დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
“ტერაბაიტებით მაქვს კომპრომატები” – რაზე საუბრობს მირზა სუბელიანი ციხის ფარულ ჩანაწერში? დეტალურად და გასაგებად
2018/10/15 13:39:03

კვირას, რუსთავი 2-ზე, გადაცემა პოსტ სკრიპტუმში გავიდა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, მთავარ როლშია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელიც ამჟამად ციხეში ზის. (სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული).  

 სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს უმძიმესი კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

 ამ კომპრომატებს, მისი თქმით,  “რუსთაველზე ბევრი ხალხის გამოყვანა” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების “დამთავრება” შეუძლია.

 საათნახევრიან აუდიოჩანაწერში საუბარია რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის “ციხის ბუნტზე” და ასევე ხორავას ქუჩის საქმის ახალი დეტალებიც იკვეთება.

გთავაზობთ JAMnews-ის შეჯამებულ აუდიოჩანაწერის შინაარსს:

 

რა ხდება ჩანაწერში და კიდევ ვისი ხმა ისმის?

როგორც რუსთავი 2-ი ამბობს, ჩანაწერი გაკეთებულია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სუბელიანის საკანში.

ჩანაწერში სუბელიანის გარდა კიდევ ორი ადამიანის ხმა ისმის. რუსთავი 2-ის ცნობით, ეს ხმები ეკუთვნის “ქართული ოცნების” დეპუტატს მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძეს და დევნილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელს და სუბელიანის მარჯვენა ხელს დავით ცუხიშვილს.

 

ყველაზე მეტს ჩანაწერში სუბელიანი საუბრობს. ყველაზე ნაკლებს ცუხიშვილი.

 

როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ჯაფარიძე არის შუამავალი ხელისუფლებასა და პატიმარ სუბელიანს შორის და სუბელიანის საკანშიც სწორედ გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად არის შესული.

 

სუბელიანი მას შს მინისტრთან გიორგი გახარიას პირადად დალაპარაკებას და კონკრეტული მესიჯების გადაცემას სთხოვს. მთავარი მესიჯი ასეთია – სუბელიანს ბევრი კომპრომატი აქვს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა ამას არასოდეს გამოიყენებს. ამიტომ, ერთგულების სანაცვლოდ ითხოვს ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას.

 

სუბელიანი უკმაყოფილოა ხელისუფლების გულგრილობით მის მიმართ და ეს ჩანაწერის მთავარი თემაა.

 

 

როდის არის გაკეთებული ჩანაწერი?

რუსთავი 2-ის ცნობით, ჩანაწერი ახალია და ამას ერთი კონკრეტული გარემოება ადასტურებს. სუბელიანი საუბარში ახსენებს, რომ მას უფრო მეტი კომპრომატი აქვს ხელისუფლების წინააღმდეგ, ვიდრე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს. ოქუაშვილი კი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებებით რუსთავი 2-ის ეთერში სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოჩნდა.

“ოქუაშვილი კი არა ტერაბაიტებით გვაქვს სასწაულები, ამათ რო არ დაესიზმრებათ,” – ამბობს ჩანაწერში სუბელიანი.


ვინ ჩაიწერა საუბარი და არის თუ არა ის ნამდვილი?

ჩანაწერები, რომლებზეც საუბარია სტატიაში, არ არის გადამოწმებული ექსპერტიზის მიერ და შესაბამისად, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა ანუ ნამდვილობა.

რუსთავი 2, ცხადია, არ ასახელებს წყაროს, თუ ვინ გადასცა ეს ჩანაწერები ტელეკომპანიას.

 

რა ირკვევა ჩანაწერებიდან. ყველაზე მთავარი

ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ის წლების განმავლობაში აგვარებდა “შავ საქმეებს”,  ხელისუფლებამ კი ჯეროვნად ვერ დააფასა მისი ერთგულება.

თუმცა, სუბელიანი ამბობს, რომ “ისეთი უტვინოც” არ ყოფილა და პარალელურად მუდმივად აგროვებდა კომპრომატებს, იწერდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრების ჩანაწერებს და ეს ყველაფერი დაარქივებული აქვს.

 

“ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები, ესენი რომ იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი, რომ თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი [რომ ჩანაწერები არ გამეკეთებინა]?!” – ისმის ჩანაწერში.


