დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2016
როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი ჭიათურაში
2016/08/29 18:51:03

სავარაუდოდ, ჭიათურის N56 ოლქში ათამდე მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება,  რაც, შესაძლოა იმერეთის რეგიონში რეკორდული მაჩვენებელიც კი იყოს.


ჩვენ მივმართეთ სპეციალური განცხადებით ყველა სუბიექტს, რომელსაც ამჟამად ჭიათურაში აქვს შტაბი და ვთხოვეთ, წინასაარჩევნო კამპანიის თაობაზე ესაუბრათ.. საარჩევნო შტაბების ნაწილი დახურული დაგვხვდა...


 ყველაზე კონტაქტური აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბმა ოპერატიულად მოგვაწოდა ზოგადი ინფორმაცია კანდიდატის, ფინანსური თუ სხვა რესურსების შესახებ: დეპუტატობისათვის იბრძოლებს გოგი ჩიკვილაძე, ასევე, ინფორმაციაში მითითებულია, რომ სახელისუფლებო რესურსები გამოყენებულია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (დაკონკრეტების გარეშე) და ძირითად კონკურენტად მოიაზრება სულხან მახათაძე („ქართული ოცნების“ წარმომადგენელი).


 ამ დროისათვის ინფორმაცია არ მოუწოდებია „ეროვნულ ფორუმს“, რომელსაც ასევე მივმართეთ განცხადებით. თუმცა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ანი მიროტაძე და მისი მხარდამჭერები საუბრობენ „ქართული ოცნების“ მიერ დაშინების ფაქტზე. იმ დღეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ შეხვედრები გამართა N45 უბანზე, მთელი დღის განმავლობაში პირადი დაკვირვების ქვეშ იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელმაც მხოლოდ განვლილ პერიოდის ანალიზი წარმოადგინა, ასევე ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებისა და ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მაჟორიტარობის შემთხვევაში მისი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი ან ინიცირებული. რაც შეეხება „ეროვნული ფორუმის“ ვიდეო მასალას, მასთან დაკავშირებით ს. მახათაძის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან ვღებულობთ ასეთ ინფორმაციას:

„სოციალურ ქსელ facebook-ზე გაავრცელა ვიდეოინფორმაცია, თითქოს გეზრულის N45 უბანზე ადმინისტრაციული რესურსის ზეწოლით ხდება მოსახლეობის დაშინება. ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ განსაზღვრული ტერიტორიული ერთეულის ერთ-ერთი სპეციალისტი  ემუქრებოდა მოსახლეობას სამსახურიდან დათხოვნითა და სოციალური შემწეობის მოხსნით.


ჩვენ მოვიძიეთ აღნიშნული ვიდეომასალა, რომელშიც არ ჩანს არცერთი დასაქმებული გეზრულელი პიროვნება (ბუნებრივია, ვერც გაათავისუფლებს ვერავინ ასეთ ადამიანს).

 ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს ვერ შეძლო ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ „ქართულ ოცნების“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლამდე.

ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.


ვთვლით, რომ ზემოთ აღნიშნული ვიდეორგოლი არის პიროვნულ ინტერესზე დაფუძნებული და მას პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. თუ „ქართული ოცნების“ და ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ასეთი წესებით ბრძოლას არ გამორიცხავენ ოპონენტები, ცილისწამების გამო, შესაძლოა, ვიდეორგოლში ნახსენებმა სპეციალისტმა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.


 და ბოლოს, ჩვენი თვითმიზანია არჩევნების მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარება. ის, რაც ტრადიციად იყო წლების განმავლობაში, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოეყენებინათ ყველა ბერკეტი, უკვე წარსულს ჩაბარდა და არასდროს განმეორდება.“


 კონკრეტულ შემთხვევაზე PSNEWS.GE-სთან საუბრისას სულხან მახათაძემ აღნიშნა: „როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, მაშინ გეზრულის N45 უბანზე „ქართულმა ოცნებამ“ წააგო არჩევნები, მათ შორის მეც, როგორც ამ პარტიის კანდიდატმა. თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ ამის გამო გეზრულში ვინმე დაიჩაგრა ჩემ მიერ.


მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელს არანაირი ბერკეტი არ აქვს სოციალური შემწეობის დანიშვნა-მოხსნის საკითხში (ეს უნდა იცოდნენ ჩვენმა ოპონენტებმაც და მხარდამჭერებმაც). ქალბატონ ანის წარმომადგენლის ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს სამსახურებიდან დათხოვნის მუქარის ფაქტს, ამაზე მოგახსენებთ, რომ ამ ქალბატონის მეუღლე რამდენჯერმე გავიდა საატესტაციო გამოცდაზე და ვერ დაძლია ბარიერი და ამიტომ დაინიშნა სხვა, გამოცდაჩაბარებული ადამიანი. სავარაუდოდ, ეს განაწყენებული ადამიანის პოზიციაა. ასე, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ მაჯის გადაგრეხვის პრინციპით ვმუშაობთ, არის სიცრუე. ეს არა მარტო „ეროვნულმა ფორუმმა“, არამედ სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც შეიძლება დაგვწამონ. თუ ფაქტები არ არსებობს, როგორ შეიძლება ასეთი მეთოდებით ოპონირება?!“


ერთ-ერთი ძლიერი წინასაარჩევნო კამპანია აქვს ირაკლი ალასანიას თანაპარტიელ თემურ გაფრინდაშვილს. როგორც ამბობენ, მან ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი ახალგაზრდული ორგანიზაციის ჩამოყალიბება შეძლო. ჩვენ გამოვკითხეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც აღნიშნეს, გაფრინდაშვილის იმ დროინდელი აქტივობები, როცა ის არ ფიქრობდა პოლიტიკაში მოსვლას, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა უანგაროდ (მკურნალობა, სწავლაში ხელისშეწყობა, დასაქმება). თ. გაფრინდაშვილი ბიზნესიდან მიდის პოლიტიკაში. როგორც მისი საარჩევნო კამპანიის ამსახველი ვიდეომასალებიდან ჩანს, წინასაარჩევნო მშვიდი კამპანია ეყრდნობა სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველზე.

 

 უნდა აღინიშნოს, რომ ჭიათურაში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად უნდა გაიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებლის და ასევე ერთ უბანზე მუნიციპალური საკრებულოს წევრის არჩევნები.


 „ქართული ოცნება“ გამგებლობის კანდიდატად ჯერ ვის წარადგენს, გადაწყვეტილი არაა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, განიხილება 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ქალიცაა. „პატრიოტთა ალიანსს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე ჰყავს თავისი კანდიდატები. დანარჩენი პოლიტიკური ძალები ოფიციალურად, სავარაუდოდ, მოკლე ხანში წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს.


ელისო ხოჯანაშვილი

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4368
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია