დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამაგალითო საჯარო მოხელე
ბეგი სიორიძე: " ბიუჯეტის წინაშეც ყველანი, განურჩევლად რწმენისა და იდეოლოგიისა, თანაბრად ვართ ანგარიშვალდებულნი"
2016/12/08 11:23:31

ოზურგეთის მერმა ბეგი სიორიძემ, ფაქტობრივად, უპრეცედენტო ფაქტის წინაშე დააყენა საზოგადოება. ის ერთადერთი საჯარო მოხელეა, ალბათ , ვინც ეკლესიის, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოქმედის ეპარქიის მიერ ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაზე ალაპარაკდა და დაფინანსება შეუჩერა ეპარქიას.

აქვე უცვლელად გთავაზობთ ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძის განცხადებას:


"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ განსაკუთრებულ პატივს ვცემთ მართლმადიდებელ დედა ეკლესიას, პატრიარქს, სინოდს, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ჩვენს ეკლესიასთან დაპირისპირებას. 
აქ საუბარია ბიუჯეტზე, რომლის წინაშეც ყველანი, განურჩევლად რწმენისა და იდეოლოგიისა, თანაბრად ვართ ანგარიშვალდებულნი. 


ასევე, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ მე, როგორც ხალხის მიერ არჩეული მერი, ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების და არა კონკრეტული პირების წინაშე, რა წოდების მქონენიც არ უნდა იყვნენ ისინი. 
გამომდინარე აქედან, ბიუჯეტი ხალხის ფულია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გადასახადებისგან შედგება და ნებისმიერმა ორგანიზაციამ მიზნობრივად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა დახარჯოს საბიუჯეტო თანხები. 


ქალაქ ოზურგეთის მერიას, სხვა მხრივ, არანაირი დაპირისპირება და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არ აქვს შემოქმედის ეპარქიასთან და მეუფე იოსებთან. დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფინანსური მონიტორინგის დროს ჩვენ ვერ დავინახეთ წინა წელს გაცემული თანხების მიზნობრივად ხარჯვა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თანხა, რომელიც წელს ეპარქიისთვის უნდა მიგვეცა, სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან და აუცილებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ. ხოლო ფინანსური საშუალების არსებობის შემთხვევაში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას, ჩვენ აუცილებლად დავაფინანსებთ. 


კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩემს უდიდეს პატივისცემას და აღვნიშნავ, რომ ხსენებული საკითხის ამგვარად გადაწყვეტის მიზეზი გახლდათ ჩვენი უცვლელი პრინციპი, რომ საბიუჯეტო სახსრები უპირობოდ მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს, რაც სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას ვუპირისპირდებით.


სწორედ დედა ეკლესიის, რელიგიისა და პატრიარქისადმი უღრმესი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ შეგნებულად არ ვასაჯაროებთ იმ არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, რომელიც დოკუმენტაციაშია ასახული, თუმცა საპატრიარქოსა და კომპეტენტურ ორგანოებს აღნიშნულ დოკუმენტაციას აუცილებლად გადავცემთ."


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4412
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია