თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მეექვსე შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის შედეგებს ეხებოდა, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული თეატრები და პერსონები გამოვლინდნენ. კვლევაში ჩართული იყო 42 თეატრი და 30–მდე ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრმა ქართული თეატრის კვლევის ცენტრის რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა. კერძოდ:
· საუკეთესო რეჟისურა - მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე დაჯილდოვდა. (სპექტაკლი „რევიზორი“).
· საუკეთესო სცენოგრაფია და კოსტიუმები - გაიმარჯვა ძალიან საინტერესო ქუთაისელმა დიზაინერმა, ესმა ხეცურიანმა. (სპექტაკლი „რევიზორი“).
· საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი - ამ ნომინაციაში საუკეთესოდ რეზი ქაროსანიძე დასახელდა.
· საუკეთესო სპექტაკლთა შორის კი - „მეთევზე ერთი, ორი...“ შეირჩა. (რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, ქუთაისის და ჭიათურის დრამატული თეატრების კოპროდუქცია)
გარდა ამისა, მესხიშვილის თეატრი პრემიერების, რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობით და ეროვნული პროდუქციების რეიტინგით საუკეთესოთა ხუთეულშია.
წლის მნიშვნელოვან მოვლენათა ხუთეულში მოხვდა ასევე, საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2016“.
გამარჯვებულებს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციისა და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დიპლომები გადაეცათ.
მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“ ყველა გამარჯვებულს ულოცავს ამ დიდ წარმატებას და შემდგომი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.