სუბელიანი ამბობს, რომ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია ხელისუფლებისთვის:

“ხალხის გამოსვლა შენ მერე ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა… და [მთელი] რუსთაველი გამოვა და ოცნება აღარ იქნებით მეთქი, დამიჯერე,” – ეუბნება ის დეპუტატ ჯაფარიძეს.

 


რა კომპრომატები აქვს სუბელიანს და რა საქმეებს ახსენებს ის

მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული – სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ახსენებს ე.წ. “ვანოს საქმეს”, სადაც სავარაუდოდ იგულისხმება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ეპიზოდი.

 

სუბელიანი ამბობს, რომ ეს “შავი საქმეები” სწორედ მან “დაალაგა.”

 

“ბაჩო ახალაიას მოწმეებს რომ ვაწამებდით” – ასეთ ფრაზას ამბობს სუბელიანი ჩანაწერში.


ასევე:

“ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ [უცნობია ვინ “გიოზეა” საუბარი. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შეიძლება იყოს კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ავალიანი, რომელიც “ციხის ბუნტის” დროს სასტიკად იყო ნაცემი. ის რამდენიმე წლის წინ თურქეთში გარდაიცვალა_JAMnews] გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული… ქურდებს მივაცემინე ჩვენებები. უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.”


„ციხის ბუნტი“, ამ სახელითაა ცნობილი საქართველოში პატიმართა ყველაზე მასშტაბური ამბოხება, რომელიც 2006 წლის 27 მარტს თბილისის მე-5 (ორთაჭალის) საპყრობილეში (ამჟამად გაუქმებულია) მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან შეტაკებას რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა და მწვავე პოლიტიკური დებატების მიზეზი გახდა.

 

ჩანაწერში ძირითადად “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ საქმეებზეა საუბარი. თუმცა, ნახსენები იყო ასევე “ხარძიანის საქმე”.

 

ეს არის უკვე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მომხდარი შეკვეთილი მკვლელობა და გაურკვეველია, რას გულისხმობს სუბელიანი, რატომ ახსენებს ამ საქმეს და რა ფორმით არის აქ ჩარეული ხელისუფლება.

 

“თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია… რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, რა გგონია?” – ამბობს ჩანაწერში სუბელიანი.


ხორავას საქმე და ციხე “სახელმწიფოს” გადასარჩენად

იმ შემთხვევაში, თუ სუბელიანის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, ეს ჩანაწერი თავდაყირა დააყენებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეს.

 

 

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სუბელიანი ფართო საზოგადოებამ სწორედ ხორავას საქმის კონტექსტში გაიცნო. ამ საქმეში ფიგურირებს სუბელიანის არასრულწლოვანი ნათესავი, მისი ცოლის დისშვილი, მიხეილ კალანდია. მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, სუბელიანი თავის ნათესავს აფარებდა ხელს, აყალბებდა საქმის მასალებს და ამიტომაც დღემდე არ არის ცნობილი, ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი.

 

 

სუბელიანი ციხეში ახლა სწორედ ამ საქმის გამო ზის. მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ბრალდება.

 

თუმცა, როგორც ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, სინამდვილეში  სუბელიანის ციხეში ყოფნა ხელისუფლებასთან გარიგების ნაწილია და არა მართლმსაჯულების გადაწყვეტილება.

 

სუბელიანი ამბობს, რომ მოზარდების საქმეზე ატეხილი ხმაურის გამო, მას “სახელმწიფოს” გადასარჩენად ციხეში ჩაჯდომა სთხოვეს და მანაც კეთილი ნება გამოიჩინა და დათანხმდა. რამდენი ხანი უნდა იჯდეს ციხეში, ესეც წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებსთან – ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

 

სუბელიანი თავის საუბარში მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ყველაფერს “სახელმწიფოსთვის” აკეთებს, თუმცა კონსტექსტიდან გამომდინარე აშკარაა, რომ “სახელმწიფოში” სუბელიანი ხელისუფლებას გულისხმობს.

 

“ მეთქი ნახავს სახელმწიფო, რომ ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა… და მეტყვის, გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება ….და რას ვიღებ ბოლოს?  ჩემი დედის ტ…ნას?!”


სუბელიანი სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რომ შეახსენოს მინისტრ გახარიას  გარიგების პირობები.

 

“რა უთხარი იცი გახარიას? … მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თავი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და … ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი… 15 ნოემბერს მაქვს პროცესი,” – ამბობს განაწყენებულის პოზიციიდან სუბელიანი.


სუბელიანის განაწყენების მთავარი მიზეზი თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილია და ის ჩვენება, რომელიც შეყულაშვილმა ხორავას საქმის საპარლამენტო კომისიას მისცა.

 

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი 

ჩვენება, რომელიც შაყულაშვილმა კომისიას მისცა, რადიკალურად განსხვავდება მირზა სუბელიანის მიერ მიცემული ჩვენებისგან. ამ შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა.

 

სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა უზრუნველეყო ერთი საერთო ვერსია, რომელსაც ის და შაყულაშვილი მოყვებოდნენ.

 

მისი თქმით, ჩვენების მიცემისას ის დაბნებული იყო, რადგან მასთან არავინ შესულა ციხეში და არ გაუფრთხილებია, თუ რა ელაპარაკა გამოძიებასთან .

 

სუბელიანი ბრაზობს, რომ ხელისუფლების უყურადღებობის გამო ის და მისი ოჯახი კვლავ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ახლა მას ცრუ ჩვენებაზე შეიძლება წაუყენონ ბრალი:

 

“მაშინ ბარემ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით… ციხის ბუნტის თემა გაიხსენე” – ამბობს სუბელიანი და ამით კიდევ ერთხელ მიანიშნებს თავის თანამოსაუბრე დეპუტატ ჯაფარიძეს, რომ მას ბევრი შავი საქმე აქვს გაკეთებული ხელისუფლების დავალებით.


მირზა სუბელიანი ამბობს, რომ შეყულაშვილზე კომპრომატების ცალკე არქივი აქვს, რომელიც გერმანიაში ინახება. კერძოდ, საუბარია თბილისის პროკურორის 192 სატელეფონო მესიჯზე, რომელთა შინაარსს სუბელიანი არ აკონკრეტებს.

 

ხორავას საქმის აქამდე უცნობი დეტალები

ხორავას საქმე საათნახევრიანი ჩანაწერის მთავარი თემაა. გარდა იმისა, რომ ეს ჩანაწერი ირიბად პასუხს სცემს კითხვას – რატომ აფარებს ხელს ხელისუფლება მირზა სუბელიანს, – იგი რამდენიმე აქამდე უცნობ დეტალსაც ააშკარავებს.

 

მაგალითად, ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა ხორავას ინციდენტში მონაწილე მოზარდები გაიტაცეს და სცემეს.

 

„მოიპარეს ბავშვები… და მამის თვალწინ ცემეს, “უძინართა მზეში” ხდება [ასეთი] და კიდევ ჩვენ ცხონებულ გიოს [სავარაუდოდ, იგივე “გიოა”, რომელსაც ციხის ბუნტთან დაკავშირებით ახსენებენ_JAMnews] გაუკეთეს ნაცებმა და ჩემ ოჯახს გაუკეთეს” – ამბობს სუბელიანი.


სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას საქმეში ის  მხოლოდ ცოლის დისშვილი გამო არ იყო ჩართული. მისი თქმით, ხელისუფლებას ამ საქმეში ბევრი პრობლემა ჰქონდა და დახმარებისთვის მას მიმართა.

 

“საქმე რომ უფუჭდებოდათ, თვითონ გამოვიდნენ კონტაქტზე და რაც ჩვენ გვაქვს ნარბენი… დავულაგეთ საქმე” – ამბობს სუბელიანი.


სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლება სისტემური დანაშაულის დაფარვას ცდილობს და არა კალანდიას გადარჩენას.

 

სუბელიანის თქმით, თავისი ნათესავის – კალანდიას გარდა, ის ამ საქმეში ორ სხვა პირსაც დაეხმარა:

 

“ვისაც ხელი დავაფარე ისინი ორივე მაგრად არიან, ერთიც ფულში მაგრადაა და მეორეც ფულში მაგრადაა. მე რა ჩემი ყ..ე წავიღე, არაფერი არ წამიღია”,  – ამბობს სუბელიანი ჩანაწერში.


მისი თქმით, ხელისუფლებას რომ შეეძლოს, კალანდიას ხვალვე დაიჭერდა, მაგრამ ამას ვერ აკეთებს, რადგან “ძირი საქმე, მკვლელობის საქმე დაენგრევათ”.

 

 “თორემ ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვს… მე მაგათ უკვე თავისი წილი შეურაცხყოფა მომაყენეს, როდესაც … ბავშვები სცემეს”.


უცნობია, კონკრეტულად რა იგულისხმება “ძირ საქმეში” ან ვინ არის ის ორი პირი, ვისაც სუბელიანმა ხელი დააფარა.

 

ხორავას საქმის საინტერესო და აქამდე უცნობ კონტექსტშიხდება კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ხსენება – ეს არის შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა.

 

სუბელიანი ასეთ რამეს ამბობს: “ამათ იცი რისი ეშინიათ? რომ კაკავას თემა დახურონ, რომ სამომავლოდ ვიღაცამ არ ამოქექოს.”

 

რა იგულისხმება “კაკავას თემაში” და რა კავშირი აქვს შს მინისტრის მოადგილეს ხორავას ქუჩის საქმესთან, უცნობია.

 

სუბელიანის 50 კაციანი რაზმი

როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს ჰყავდა გასამხედროებული, 50 კაციანი დაჯგუფება, რომელიც მის დავალებებს ასრულებდა. ერთ-ერთ ეპიზოდში სუბელიანი მათ “ავტომატჩიკებს” უწოდებს, რომელთა შიშით “ვერ ბედავდნენ ახლოს ჩვენთან მოსვლას”.

 

მირზა სუბელიანი ხაზს უსვამს იმას, რომ ის საკუთარი გადაწყვეტილებით დათანხმდა ციხეში ჩაჯდომას, თორემ მას რომ ეს არ სდომოდა, ვერავინ მიეკარებოდა იმ 50 შეიარაღებული კაცის შიშით, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ.

 

ის ახსენებს იმ მეთოდებს, რომლითაც წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის საქმეებს ალაგებდა თავის “შემადგენლობასთან” ერთად – ხალხს  იტაცებდა და სცემდა. მათ შორის, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს.

 

“ ამიტომაც ვთხოვე სოზარს ამ ბიჭებზე დასაქმებულები იყვნენ. ეს სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია. ამხელა თემები რომ კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ…ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი,” – ამბობს სუბელიანი.


სუბარი, ღარიბაშვილი, ბესელია, ხაინდრავა, თალაკვაძე და სხვები, რომლებსაც სუბელიანი ახსენებს

სუბელიანი ჩანაწერში ბევრ სახელს და გვარს ახსენებს.

ის ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე და ასევე პრემიერი ღარიბაშვილის მასთან დადიოდნენ საქმეების მოსაგვარებლად, მაგრამ ამის შესახებ არავისთან არასოდეს არაფერი უთქვამს:  “რა დაუხვდათ წინ?” – კითხულობს სუბელიანი.

 

ის ასევე ახსენებს ოთარ ფარცხალაზეს და მასზე ამბობს: “ეგ მართავს, ძმაო, პროკურატურას, აბა მე ვმართავ?! “

 

სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც ყოფილა.

 

ჩანაწერში ბევრჯერ ისმის სოზარ სუბარის სახელიც. მირზა სუბელიანი ამბობს, რომ თავდაპირველად ხორავას ქუჩის საქმეში მასთან მოლაპარაკებების პროცესში სოზარ სუბარი იყო ჩართული, თუმცა ნელ-ნელა საქმეს ჩამოშორდა:

 

“გაიწია სოზარი, სოზარის ცრემლები მოსდიოდა და გაიწია. ის ჩვენზე მეტად დარდობს, მიხვდა და გაიწია.”


ის ასევე ახსენებს სოზარ სუბარის ყოფილ მოადგილეს, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს, რომლის ძმაც ადრე ცუდ საქმეში ყოფილა გარეული და სუბელიანი დაეხმარა.

 

სუბელიანი ნაწყენია თალაკვაძეზე, რადგან მისგან მხარდაჭერას არ გრძნობს:

“ნუთუ ის არ დავიმსახურე, რომ ელემენტარულად ეთქვა, არ არის ეს ის კაციო. პოლიტიკოსებს ენები რომ აქვთ გადმოგდებული, აჩიკოს ეთქვა ორი სიტყვა. მაგის ძმას ძ..ერს რო ვწმინდავდი და სოზარი რომ მეუბნებოდა, ნუ გავაფუჭებთ, ბავშვია და აბა მირზა მიხედეო”.


სამაგიეროდ, სუბელიანი გოგა ხაინდრავას აქებს, რომელიც მისი თქმით, სულ “კარგ რაღაცეებს” ლაპარაკობს მასზე:

“კაცურად გეტყვი რა, გოგა ხაინდრავას ვენაცვალე ყვ..ებში, კაცი ორჯერ მყავს ნანახი, სადაც გამოდის კარგის მეტს არაფერს არ ლაპარაკობს”.


https://jam-news.net/?p=126889&lang=ka


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია