგულაციები არსებობს. ამ სფეროს სწორი მიდგომები, ჩვენი სტუმრების პოტენციალის სწორად გამოყენება, იმგვარად დარეგულირება სჭირდება, რომ დაბალანსებული იყოს მობინადრეთა, აქ ცხოვრების მსურველთა და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებები.

 

დიდ ძალისხმევას მივმართავთ თბილისსა და მთლიანად საქართველოში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და მოვლა-პატრონობაზე, ამის დასტურია, ახალი აღმაშენებელი, ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნები რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მომდევნო წლებში ასევე დაგეგმილია სხვა ასეთი უბნების რეაბილიტაცია.

 

დიდ ძალისხმევას მივმართავთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოიხსენიება. ყველაფერ ამას ჩვენი ბიუჯეტი, საქართველოს სტუმართმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ და ამას გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა სჭირდება“, – გნაცხადა კახა კალაძემ.

 

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა. უცხოელებს, ვისაც ყველა ამ სიკეთით სარგებლობა სურთ და გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის სურვილი, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ.

 

„სწორედ ამიტომ, თქვენ იცით, პარლამენტი დღეს უკვე მეორე მოსმენით განიხილავს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მკაცრად არეგულირებს უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს. შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი.

 

დღეის მდგომარეობით, 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი ხუთწლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში.

 

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველო რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად პოზიციონირება, რაც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ პროცესში პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები, თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულებით, რისი გარანტორიც სწორედ ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 904
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია