დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ ემზადებიან ზამთრის კურორტები ახალი სეზონისთვის
2017/10/31 15:50:31

მესტია, გუდაური, გოდერძი და ბაკურიანი ზამთრის ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა, პრობლემები, რომლებიც აღნიშნულ კურორტებზე იყო, წელს მეტ-ნაკლებად მოგვარდა.  როგორც ცნობილია, ზამთრის საკურორტო სეზონი დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება.


სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, „ზამთრის სეზონზე გუდაურში თუ ბევრი ტურისტი ჩამოვა, შესაძლებელია, რომ ერთ დღეს წყლის დეფიციტი შეიქმნას, მაგრამ ეს იქნება დროებითი“. თუმცა მისივე თქმით,  გასულ წელთან შედარებით, წყალმომარაგების კუთხით, გუდაურში წლევანდელ სეზონზე უკეთესი სიტუაცია იქნება.

 

როგორც ცნობილია, გუდაურს წყლის პრობლემა ზამთრის ყოველ სეზონზე ექმნება. ამის შესახებ სასტუმროების მფლობელები და ადგილობრივები ხშირად საუბრობენ, „კომერსანტთან“ საუბრისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს გუდაურს 24–საათიანი წყალმომარაგება ექნება. წლევანდელი სეზონისთვის კი წყლის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია.

 

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ კარგად იმუშავა. დებეტი რვა ლიტრით გაიზარდა და უკეთესი სიტუაცია გვექნება, ვიდრე წინა წლებში იყო. მითუმეტეს, აქ წყლის გაყვანილობა ყოველთვის კუსტარული იყო. ახლა კი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი გაკეთდება. ვფიქრობ, რომ წყლის ხარჯვა უფრო შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი წყლის გამოყენების საშუალება გვექნება. თუ უამრავი ტურისტი ჩამოვა, შესაძლებელია რომ ერთ დღეს პრობლემა შეიქმნას, მაგრამ სიტუაცია ბევრად გაუმჯობესებელი იქნება. სასტუმროს მფლობელებს აქვთ ეჭვი, რომ წყალი არ იქნება საკმარისი, ჩემი აზრით, ეს საფუძვლიანი ეჭვი არ არის“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.  

 

რაც შეეხება ბაკურიანს, ონფორიშვილის შეფასებით, აღნიშნული კურორტიც სეზონს შარშანდელთან შედარებით მეტად მომზადებული ხვდება: „ბაკურიანში ისტორიული ფაქტი მოხდა, რომ კოხტას და მიტარბის მთები ერთმანეთს დაუკავშირდა. სათხილამურო ტრასა გაჭრილი და გაკეთებულია. ასევე, მიტარბზე ახალი სათხილამურო ტრასები დავამატეთ. ბაკურიანის ცენტრში, კინოთეატრის პირველ სართულზე საზოგადოებრივი სივრცე განთავსდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაიგონ, როგორი ამინდია კოხტაზე, დიდველზე, მიტარბზე და ბილეთების შეძენაც აქვე იქნება შესაძლებელი. ასევე, ქუჩებისა და ტროტუარების შეკეთება მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ბაკურიანი სეზონს უფრო მეტად მომზადებული დახვდება, ვიდრე შარშან იყო“.

 

რაც შეეხება აჭარას, რომელიც ასევე საკურორტო ზონაა, სანდრო ონოფრიშვილის თქმით, კურორტ „გოდერძიზე“ახალი საბაგიროები დამონტაჟდება, რომელიც ბავშვებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვიის იქნება გათვლილი: „კურორტი „გოდერძი“ ორ-სამ წელიწადში სრულიად ახალი და მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვისა და ვიზიტორებითვის, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მისასვლელი ცენტრალური გზა გაკეთდება.“

 

მისივე თქმით, საბაგიროები დაემატა სვანეთის საკურორტო ზონებსაც, ასევე, რამდენიმე სოფელში მცირე ზომის საბაგიროები დამონტაჟდება: „სვანეთისთვის 200 თხილამურს და ეკიპირებას ვყიდულობთ, რომელიც სოფლებში სრულიად უფასოდ დარიგდება.“

ონოფრიშვილის თქმით, სვანეთში რეგულარული ფრენები კვირაში ხუთი დღე ხორციელდება, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, რეისები დაემატოს.

 

რაც შეეხება მომსახურების დონეს, რომელიც ზამთრის და არა მარტო ზამთრის კურორტებზე ხშირ შემთხვევაში ერთგვარ სუსტ წერტილად სახელდება, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის განცხადებით, პრობლემა არსებობს და მის გადაჭრას გარკვეული დრო სჭირდება.

 

„მომსახურების სფეროში არსებული პრობლეები არის გლობალური და ეს მხოლოდ საქართველოს არ აქვს. თუმცა ამაზე სამუშაოა, რაზეც ტურიზმის ეროვნული სააგენტო მუშაობს. ვინც იტყვის, რომ მომსახურების ხარისხი და დონის მყისიერი გაუმჯობესებაა შესაძლებელი, ეს არის მცდარი, რადგან კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ორ წელიწადში ვერ მოგვარდება“, - აღნიშნავს სანდრო ონოფრიშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1362
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია