დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გენდერული თანასწორობა – თანამედროვე საზოგადოების განვითარების მთავარი მიზანი
2018/02/13 16:09:38

 

 

გენდერული თანასწორობის მიღწევა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტი თანამედროვე საზოგადოების განვითარებისათვის. გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ წარმომადგენლობას, თანაბარ მონაწილეობას და შესაძლებლობებს ქალებისა და მამაკაცებისათვის საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ყველა სფეროში.

 

ადგილობრივი თვითმმართველობა - ეს არის მოქალაქეებისთვის ყველაზე ახლო საფეხური და ამ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები უშუალო გავლენას ახდენს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ოღონდ აუცილებელია იმის გააზრება, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემუშავებული პოლიტიკური და სოციალური პროგრამები სხვადასხვანაირად მოქმედებს მამაკაცებსა და ქალებზე. ყველა მუნიციპალური ფუნქცია სწორედ იმ თვალსაზრისით უნდა განიხილებოდეს, თუ რამდენად პასუხობს ქალებისა და მამაკაცების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს.

 

გენდერული პოლიტიკა ის ოფიციალური ინსტრუმენტია, რომლის მიხედვითაც ყველა პროგრამასა და პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნას პოტენციური განსხვავებები და ზემოქმედება ქალებსა და მამაკაცებზე, გოგონებსა და ბიჭებზე.

 

ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული მიდგომის გათვალისწინებას და  თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მყარი ნიადაგის შექმნას გარკვეული პირობები სჭირდება.

დღეს ჩვენს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის ცნება, ძირითადად, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს აინტერესებთ და სახელმწიფო სტრუქტურების მხოლოდ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი თანასწორობის დანერგვის მიზნით მიმდინარე მუშაობაში. ასეთები კი, სამწუხაროდ, ერთეულები არიან.

 

იმისათვის, რომ გენდერული პოლიტიკა განვითარდეს და დაინერგოს, მმართველობის ყველა დონეზე მყოფმა ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა უნდა იცოდნენ, რა არის გენდერული თანასწორობა, რატომაა მისი მიღწევა მომგებიანი ადგილობრივი საზოგადოებისათვის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

რა ხდება მუნიციპალიტეტებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში ტენდერის გამოცხადებისა და სამუშაო კადრების შერჩევისას?

სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყების მსურველი კონკურსანტის ტესტირების თუ ინტერვიუს დროს აუცილებელი სამართლებრივი და სხვა სახის დოკუმენტების ნუსხის დამტკიცებისას დღემდე არ იყო გათვალისწინებული ისეთი კანონების ცოდნა, როგორიცაა კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ; კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ; კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ამგვარად, სახელმწიფო დაწესებულებებში სამუშაოდ შეირჩევა კადრები, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან კომპეტენტურები გენდერულ საკითხებში. და ამ ადამიანებს, რომლებმაც საბაზისო ცოდნის გარეშე უნდა შეიმუშაონ ადგილობრივი პოლიტიკა, უჭირთ მისი დაკავშირება გენდერულ ასპექტებთან და პერსპექტივებთან.

 

ჩვენმა ორგანიზაციამ, ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო ადვოკატირება არსებული პრაქტიკის  შეცვლისათვის. გაეგზავნა წერილები საჯარო სამსახურის ბიუროს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახალხო დამცველს, უწყებათაშორის კომისიას. ამ მუშაობამ უკვე გამოიღო გარკვეული ნაყოფი.კანონების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმების პროექტებში ჩასმულია მუხლები, რომლებიც ავალებს საჯარო სამსახურის ბიუროს, სახელმწიფო მოხელეთა კონკურსის ტესტებსა და ინტერვიუში შეიტანოს გენდერისა და გენდერული თანასწორობის საკითხები. მაგრამ ეს მოხდება თანამშრომელთა მორიგი შერჩევის დროს. მანამ კი არსებობს გამოსავალი. მაგალითად, ჩვენი თხოვნით, წელს ქუთაისში შესარჩევმა კომისიამ საჯარო მოხელეთა კონკურსისთვის  ტესტებში უკვე შეიტანა  გენდერული თანასწორობის საკითხები. არის იმედი, რომ დაიწყო სახელმწიფო მოხელეთა გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებული პოტენციალის განვითარების პროცესი.

 

 

გენდერული თანასწორობის მყარი საფუძვლის შექმნის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია კონკრეტული ქმედებების პოლიტიკური ნება.

მნიშვნელოვანია, რომ ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრიორიტეტები იყოს არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის საჩვენებლად  ქაღალდზე ასახული დეკლარაცია, არამედ უზრუნველყოფილი იქნას ფინანსური რესურსებით.

 

პოლიტიკა და მოსახლეობისთვის შეთავაზებული მომსახურების ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს ქალთა და გოგონათა საჭიროებებს. მაშინ პროგრამები გახდება კარგად დაგეგმილი, ეფექტური და  ფაქტობრივი საჭიროებების შესაბამისი.

მაგალითად, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შეისწავლა მრავალშვილიან ოჯახთა საჭიროებები და უარი თქვა მხოლოდ ერთჯერად დახმარებებზე, არამედ შეიტანა დამატებითი გრძელვადიანი მომსახურება ამ ოჯახების შვილების განათლების საფასურის გადახდისა და პროფესიული მომზადებისათვის. ბიუჯეტში გაჩნდა მუხლები ძალადობის მსხვერპლი ქალების ფინანსური დახმარების შესახებ, ხანდაზმულ ადამიანთა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მოვლის მომსახურების კუთხით და ა.შ.

 

საქართველო მხარს უჭერს ადამიანის უფლებების თუ ქალთა  დაცვის მიზნით შექმნილ ყველა საერთაშორისო დოკუმენტს, აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პროგრამებში გენდერული საკითხების ჩართვის გზით.

გენდერული თანასწორობის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება გამყარებულია ქვეყნის ძირითად დოკუმენტშიც - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში. შექმნილია ორი ახალი სტრუქტურა, როგორც გენდერული პოლიტიკის დანერგვის ინსტიტუციური მექანიზმი გენდერული თანასწორობის საბჭო აქართველოს პარლამენტში და გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისია საქართველოს მავრობაში.

ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის ინსტიტუციონალიზაციის  შემდგომი ნაბიჯი იყო 2016 წელს გენდერული თანასწორობის კანონში დამატება მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნისა და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭოები ფონდმა „სოხუმმა“ ჩამოაყალიბა 2013 წელს ქუთაისში, სენაკში, ოზურგეთსა და ბათუმში. ამ ოთხ მუნიციპალიტეტში გენდერული საკონსულტაციო საბჭოების შექმნამ ხელშესახები, პოზიტიური ცვლილებები მოიტანა ადგილობრივი პოლიტიკის გენდერული მგრძნობელობის მხრივ. საბჭოებმა განამტკიცა ქალთა პოზიციები და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა გენდერული საკითხები.

 

ფონდსოხუმის ამ პილოტურმა პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზაში, ხელი შეუწყო გენდერული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას.

 

ფონდმა „სოხუმმა“ ასევე შეიმუშავა ადგილობრივი ბიუჯეტების გენდერული ანალიზის, გენდერული საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგია. ტრენინგების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების, მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარების შედეგად მომზადებულ იქნა ადგილობრივი თანამდებობის პირები. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ოთხი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წევრებმა მიიღეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, შეიცვალა მათი აზროვნება ისე, რომ პირველად  საქართველოში დამტკიცდა მუნიციპალიტეტების გენდერული პოლიტიკის გეგმები, ბიუჯეტში შეტანილ იქნა გენდერული ხარჯების შესაბამისი მუხლები, დაფინანსდა გენდერული თემატიკის ამსახველი პროექტები. მართალია, ფინანსური სახსრები მცირე იყო, მაგრამ ეს იყო პირველი ნაბიჯები და გენდერული საკითხები ოფიციალურად დაფიქსირდა საკრებულოებისა და გამგეობების დოკუმენტებში.

 

დღეს საქართველოში შექმნილია კარგი სამართლებრივი საფუძველი გენდერული თანასწორობის დანერგვისათვის, მაგრამ,საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის რეფორმირებაში საგრძნობი პროგრესის მიუხედავად, არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას  და მოგვარების კომპლექსურ ზომებს მოითხოვს.

მათ შორისაა:

-      ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან;

-      დროის სიმცირე გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრთა მხრიდან - ყველა მათგანს აქვს სხვა ვალდებულებები, არ გააჩნია სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები, დამატებითი სახსრების მოძიების გამოცდილება;

-      ინსტიტუციური და ადამიანური რესურსები მეტწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ ფაქტორზე - არჩევნებზე. გენდერულ საკითხებზე მომზადებული კადრები ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველი არჩევნების შედეგად იცვლებიან და მოდიან ახლები, რომელთაც არც შესაბამისი ცოდნა გააჩნიათ და არც გამოცდილება;

-      აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის დეფიციტი ადგილობრივ პოლიტიკაში. თუმცა საკანონმდებლო დონეზე გათვალისწინებულია სამოქალაქო მონაწილეობის ახალი ფორმები - სხვადასხვა საბჭოს შექმნა (მრჩეველთა საბჭო, საკონსულტაციო საბჭო), მაგრამ პრაქტიკაში ეს არ მუშაობს. საზოგადოებაში არ არსებობს აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის სოციალური დაკვეთა. კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს სურვილი, ცოდნა და შესაძლებლობა, ჩაერთოს თვითმმართველობის პროგრამების და პოლიტიკის შედგენაში.

-         ქალების ნაკლებობა პოლიტიკაში, რათა აქტიურად მოხდეს გენდერული პრობლემატიკის ადვოკატირება. ბოლო არჩევნებმა ცოტათი გააუმჯობესა გენდერული მაჩვენებელი. გაჩნდა პოზიტიური ცვლილებები. პირველად ქალაქის ისტორიაში ქალია ქუთაისის ვიცე-მერი. სამი ქალი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე. ხარაგაულის საკრებულოში 9 დეპუტატი ქალია,ქალია თავმჯდომარეც.სენაკის და წალენჯიხის საკრებულოებში  8-8 ქალია. 7ქალი წევრი ჰყავს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მაშინ, როცა წლების წინ საერთოდ არცერთი ქალი არ იყო.

 

 ეს მაჩვენებლებიც კი ცხადყოფს მცირე, მაგრამ მაინც ხელშესახებ ცვლილებებს, რომლებიც უკვე ხდება ჩვენს საზოგადოებაში და ეს სიკეთის მომასწავებელია!

ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი და სისტემატური მუშაობა მოგვიწევს, რათა გამყარდეს მიღწეული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, გაძლიერდეს თანამშრომლობა ყველა სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურას შორის გენდერული თანასწორობის საკითხებში.

 

ალლა გამახარია

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია