დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის კვლევა "ანტიდასავლური პროპაგანდა"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/16 08:51:48

გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის კვლევა "ანტიდასავლური პროპაგანდა", რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://mdfgeorgia.ge/geo/view-library/89


2017 წელს შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

 

2017 წელს მონიტორინგის სუბიექტ 17 მედია საშუალებაში სულ 1967 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა.

 

2015-2016 წლებისგან განსხვავებით, როცა დომინანტი ადამიანის იდენტობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნეგატიური გზავნილები იყო, 2017 წელს წინა პლანზე საგარეო პოლიტიკურმა თემატიკამ წამოიწია, რაც საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე პოლარიზაციის გაზრდას ისახავს მიზნად. ასეთი ცვლილება კრემლისტური აქტორების კომუნიკაციის სტრატეგიაში აჩვენებს, რომ „იდენტობის დაკარგვის საფრთხე“ უფრო ტაქტიკური გზავნილი იყო, რომელმაც საწყისს ეტაპზე ნიადაგი შეამზადა, ხოლო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების (ამერიკა, NAთO, ევროკავშირი) დემონიზებაზე მიმართული გზავნილები უფრო სტრატეგიული ხასიათისაა.

 

წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ.

 

2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%), მაშინ, როცა იდენტობის დაკარგვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანტიდასავლურ კონტექსტში გაკეთებული კომენტარები (12,9%) თითქმის განახევრებულია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკელი ფილანტროპის ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები 7,3%-ს შეადგენს და 2016 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებით და ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული კამპანიით უნდა იყოს განპირობებული.

 

წინა წლებისგან განსხვავებით, ასევე ვხვდებით უფრო მკაფიო შეფასებებს რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზების მხრივ (7,2%).

 

დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ კომენტარებს (0,8%) ძირითადად 2 კრემლისტურ გამოცემაში – „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“ ვხვდებით.

 

ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორ- განიზაციები (230) და სასულიერო პირები (37).

 

ქართულ დისკურსში კრემლის ნარატივის სტრუქტურა 3 საფეხურიანია და მიზნად ისახავს: 1. საფრთხეების შექმნას; 2. პარტნიორების და დასავლური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დათესვას; 3. საფრთხეებთან ბრძოლაში რუსეთის უალტერნატივობის და ავტორიტარული/საბჭოური მმართველობის საჭიროების აზრის დამკვიდრებას.

 

გამოიკვეთა 4 ძირითადი საფრთხე, რომლის მიმართაც კრემლისტური აქტორები შიშს თესავდნენ. ესენია: ომის საფრთხე, ტერიტორიების დაკარგვის, ბიოდივერსიის, იდენტობის დაკარგვის.

 

144 ყალბი ინფორმაციის გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ მედია საშუალებები ხშირად იყენებდნენ ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს, სოციალურ მედიას, როგორც ყალბი ინფორმაციის ცალმხრივ წყაროს, ისტორიის ფაბრიკაციას, ლიტერატურული ნაწარმოების/სატირულ-იუმორისტული პუბლიკაციის რეალურ ფაქტად წარმოჩენის მეთოდს, კონსპირაციებს.

 

ისტორიის ფაბრიკაციაში ყველაზე დიდი წილი საბჭოთა წარსულის გაყალბებაზე და საბჭოთა წყობის მიმართ ნოსტალგიის გაღვივებაზე მოდის.

 

აქტიურად გამოიყენებოდა დეფლექციური წყაროს მოდელი, როცა გზავნილის ან ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით, პროპაგანდისტი ქმნის დეფლექციურ წყაროს, რომელსაც ინფორმაციის მიმღები არ აკავშირებს პროპაგანდისტთან და იმ მედიუმის (დეფლექციური წყაროს) ინფორმაციად აღიქვამს, რომელშიც ის გამოქვეყნდა.

 

გამოიკვეთა 4 ძირითადი მედია (Gეწორლდ.გე, საქინფორმი, ტვ „ობიექტივი“, „ასავალ-დასავალი“), რომელიც ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო იყო.

 

პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების მხრივ, 2016 წლის მსგავსად, კვლავ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა (130) ლიდერობს, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი (91), ქართული დასი (44) და სოციალისტური საქართველო (40) მოსდევენ.

 

მედია მონიტორინგის შედეგად სულ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე აქტიური ულტრამემარჯვენე გაერთიანება „ქართული მარში“, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული „სახალხო კრება“, „ევრაზიული ინს- ტიტუტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სტალინი“ იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემლისტური გზავნილები სისტემურად და ცენტრალიზებულად ვრცელდება, მათი გავრცელების არხები საკმაოდ ფრაგმენტიზირებულია (მუდმივად ჩნდება ახალ-ახალი ონლაინ პლატფორმები, არასამთავრობო ორგანიზაციები), რაც ახალ მედია ეკოსისტემაში მათ სისტემურ მონიტორინგსა და გავლენის გაზომვას ართულებს. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია