დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატივაყრილი „მზეჭაბუკი“
2009/12/21 12:12:25

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე მდებარე გამარჯვების მემორიალის დემონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს. მემორიალის დემონტაჟის, სეისმოლოგიური და საპროექტო სამუშაოების ჩატარებისთვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. თუმცა გადაწყვეტილება საკრებულომ დემონტაჟის დაწყების შემდეგ გამოიტანა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ამ საკითხზე კომენტარს არ იძლევა. ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსი გიზო თავაძე კი სატელეფონო საუბარში ამბობს: „მე ერთი კვირა ავად ვიყავი და სამსახურში არ დავდიოდი. სამუშაოდ ორი დღის წინ დავბრუნდი და ეს ინფორმაცია ჟურნალისტისგან გავიგე. არაფერი ვიცი, ან რა სამუშაოები ტარდება და ან ვინ ატარებს. მემორიალი ჩვენ არ გვეკუთვნის(?). ეს როცა აშენდა, 30 წლის წინ, ქალაქის რაიკომს ეკუთვნოდა და, ალბათ, ახლა, შესაბამისად, თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს“(?).

მრავალი მცდელობის მიუხედავად, თან იმ პირობებში, როცა კომენტარს არავინ აკეთებს, ადგილობრივ დონეზე ვერ შევძელით, გაგვერკვია, ვის ეკუთვნის გამარჯვების მემორიალი - ქუთაისის მერიას, თუ კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. ისიც გაურკვეველია, ვინ დახარჯავს იმ 5 მილიონ ლარს, რომელიც მემორიალის დემონტაჟის, საპროექტო და სეისმოლოგიური სამუშაოებისთვისაა გამოყოფილი. აღნიშნული თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში გადმოირიცხა და ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებებიც უკვე განხორციელდა.

მემორიალის დემონტაჟი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ამჯერად აქ ახლა მხოლოდ მემორიალის კარკასია დარჩენილი. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ტერიტორია აფეთქებებისთვის მზადდება. მზეჭაბუკის ქანდაკებაც რამდენიმე დღეა, რაც აიღეს და მარადიული ცეცხლი ამჯერად უკვე საბოლოოდ ჩაქრა. მემორიალის დემონტაჟს ათეულობით მუშა ახორციელებს, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. ამრიგად გაურკვეველია, ვინ ასრულებს სამუშაოებს და რა ფასად.

ყველა ამ დარღვევის პარალელურად საავტორო უფლებებიც დაირღვა. მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა ამ ფაქტის შესახებ ჟურნალისტების მეშვეობით გაიგო. თუმცა მას ამ თემაზე მედიასთან საუბარი არ სურს. სწორედ ამიტომ ბატონმა მერაბმა გადაწყვიტა, თავისი მოსაზრება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოექვეყნებინა და მისივე ნებართვით ტექსტს სრულად გთავაზობთ:

„ხელისუფლების გაუგონარმა ბო-როტებამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა!.. შემცდარია ყველა, ვინც ჩემი ღირსების შელახვას ძეგლების ნგრევით ფიქრობს, მათ ისიც არ იციან, რომ ამით მე კი არა, საქართველოს მტრობენ!.. ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, დღეს ხელოვანი ჰგავს ადიდებული მდინარის გაღმა დარჩენილ კაცს, რომელიც ყივის, როგორმე ხმა მიაწვდინოს სოფელს, მაგრამ სოფელს მისი ხმა არ ესმის. წლების მანძილზე ქუთაისის ხელისუფლებამ არ ისმინა ჩემი გულისწყრომა, საუბარი, არც ორი-სამი კვირის წინათ ნათქვამ სიტყვას მიაქცია ყურადღება. იგი დარჩა ღაღადად უდაბნოსა შინა. ხელისუფლებამ მემორიალი დაანგრია. ხელისუფლებამ ჩაიდინა გაუგონარი ბოროტება. ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რადგან წარმოჩინდა მისი სიბეცე და ქვის ხანის აზროვნება.მათ არც კი იციან, რა დაამტვრიეს, მათ არც კი იციან, ამ ძეგლს - მემორიალს რა მხატვრული შეფასება აქვს და რა რეზონანსი. მათ არც კი იციან, რომ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონეს. დიდება უფალს, რომელმაც მომცა გონიერება, ძალა, მხნეობა და თმენა ჭირისა. მე ვარ ამაყი შვილი ჩემი ქვეყნისა - საქართველოსი. შემცდარია ყველა, ვინც ჩემი ღირსების შელახვას ძეგლების ნგრევით ფიქრობს. მათ ისიც არ იციან, რომ ამით მე კი არა, საქართველოს მტრობენ.

