დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაარღვია თუ არა თერჯოლის გამგეობამ კანონი? – ფაქტ-მეტრმა თემურ ჯაფარიძის მოსაზრება გადაამოწმა
2016/09/04 11:57:37

ვებგვერდ kutaisitoday.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი თანამშრომელი, პარტიების წარდგენით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად დაინიშნენ. სააგენტომ აქცენტი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საჯარო მოხელეების მხრიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დარღვევაზე გააკეთა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს, თემურ ჯაფარიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ გამგეობას და მის თანამშრომლებს კანონი არ დაურღვევიათ. “ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ისინი არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სერტიფიცირებულები. რა ვქნათ, რაიონში სხვა სერტიფიცირებული კადრი არ გვყავს. ისინი ანაზღაურებას იღებენ მარტო ერთ სამსახურში და ჩვენგან, უკვე 10 ივნისიდან არჩევნების დამთავრებამდე უხელფასო შვებულებაში არიან. ეს არაა კანონის დარღვევა” – განაცხადაჯაფარიძემ.

თერჯოლის #49 საოლქო-საარჩევნო კომისიაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ქეთევან კეზევაძე, გურამ კოხიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი მაკა ასათიანი 2016 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან შეიყვანეს.

ქეთევან კეზევაძე გამგეობაში შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროს სპეციალისტად 2015 წლის აგვისტოდან მუშაობს, გურამ კოხიაშვილი კი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსაუხრის მთავარი სპეციალისტი 2015 წლის მარტიდანაა. ორივე მათგანი სამსახურში კონკურსის წესით შეირჩა.

არაანაზღაურებად შვებულებაში ქეთევან კეზევაძე 2016 წლის 10 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გავიდა, გურამ კოხიაშვილს კი უხელფასო შვებულება 16 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაუფორმდა.

კეზევაძე საოლქო საარჩევნო კომისიაში “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, კოხიაშვილი კი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა მათ არაანაზღაურებადი შვებულების ამ ხნით აღებისა და ამ პერიოდში სხვა საჯარო სამსახურში მუშაობის საქმიანობის უფლება.

საჯარო სამსახურის ფუნქციონირებას, თავად სამსახურის და მისი თანამშრომლების უფლებებსა და ვალდებულებებს, ასევე ქცევის წესს და სხვა პროცედურებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არეგულირებს.

კანონის 64-ე მუხლი სამსახურებრივ შეუთავსებლობას ეხება. ამ მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ “სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს საქართველოს კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით”.

საარჩვევნო ადმინისტრაციებში საჯარო მოხელეების დანიშვნის წესი კი საარჩევნო კოდექსშია მოცემული. კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დაინიშნოს. ასეთ შემთხვევაში მას მუდმივ სამუშაო ადგილას უფლებამოსილება დროებით უჩერდება, საკუთარი გადაწყვეტილებით გადის ანაზღაურებად ან არაანაზღაურებად შვებულებაში.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი განგვიმარტავს, ასეთივე წესი მოქმედებს საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმართებაშიც, ვინაიდან კანონმდებლობით არ იკრძალება საოლქო საარჩევნო კომისიაში საჯარო მოხელის მუშაობა და საჯარო სამსახურის ინიციატივით მოხელის შვებულებაში გაშვება, თუ ამის სურვილი თავად მოხელეს აქვს.

თუმცა, თერჯოლაში ერთი ხარვეზი დაფიქსირდა: გურამ კოხიაშვილი საარჩევნო კომისიაში 15 ივნისს შეიყვანეს, ხოლო შვებულება 16 ივნისიდან არის გაფორმებული. როგორც “სამართლიანი არჩევნების” იურისტი თათია ქინქლაძე განმარტავს, ეს მნიშვნელოვან კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუ პირის კომისიაში დანიშვნის სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ მისი უფლებამოსილება მომდევნო პერიოდში იწყება და არა ზუსტად აქტის მიღების დღეს. თუმცა, სასურველია, რომ აქტის გამოცემისა და უფლებამოსილების დაწყების თარიღი ერთმანეთს ემთხვეოდეს.

თერჯოლის #49 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნაზი სირაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში თქვა, რომ გურამ კოხიაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, აქტის გარეშე, საკუთარმა პარტიამ დათქმულ დროს, 15 ივნისამდე წარადგინა, თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც მისი დანიშვნის შესახებ ამ დღეს ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციით შეიტყვეს. #49-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ კომისიაში საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას გურამ კოხიაშვილი 16 ივნისიდან შეუდგა.

რაც შეეხება არაანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობას, საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, იგი შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს (მუხლი 41, პუნქტი 2). ამ კუთხით თერჯოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში ხუთი თვით გაშვება სამართალდარღვევას არ წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენლებად დაინიშნენ და შესაბამისად, მათ ინტერესებს გაატარებენ. რადგან ეს საჯარო მოხელეები იმ მომენტისთვის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ, კანონი მათ ამის უფლებას არ ართმევს.

რაც შეეხება მაკა ასათიანს, ის არაანაზღაურებად შვებულებაში არ გასულა. 8 ივნისიდან საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე მაკა ასათიანი კუთვნილ შვებულებაში გავიდა და 8 ივლისს დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებას. მაკა ასათიანი საოლქო კომისიაში რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა. იგი ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში 25 ივლისამდე ფიქსირდებოდა.

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა სოფო ბუსკივაძემ ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ მაკა ასათიანის საოლქო კომისიაში დანიშვნით კანონი არ დარღვეულა, ვინაიდან ეს შვებულების პერიოდში მოხდა. მალევე, პარტიამ კანდიდატურა შეცვალა და მაკა ასათიანი პარტიის წარმომადგენელი კომისიაში უკვე აღარაა. ცესკომ კი, უბრალოდ, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სიიდან დროულად ვერ ამოიღო. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი თათია ქინქლაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვან საკანონმდებლო დარღვევას ეს ფაქტი არ წარმოადგენს.

 

დასკვნა

საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და საარჩვენო კოდექსის მუხლებით დგინდება, რომ საჯარო მოხელეს უფლება აქვს არაანაზღაურებადი ან ანაზღაურებადი შვებულების დროს ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას. არ იკრძალება ისიც, რომ საჯარო მოხელეები საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდნენ. კომისიის წევრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატის ფლობაა. საჯარო მოხელეს ასევე უფლება აქვს არაანაზღაურებად შვებულებაში ერთი წლის ვადით გავიდეს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების საარჩევნო კომისიაში დანიშვნის შემთხვევაში ეს მოთხოვნები მთლიანობაში კანონთან შესაბამისობაშია.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, თეიმურაზ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.

 

 

ირმა ბახუტაშვილი

http://factcheck.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2304
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია