დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გარდაცვალება
"ეს მხოლოდ კალენდარული დასასრულია" - მანანა ღურჭუმელიძის გამოსათხოვარი წერილი მეგობარს ემიგრაციიდან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/10 12:07:51

ქუთაისელი მასწავლებლის, ქალბატონ ნანა სვანიძის სიკვდილმა ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იცნობდა თუ არ იცნობდა. უამრავი ცრემლი და სამძიმარი მოვისმინეთ ამ დღეებში. ჩვენი რედაქციაც უერთდება ამ ტკივილს და  სურს, უპირველესად ქალბატონი ნანას შვილს და ჩვენს კოლეგას, აკოს ვუთანაგრძნოთ და ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ნანას სიცოცხლე.


აქვე გვინდა, ამ დიდი ტკივილის გამოსახატად გაგიზიაროთ ქალბატონ მანანა ღურჭუმელიძის გამოსათხოვარი სიტყვა ემიგრაციიდან, კოლეგისა და თანამებრძოლის მიმართ, რომელმაც არ შეიძლება, გულგრილი დატოვოს თითოეული ჩვენგანი. 

 

"მესამე დღეა, ვემზადები, რომ ნანა სვანიძის გამოსათხოვარი დავწერო და სიტყვას ვერ მოვაბი თავი.
ბავშვიც აღარ მქვია. საინტერესო და მღელვარე ცხოვრებით ვიცხოვრე. უამრავ ადამიანს შევხვედრივარ, რომლებმაც სხვადასხვანაირად და სხვადასხვა რამით დამამახსოვრეს თავი. ზოგმა ასე და ზოგმა ისე. ნანა მათ შორის ერთი გამორჩეულთაგანი იყო. შეიძლება ითქვას, ის ჩემი ბიოგრაფიის ორგანული ნაწილად იქცა, იმდენად დავუახლოვდი და შევეთვისე.


21 წლის წინ, ქუთაისში, მასწავლებელთა საპროტესტო აქციის დღეებში გავიცანი. ჩვენი მოძრაობა ახალი დაწყებული იყო და ის-ის იყო, მხრებს შლიდა. ერთგული, უნარიანი და, რაც მთავარია, მებრძოლი ბუნების ადამიანები ჰაერივით გვჭირდებოდა. ნანა ყველა ამ თვისებას იდეალურად აკმაყოფილებდა. ამას ემატებოდა მისი მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალმხრივი განათლება და ყველაფერ ამაზე დამყარებული ავტორიტეტი. სიტყვას იტყოდა და ბეჭედს დაუსვამდა. მასთან შეკამათება და საწინააღმდეგოს მტკიცება ძნელი საქმე გახლდათ. ალბათ, ამის გამო იყო, რომ მასწავლებლებმა პირველ რიგში დაასახელეს საგაფიცვო კომიტეტში. მანამდე არ ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ მოვუსმინე თუ არა, მივხვდი, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად მასზე უფრო ღირსეულ კანდიდატურას ძნელად თუ შევარჩევდი. შევთავაზე კიდეც და მაშინვე დამთანხმდა. თითქოს, ბედისწერასავით იყო ჩვენი შეხვედრა და ის საქმე, რომელსაც ერთად შევებით.


წლები გავატარეთ ერთად და გვერდიგვერდ და ერთი წამით არ მინანია, რომ არჩევანი ნანაზე შევაჩერე. ის იყო უკომპრომისო ლიდერი, უღალატო მეგობარი, საერთო საქმისთვის თავდადებული ადამიანი. უახლოეს მეგობრებთან ერთად ვმუშაობდით უფულოდ, ცარიელა ენთუზიაზმზე, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ჩვენი საქმე მალე მასშტაბურ მოძრაობაში გადაიზრდებოდა. ნანას არაფერი მოუგია ჩემს გვერდით დგომით. პირიქით, ბუნტისთავად მოინათლა და არაერთი უსიამოვნება შეხვდა სკოლაშიც და სკოლის გარეთაც, მაგრამ უკან არ დაუხევია, წარბი არ შეუხრია. მისთვის ხელმძღვანელის პიროვნული კეთილგანწყობა ბევრს არაფერს ნიშნავდა, თუ ამისათვის პრინციპზე უარის თქმა იყო საჭირო. ასეთ რამეებზე არც უფიქრია და არც უზრუნია.


მეგობრებთან ერთად დავდიოდით, თავიდან ქუთაისში, მერე ახლომდებარე რაიონებში, ქალაქებსა და სოფლებში. ვეძებდით თანამოაზრეებს, ვხვდებოდით უხელფასობითა და უსამართლო მოპყრობით გამწარებულ მასწავლებლებს, ვკრავდით მობილურ ჯგუფებს, ვაყალიბებდით ბირთვს, ვზრდიდით და ვაძლიერებდით ორგანიზაციას. როცა რაიმე აუცილებელი საქმის გამო ქალაქიდან მარტო წასვლა მიწევდა, მშვიდად ვიყავი. ვიცოდი, რომ ორგანიზაცია საიმედო ადამიანის ხელში დავტოვე, რომელიც უპრობლემოდ გაართმევდა თავს ნებისმიერ სირთულეს და ეს მოლოდინი ერთხელაც არ გამცრუებია.


მერე მოვიდა წარმატება, რომლის სიხარულსაც ერთად ვიზიარებდით. გუშინდელივით მახსოვს ჩვენი ერთობლივი სტუმრობა აშშ-ში, ორგანიზაციის კიდევ ოთხ წევრთან ერთად. მახსოვს, როგორი ინტერესით ეცნობოდა ნანა ამერიკელი კოლეგების გამოცდილებას და ღრუბელივით ისრუტავდა ნებისმიერ ახალ ინფორმაციას. ის ცხოვრობდა ჩვენი ახალგაზრდა ორგანიზაციის ცხოვრებით, მისი პრობლემებითა და წარმატებებით. ხშირად ყოველივე ამას ოჯახისა და ორი შვილისათვის აუცილებელი დროის ხარჯზეც კი აკეთებდა.


ნანას ჩვენი საერთო საქმისთვის არასოდეს უღალატია, რადგან ღალატი არც ესმოდა არც სჩვეოდა.


მხოლოდ ერთხელ გვიღალატა, თუ ამას შეიძლება ღალატი დავარქვათ.


ბოლომდე მჯეროდა, რომ მისი ბობოქარი ენერგიისა და ხასიათის ადამიანი ვერაგ სენსაც მოერეოდა. საქართველოდან შორს მყოფი ვკითხულობდი ფეისბუქზე მისი შვილის, აკოს სულისშემძვრელ სტატუსებს და მასთან ერთად ხან იმედით ვივსებოდი, ხან სასოწარკვეთა მეუფლებოდა. ვაი რომ ამაო აღმოჩნდა ეს იმედი. მძიმე ავადმყოფობამ თავისი შავი საქმე მაინც მიიყვანა ბოლომდე და დღეს ნანას შესახებ წარსულ დროში მიხდება საუბარი.


ნანა, მაპატიე, რომ ამ საბედისწერო დღეებში შენს გვერდით არ ვიყავი, შენი ტკივილი ვერ გავიზიარე და ვერ განუგეშე.
დღეს შენ აღარ ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ კალენდარული დასასრულია. ბიოგრაფია ადამიანის გარდაცვალებით არ მთავრდება. ყველა ჩვენგანი გაკეთებული საქმეებით განაგრძობს ცხოვრებას სხვათა ხსოვნაში. შენ კი ბევრი ასეთი საქმე დაგვიტოვე მეგობრებს.


მშვიდობით!"

 

მანანა ღურჭუმელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია