„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს პარლამენტს რეზოლუციის პროექტს წარუდგენენ, რომლითაც „გაზპრომთან“ გამართული მოლაპარაკებების შინაარსის გასაჯაროებას და ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. რეზოლუციის პროექტის განხილვა ორშაბათს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე მოხდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დრომდე უცნობია მოეწერა თუ არა ხელშეკრულებას ხელი „გაზპრომთან“ და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუყოვნებლივ ითხოვს ამ პროცესის შეჩერებას. რომან გოცირიძის შეფასებით, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და რუსეთის წინაშე კაპიტულაცია
„ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება დამაზარალებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო ეკონომიკურად წამგებიანი, ჩვენ წელიწადში ვკარგავთ დაახლოებით 20 მილიონ დოლარს“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებითაც ჩანს, რომ იმ ფულით რასაც „გაზპრომი“ მისცემს საქართველოს ტრანზიტის სანაცვლოდ, ვერ ვიყიდით იმის ნახევარ გაზსაც, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ვიტოვებდით.
„იმ ხარჯების გათვალისწინებით, რასაც საქართველო ეწევა მილის საექსპლუატაციო მომსახურების სახით, ფაქტობრივად გამოდის, რომ რუსეთისა და სომხეთისთვის ვმუშაობთ. რეალური ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ სიმბოლური იქნება“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მთავრობა ტრანსპორტირების ტარიფს მალავს, რადგან ეს ტარიფი არის წამგებიანი და არის ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური კაპიტულაციის ან არაკომპეტენტურობის ან ვიღაც პირების პირადი დაინტერესების ანუ კორუფციის შედეგი.