P.S. როცა მემორიალი გაიხსნა, ბავშვებმა მტრედები ააფრინეს. მტრედებმა ცას მიაშურეს. მხოლოდ ორი მტრედი არ აფრენილა, ერთი ბრინჯაოს ,,მზეჭაბუკსდაასკუპდა მხარზე, მეორე კი მე დამაჯდა მხარზე, ამ დროს ტრიბუნაზე ჩემთან ერთად ოცი-ოცდაათი კაცი იდგა... ეს იყო სასწაული. ტყუილად არაფერი ხდება. გახსოვდეთ, „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!“ ერაბ ერძენიშვილი.“

ეს ის ტერიტორიაა, სადაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა უნდა დაიწყოს. მიუხედავად მრავალგზის წინააღმდეგობისა, ფაქტია, რომ საკითხი „ზემოთ“ უკვე გადაწყვეტილია. სწორედ ამიტომაც ქვემო „ეშელონებში“ კომენტარს არავინ აკეთებს.

ქუთაისის ოპოზიციური სპექტრი კი გამარჯვების მემორიალის წინ 18 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ლეიბორისტები, რესპუბლიკელები, სამართლიანი საქართველოს, ეროვნული ფორუმის, ალიანსი საქართველოსათვის და ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლები ძეგლის დემონტაჟს აპროტესტებდნენ. ქუთაისური ოპოზიციური ფრთის განცხადებით ეს ხელისუფლების მორიგი პიარ-აქციაა. მით უფრო, რომ ამ ეტაპზე პარლამენტის მშენებლობის გეგმა და პროექტი არ არსებობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერმა შოთა ბურჯანაძემ პრესკონფერენცია მოაწყო. შოთა ბურჯანაძის განცხადებით: „ეს ბარბაროსული ქმედებაა, მით უფრო, რომ საკითხი ძეგლის ავტორთან შეთანხმებული არ არის.“ საუბარია გამარჯვების ძეგლის გადატანაზეც, რომელიც ქუთაისის აღმოსავლეთ შემოსასვლელში უნდა დაიდგას. „სამართლიანი საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძისთვის გაუგებარია, აფეთქებებით დანგრეული ძეგლის რა ნაწილის და რა სახით გადატანა მოხდება.

ერთ-ერთი ვერსიით, მზეჭაბუკის ძეგლს ახლადაშენებული სპორტის სასახლის წინ დადგამენ, თუმცა რა დატვირთვა ექნება მარადისობის სიმბოლოს სპორტულ კომპლექსთან, ძნელი აღსაქმელია.

გამარჯვების მემორიალის დემონტაჟით დაინტერესდა პოლიტიკური გაერთიანება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ასეთი ქმედებისთვის ხელისუფლებას განაჩენს ხალხი თავადვე გამოუტანს. მისივე თქმით არ შეიძლება, ძეგლების გადატანა და დემონტაჟი საავტორო უფლებების დარღვევით ხდებოდეს.

ქრისტიან-დემოკრატების ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის გიორგი შავგულიძის განცხადებით, „ხელისუფლებამ უკვე დაამკვიდრა ტრადიცია საქართველოში ძეგლების გადატანა-გადმოტანის და ნგრევის საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად და ავტორებთან შეუთანხმებლად. მით უფრო, არ არსებობს ფაქტთან დაკავშირებით საკრებულოს, თვითმმართველობის გადაწყვეტილება. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ საკრებულო ქალაქში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში პასიურია.“

მემორიალთან მიმდინარე, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო განცხადებებს ახლომდებარე მრავალსართულიან ბინებში მცხოვრები მოსახლეობაც შეუერთდა.

დათიკო, 49 წლის: „ათი დღეა, აქ ვიღაცეები მოდიან და რაღაცეებს აკეთებენ, მოაქვთ მიწა და მემორიალის უკან ყრიან. აქამდე არავის არ გაუპროტესტებია ეს ამბავი. რა ხდება - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები დაიხოცნენ და არავინ არ დარჩა, რომ პროტესტი გამოთქვას? ახალ თაობას კი მეორე მსოფლიო ომის გმირები აღარ აინტერესებს.“

გივი, 60 წლის: „მართალია, რომ ეს მემორიალი მოიპარეს, გაძარცვეს და გაანადგურეს, მაგრამ არ შეიძლებოდა რომ აღედგინათ? კინო „სულიკოდან“ ამ მემორიალამდე იმხელა ადგილია, იქ აეშენებინათ ეს პარლამენტი. ეს ფული კი რაც ამ მემორიალის ნგრევაზე უნდა დახარჯონ, აღდგენისთვის დაეხარჯათ და ერთი ლამაზი პარკი გაეკეთებინათ.“

ნუნუკა, 50 წლის: „პირველ რიგში, ეს არის საავტორო უფლებების დარღვევა და ძალიან დიდი სისასტიკე ძეგლის ავტორის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, ძეგლი მხატვრულად დიდ ღირებულებას წარმოადგენს თუ არა. ამ მემორიალს სხვა დატვირთვა ჰქონდა. იგი მხატვრულ ასპექტში გადაწყვეტილი იგივე საფლავია. გამოდის, რომ ახლა შინმოუსვლელთა საფლავი დავანგრიეთ! ეს უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა. ნუთუ ქუთაისში არ იყო სხვა ადგილი, სადაც „ძვირფას“ პარლამენტს ააშენებდნენ ჩვენი  პოლიტიკოსები? ეს კიდევ ხელისუფლების ახალი პიარია - „ბერლინის კედლობანას“ თამაში. ჩვენ ხომ ყველაფერში ევროპას ვბაძავთ... მაგრამ ხელისუფლებას ნუ ავიწყდება, რომ თბილისიდან 22 კილომეტრში ჩვენ უახლესი, ოღონდ რუსული ხელწერის „ბერლინის კედელი“ გვაქვს. გაიხსენეთ სახარებისეული შეგონება: „ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე განიგმირება!“

მაკა, 30 წლის: „ეს არის დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. შეურაცხყოფილია ძეგლის ავტორი და იგნორირებულია საავტორო უფლებები. ასევე ძალიან დიდი შეურაცხყოფაა სამამულო ომის მონაწილეების. ფაქტიურად, ამ ადამიანებს გამარჯვების დღის აღსანიშნავად შეკრების ადგილიც კი არ დაუტოვეს. ჩვენ ამით ჩვენს ისტორიაზე ვთქვით უარი და ხაზი გადავუსვით წარსულს, რაც ნამდვილად არ შეიძლება.“

...გასულ კვირის ოთხშაბათს მემორიალის საყრდენი ბურჯის პირველი აფეთქება მოხდა. აქ მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. პირველი აფეთქების შედეგი მინიმუმი იყო, რადგან, როგორც ამბობენ, გამარჯვების მემორიალი საკმაოდ მყარი კონსტრუქციაა და მის დემონტაჟს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძეგლის დემონტაჟმა შეიძლება ირგვლივ მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლები დააზიანოს.

21 დეკემბერს კი ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.  ამ დღეს პრეზიდენტის და სტალინის დაბადების დღეა. მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების ძეგლის დემონტაჟის საბოლოო აფეთქებას თავად განახორციელებს, რაც სიმბოლურად შეიძლება ასე აღვიქვათ: ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალის ფაშისტური დასასრული.

სხვათა შორის, ეს ის ერთადერთი ძეგლი იყო, რომელიც კომუნისტების ეპოქაში აშენდა და რომელზეც არც ერთი კომუნისტური სიმბოლო არ იყო გამოსახული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1858
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია