დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/12/04 15:01:23

4 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. გილოცავთ ყველას და შეგახსენებთ ამ ფაქტთან დაკავშირებულ ისტორიას.


წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო – უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.

 

უფალმა შეისმინა ანას ლოცვა – ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული –მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. ცხრა თვის თავზე გაუჩნდა ცოლ-ქმარს ნანატრი შვილი. გოგონას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ და თავს ევლებოდნენ, ყრმა მარიამი კი საღმრთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს.

 

მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. სტუმრად ნათესავები, მეზობლები და მეგობარნი მიიწვიეს. წმინდა იოაკიმე დავით წინასწარმეტყველის ძის ნათანის შთამომავალი იყო, ხოლო წმინდა ანას წინაპარნი სამღვდელონი იყვნენ, ამიტომაც ამ კურთხეულ დღეს მათ ოჯახში ისრაელში დიდად პატივცემული მრავალი ადამიანი შეიკრიბა. ყრმა მარიამს სადედოფლო შემოსელი ჩააცვეს. მოხუცი მშობლები გოგონას აქეთ-იქით ამოუდგნენ, ხელები ჩასჭიდეს და ასე გაუდგნენ გზას ნაზარეთიდან იერუსალიმისკენ. წინ ქალწულთა გუნდი მიუძღოდათ, უკან კი ნათესავთა და მეზობელთა კრებული მიჰყვებოდათ ანთებული ლამპრებით ხელში. აცხადდა დავითის წინასწარმეტყველება – დაივიწყებსო ასული ''ერსა თვისსა", „სახლსა მამისა თვისისასა" და მიეგვრებაო უფალ საბაოთს, რამეთუ „გულმან უთქვას მეუფესა სიკეთისთვის" მისისა.

 

გზა ფსალმუნთა გალობით განვლეს. მესამე დღეს, განთიადის ჟამს, შევიდნენ იერუსალიმში. მთელი ქალაქი გამოვიდა ამ დიდებული პროცესიის სანახავად. განკვირდებოდა ''ცანი და ქვეყანა, რამეთუ ხედვიდნენ გონიერსა ცასა მომავალს საღმრთოდ სახლად, პატივით აღზრდად".

 

შევიდა მოზეიმე კრებული ტაძრის ეზოში და შეიყვანა სულიერი ტაძარი დიდისა მეუფისა – ყრმა მარიამი. წინამძღოლ ქალწულთა გუნდს შეუერთდნენ უფლის ანგელოზებიც. მათ არ იცოდნენ ძალი ღვთის საიდუმლოსი, მაგრამ უფლის ბრძანებით შემოერტყნენ გარს წმიდა მარიამს და მიაცილებდნენ წმინდა წმინდათაში.

 

ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. „მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, – ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული... გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა.

 

გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება...

 

''ღვთის სასუფეველში მართალნი პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილნი – თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსო",–ბრძანებს წმინდა ამბროსი ოპტელი და ჩვენც, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, ნურასოდეს დავკარგავთ იმედს, არამედ ''სასოებით შეუვრდეთ დედობრივთა წიაღთა ღვთისმშობლისათა, რათა მეოხებითა მისითა შეგვიწყალოს მისგან შობილმა ქრისტე ღმერთმა.'' ამინ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11854
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია