დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მორიგი ეკონომიკური რეცეპტი
2009/10/14 13:55:32

„ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ - ასე ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივას, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. რა თქმა უნდა, „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ წარდგენას, ტრადიციულად, წინ უძღოდა ისტორიული მიმოხილვა - რატომ იყო რევოლუციამდელი ეკონომიკა დანგრეული და ხაზინა ცარიელი... „ქვეყანა იყო უგაზოდ, უშუქოდ და უიმედოდ... არც ერთმა ეკონომიკურმა რეცეპტმა არ იმუშავა. შემდეგ იყო რევოლუცია და ჩვენ ვთქვით, რომ ნაცვლად რეგულირებული ეკონომიკისა, წავალთ ლიბერალური ეკონომიკისაკენ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. რევოლუციით დაწყებული ლიბერალიზაცია კვლავ გრძელდება და უკვე კონსტიტუციამდეც მიაღწია...

 

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, ეს ახალი ინიციატივა საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება, თავისუფლად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ასევე ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნას. გულახდილად რომ ითქვას, რევოლუციის შემდეგ მთავრობის ყველა ინიციატივა ყოველთვის ამ შინაარსის განცხადებებით იწყებოდა, თუმცა თვალში საცემი შედეგი, ცხოვრების დონის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არ ჩანს. ახლა კი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაბედულ ეკონომიკურ ნაბიჯებს ინსტიტუციური დაცვა სჭირდება და ამის გამო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს.

„გთავაზობთ, კონსტიტუციურად დავიცვათ ის გაბედული ეკონომიკური ნაბიჯები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გადავდგით. ამ აქტის მთავარი ფასეულებრივი საფუძვლებია თავისუფლება, შესაძლებლობათა წონასწორობა და ღირსება - თავისუფლება, გამოხატული მთავრობის მცირე ზომაში, დაბალ გადასახადებში, სახელმწიფო ჩარევისა და ბიუროკრატიული დისკრეციისაგან მეწარმის და მოქალაქის მაქსიმალურ თავისუფლებაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კანონმდებელთა წინაშე გამოსვლისას. თავად განცხადების შინაარსი მაინცდამაინც ახალი არ არის და წინასაარჩევნო პროგრამას უფრო ჰგავს, მაგრამ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც, პრეზიდენტის თქმით, უნდა გადაიდგას, მართლაც ახალია. „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ მიღების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება  გადასახადების შეცვლა რეფერენდუმის გარეშე, აღარ შეიქმნება ახალი მარეგულირებელი ორგანოები და აღარ დაწესდება დამატებითი ლიცენზიები. ასევე, შეიზღუდება საბიუჯეტო ხარჯების, დეფიციტისა და ვალების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. კერძოდ: საბიუჯეტო ხარჯების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 30%-ს, დეფიციტი - 3%, ხოლო სახელმწიფო ვალი - 60%. უფრო კონკრეტულ დეტალებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყება, რაც „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად შევა.

მაინც, რას ნიშნავს პრეზიდენტის ეს ახალი ინიციატივა? ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას შესთავაზა, ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრამ უმაღლეს - საკონსტიტუციო დონეზე გადაინაცვლოს და ლიბერალური ეკონომიკისათვის „ჩარჩოები“ მხოლოდ უმაღლესმა კანონმა დააწესოს. ყველაზე თვალშისაცემი მაინც ის იდეაა, რომ გადასახადების შეცვლა შეუძლებელი იქნება რეფერენდუმის გარეშე. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ,  აბსურდულია თუ არა თავად იდეა, ნამდვილად წარმოუდგენელია ისეთი ეფექტური მექანიზმის შექმნა, რომელიც რეფერენდუმით განსაზღვრავს გადასახადების ოდენობას... „რეფერენდუმი რაზეც ჩასატარებელია, იმაზე ვერ ჩაგვიტარებია. ეკონომიკური პოლიტიკა კი მუდმივად იცვლება და როდის რა გახდება საჭირო ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ ვიცით. ამიტომ ასეთი ტიპის შეზღუდვის დაწესება გაუგებარია,“ - აცხადებს ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი.

თუკი მართლაც რეფერენდუმის გადასაწყვეტი იქნება გადასახადების მოცულობა, პრობლემა ნამდვილად იქნება, როგორ დაისვას სარეფერენდუმო კითხვა. მეორეც, როგორ უნდა თქვას მოქალაქემ, გადასახადი გამიზარდეთო?! თუკი მთავრობაში ვინმეს ეკონომიკური თეორია უმაღლეს სასწავლებელში გაკვრით მაინც უსწავლია, უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. ასევე, გადასახადების დაწესება არის მთლიანად ხელისუფლების საქმე და სწორედ ხელისუფლებამ უნდა დათვალოს და არა მოქალაქემ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის როგორი საგადასახადო სისტემა არის მიზანშეწონილი. ნამდვილად საოცარი ინიციატივაა: ის, რაც პროფესიული მსჯელობის და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კომპეტენცია უნდა იყოს, ხელისუფლებამ ხალხს გადაულოცა. როგორც ცნობილი კონსტიტუციონალისტი და „რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში ასეთი რამ არ ამოუკითხავს. უფრო მეტიც, გადასახადების რეფერენდუმის გზით მომატების ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და პარლამენტის როლს აკნინებს. „თუ, მაგალითად, დღევანდელ ხელისუფლებას ავიღებთ, რომც გაანულოს გადასახადები, არჩევნებს მაინც წააგებს. მაგრამ რა მოხდება? - როცა მოვა ახალი ხელისუფლება, მას გადასახადების აწევა გაუჭირდება“ - ამბობს ბატონი ხმალაძე.

მთავარი პრობლემა კი, რაც ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებაა - როცა უნდათ და როგორც უნდათ, მასში ისეთი ცვლილებები შეაქვთ. ქვეყნის უმაღლესი კანონი ნამდვილად არ შეიძლება იყოს ეკონომიკური განვითარების გენერალური გეგმა, სადაც გაწერილი იქნება საბიუჯეტო ხარჯების და დეფიციტის მოცულობა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი არის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც პერიოდულად იცვლება ხოლმე, განსაკუთრებით ხელისუფლების შეცვლის შემთხვევებში. ქვეყნის ძირითადი კანონი კი ნებისმიერ ხელისუფლებაზე მუდმივია... ასეთი ტიპის დოკუმენტში რაიმე ისეთის გათვალისწინება, რაც პოლიტიკური ან ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებას მოითხოვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად კონსტიტუციას უქმნის საფრთხეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, კონსტიტუცია სახელმწიფოსთვის უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც, მაგალითად, კახა ბენდუქიძის გავლენამაც შეიძლება შეცვალოს... ერთი შეხედვით, პრეზიდენტი საზოგადოებას თავისი ინიციატივით დღეს სწორედ ამას სთავაზობს - ქვეყნის ძირითადი კანონი ეკონომიკური განვითარების გენერალურ გეგმად გადაიქცეს. დეტალები კიდევ უფრო დაზუსტდება, როდესაც პარლამენტში აქტი ოფიციალურად შევა - ეშმაკი დეტალებში იმალება!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია