დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
9 წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოშია
2017/07/19 19:41:50

ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში ვიზიტით უკრაინის პირველი პირი ჩამოვიდა.


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თბილისში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება, რაც რანგით ოფიციალურ ვიზიტზე მაღალია.

 

ბოლოს უკრაინის ლიდერი თბილისში 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს იმყოფებოდა. ეს იყო პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, რომელმაც მაშინ საქართველოს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებიც და ანალიტიკოსებიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობენ, უკრაინის პირველი პირის საქართველოში ვიზიტი აქამდე შეუძლებელი აღმოჩნდა, რასაც პირველ რიგში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს უკავშირებენ.

 

პეტრო პოროშენკო თბილისში 17 ივლისს ოჯახთან და მთავრობის წევრებთან ერთად ჩამოვიდა. აეროპორტში მას არც პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი არ დახვედრიან. უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა იყო მისული.

საქართველოში მისი ვიზიტი სამ დღეს გასტანს, პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. ვიზიტის აღსანიშნავად უკრაინის სახელმწიფო დროშებითაა მორთული თბილისი ცენტრალური ქუჩები.

 

პოროშენკო უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს. სწორედ მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში პოროშენკო. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ვითარებაში შედგა. ორი ქვეყნის ლიდერებმა და მათმა მეუღლეებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს, მანამდე კი ჩამოსვლის საღამოს ერთად ივახშმეს.

 

 

 

დეკლარაცია სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას ქართულ-უკრაინული მაღალი დონის სტრატეგიული საბჭო, რომელიც კოორდინირებულად იმუშავებს სხვადასხვა საკითხზე.

 

დეკლარაციაში წერია, რომ პრიორიტეტული საკითხია საქართველოსა და უკრაინის დე-ოკუპაციის მიმართულებით მუშაობა. კერძოდ კი, ორივე ქვეყანა აპირებს სხვადასხვა პოლიტიკური და სამართლებრივი საშუალებების ერთობლივად გამოყენებას, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერას, რომ რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს და მან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ასევე მინსკის შეთანხმებება შეასრულოს.

 

დეკლარაციაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიც კოორდინირებული უნდა იყოს. ასევე არის პუნქტები ეკონომიკურ თანაშრომლობაზე, კერძო კი, საუბარია მსხვილ საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე ევროპა-აზიის მიმართულებით, მათ შორის „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში.

დოკუმენტის ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

ორივე პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ერთნაირი გამოწვევების წინაშე არიან.

 

პოროშენკოს თქმით საქართველო უკრაინისათვის არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც უკრაინა ნდობას უცხადებს. მან მადლობა გადაუხადა უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს და მოგვიანებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან ყვავილები მიიტანა.

„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით. ეს ქვეყნების ხალხებისა და მათი ხელმძღვანელების ურთიერთნდობის უმაღლესი ფორმაა. სტრატეგიული პარტნიორობა საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებს ეფუძნება. მე უზომოდ მადლიერი ვარ ამ პარტნიორობისთვის. ეს ჩვენი ქმედებების მუდმივი კოორდინაციაა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, — აღნიშნა პოროშენკომ.

 

“ჩვენ ვართ ერები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ამაყად ვატარეთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის დროშა და ერები, რომლებიც მზად არიან ამ არჩევანისთვის იბრძოლონ… „ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მსგავსი სიტუაცია – ტერიტორიების დეოკუპაციის, სუვერენიტეტის პრობლემა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკრაინაში კი ყირიმის ანექსია და რუსეთის ჯარის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია”, — განაცხადა მარგველაშვილმა.

 

პრესკონფერენციაზე იყო ერთი უხერხული მომენტიც – რუსული ოკუპაციასა და აგრესიაზე საუბრისას პოროშენკომ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოსაც ჰქონდეს მინსკის შეთანხმების მსგავსი დოკუმენტი.

„მინსკის შეთანხმება უნიკალური ინსტრუმენტია, საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს მსგავსი ინსტრუმენტი რუსეთის მიერ ხელმოწერილი ვალდებულებების სახით,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა მას დელიკატურად შეახსენა, რომ ასეთი შეთანხმება უკვე არსებობს “2008 წელს გაფორმდა სარკოზი-მედვედევის 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სადაც საუბარია ჯარების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტაზე” – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნებს – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას – აქვთ საერთო პრობლემა: რუსეთის ინტერვენცია ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ ჩვენი კოორდინირებული მოქმედება, სანქციების მხარდაჭერა (რუსეთის წინააღმდეგ), დეოკუპაციის ერთობლივი სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიების გასაწმენდად რუსეთის ჯარისგან“.

 

ოფიციალური ნაწილი გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა თბილისიც დაათვალიერა, მთაწმინდაზე ტრამვაით გაისეირნა და სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩავა – აჭარაში, სვანეთში და ასევე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან.

18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლები თბილისში გამართულ ერთობლივ ბიზნესფორუმსაც დაესწრნენ, რომელსაც ასევე უხერხული ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია – ფორუმის მთავარ ბანერზე სიტყვა „უკრაინა“ შეცდომით ეწერა.

ფეისბუკ მომხმარებლებმა ამ დაუდევრობის გამო ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს, თუმცა „უკრაინის“ შეცდომით დაწერის გამო ჯერ თავი არავის უმართლებია.

 

უფსკრული მავთულხლართების მიღმა


“მავთულხლართი, რომელიც თავისუფალ საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორისაა გავლებული, ჰყოფს ერთმანეთისგან ორ სამყაროს. ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. უკრაინა დანარჩენ  მსოფლიოსთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ რეგიონში საქართქველოს სუვერენიტეტი აღდგეს და მავთულხლართები დაინგრეს,” – განაცხადა პოროშენკომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან, სოფელ ხურვალეთში სტუმრობისას, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ქართველ კოლეგასთან ერთად იმყოფებოდა.

 

” შეხედეთ, ერთი მხრივ არის აღმშენებლობის გზაზე მდგარი თბილისი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ბათუმში, სამთო  სათხილამურო კურორტები, ბედნიერი ადამიანები, ინვესტიციები, უვიზო რეჟიმი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება. მერე კი, შეხედეთ  იმ ადამიანების თვალებში, რომლებიც მავთულხლართების მიღმა დარჩნენ – ცრემლი და ჰუმანიტარული კატასტროფა,” – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილის ფაქტორი

პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის წინ ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ მხარეებს შორის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, შესაძლოა, სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი ყოფილიყო. ეს ვარაუდი უარყო თავად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ პოროშენკოსთან ამ თემაზე საუბარს არ აპირებს.

 

საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა თავად პეტრო პოროშენკოს პასუხი. მან ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთოდ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ქართული მხარე სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. პოროშენკოს თქმით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიურად თაბამშრომლობს, თუმცა უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნა საქართველოდან არ მიუღია. “ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომლის ორაზროვან პასუხს უკვე გამოეხმაურა სააკაშვილი და იურიდიული მრჩევლების შეცვლას ურჩია.

 

მოგვიანებით პოროშენკომ თქვა, რომ გადაამოწმა და უკრაინას თურმე მართლაც უარი უთქვამს სააკაშვილის ექსტრადირებაზე, რადგან საქმეს გარკვეული დოკუმენტები და ინფორმაცია აკლდა.

საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი უკრაინაში, გელა დუმბაძე, ადასტურებს, რომ ექსტრადირებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ უკრაინას ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიმართა და კომუნიკაცია ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს შორის ამ საკითხზე ისევ გრძელდება.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე, რომელსაც წლების განმავლობაში უკრაინაში მაღალი თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ უკრაინის კონსტიტუციით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თეორიული შანსიც კი არ არსებობს. “მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მას მოქალაქეობას ვერ წაართმევენ, რადგან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე არ არის. ეს რომ გააკეთოს უკრაინას, დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება,” – ამბობს ხატია დეკანოიძე JAMnews-სთან საუბარში.

 

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რომ გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღიარა.

 

მაშინ, როდესაც საქართველოს პროკურატურამ 2013 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, პოროშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი თავის გუნდში მიიღო – სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ჯერ პოროშენკოს მღცევლად, შემდეგ კი, ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. საქართველომ უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის გადმოცემის თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

 

თუმცა, დღეს ყველაფერი შეიცვალა. სააკაშვილი უკვე პეტრო პოროშენკოს პოლიტიკური მტერიცაა – 2016 წელს სააკაშვილმა სკანდალით დატოვა ოდესის გუბერნატორის პოსტი. ახლა მას ოპოზიციური პარტია “ახალი ძალები” (Рух новых сил) აქვს, ის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას და პოროშენკოსა და მის გუნდს დანაშაულებრივი კლანების მფარველობასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

 

თავად მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე აქტიურად ეხმაურება პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს.

“იმედი მაქვს, პოროშენკომ კიევიდან პირსახოცი და საპონი წაიყოლა რაიმე გართულების თავიდან ასაცილებლად,” – დაწერა მან და ამით მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მიანიშნა.

 

საქმე ეხება 2013 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტების გასაჯაროებას, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო სახსრები დახარჯულია “პრეზიდენტ იუშენკოს აბანოს მომსახურეობისთვის”. დოკუმენტში საპნის, პირსახოცის, სააბაზანო ჩუსტების და მურაბიანი ჩაის ხარჯიც კი იყო ასახული, რაც “ქართული ოცნების” შეფასებით არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვალა.

 

“და კიდევ ერთი, – წერს სააკაშვილი თავის ფეისბუკზე, – არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ჩემი პრეზიდენტობის დროს მე არ დავხვედრილვარ ან არ გამიცილებია უკრაინის პრეზიდენტი და პრემიერი. ამ უმაქნისმა ხელისუფლებამ კი პოროშენკოს დასახვედრად განათლების მინისტრი გაგზავნა. მე, როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს არ მომწონს, როდესაც ასე აკნინებენ უკრაინის პრეზიდენტს”.

 

წყარო: https://jam-news.net/?p=49931&lang=ka

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია