დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა
2016/08/10 12:32:30

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. „ბატონი გოჩა გახლავთ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცია. დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული ოლქის წარმომადგენლობა ბატონი გოჩას პასუხისმგებლობას კიდევ უფრო გაზრდის და ერთი წუთით არ მოაკლებს ყურადღებას თქვენი ინტრესების დაცვას“,-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას განზრახული აქვს, რომ სხვა რაიონების მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად იყოს დაკმაყოფილებული პროპორციული სიის შემადგენლობაში, ვინაიდან   საქართველოს რეგიონები არ შეიძლება, ასე დაჯამდეს მათემატიკურად.

„ამიტომ ვიფქრობთ, რომ სვანეთს, ლენტეხს, ცაგერს შესაძლოა, ყავდეს პროპორციულ სიაში საკუთარი წარმომადგენლები. მიგვაჩნია, რომ რეგიონები მაქსიმულურად ძლიერად უნდა იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას  მოსახლეობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა; წელს, წლის ბოლომდე, აუცილებლად დასრულდება  ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობა.

„ეს იქნება ამ რეგიონის ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მძლავრი ბიძგი. დაწყებულია უკვე პროექტირება. შევეცდებით, ისე დაპროექტდეს ეს აეროდრომი, რომ მიიღოს  არა მხოლოდ პატარა ზომის, არამედ საშუალო ზომის,  50 მგზავრიანი თვითმფრინავები. ყოველ შემთხვევაში, წინასწარი დასკვნები ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას  იძლევა. ეს იქნება  ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისთვის, რომ რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში  დამატებითი ინვესტიციები იყოს მოზიდული. ჩვენ  ასევე აუცილებლად დავასრულებთ გენერალურ დაგეგმარებას შაორის ტბის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის განვითარების ისე, რომ ეს ზონა, მაქსიმალურად, ჩაეწეროს ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაში, ჩვენი ქვეყნის მემკვიდრეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და ისე, რომ ადგილობრივი  ლანდშაპტის ელფერი არ შეიცვლოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ სვანეთში დაწყებული პროექტები, მათ შორის მესტიაში ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასების, სასტუმრო კომპლექსების განვითარება გაგრძელდება.

 გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საჩხერის გავლით გომიდან რაჭამდე მიმავალი პირდაპირი გზის მშენებლობაზე.

 „ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად უნდა გაკეთდეს  ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით. ყველაფერს ამას მეგობრებო, აუცილებლად განვახორციელებთ. პირობას ვდებთ, რომ თითოეული სიტყვა აქ ნათქვამი, აუცილებლად შესრულდება, მაგრამ ამისთვის  ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ გვჭირდება ის, რომ გადავლახოთ გათითოკაცების გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ამ მშვენიერმა ბავშვებმა მართლაც ისუნთქონ უკეთესი ჰაერი, ნახონ უკეთესი გაფერადებული და აგუგუნებული საქართველო“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლები, სამთო-სათხილამური კურორტები, დასასვენებელი ადგილები ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა, რომელთა მთლიანად ათვისება თვისებრივად შეცვლის ადგილობრივი მოსახლების ცხოვრების დონეს.

 „მაგალითისთვის მოვიყვან შაორის ტბას, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობითა და შესანიშნავი ხედებით უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს ამ ტურისტული ზონის განვითარებას. დღეს სახელმწიფოს ხელშეწყობით, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, შენდება ახალი, ძალიან ლამაზი, თანამედროვე ტიპის სასტუმრო. ეს იქნება პირველი ასეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა; და, დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ბევრი სხვა შეემატება, ჩამოვა მეტი სტუმარი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და გაჩნდება შემოსავლის დამატებითი წყარო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაჭა გამოცოცხლდეს და შეჩერდეს სოფლების დაცლის პროცესი“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ ადამიანებზე საუბარს, რომლებიც არასოდეს ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ინახავენ მთას.

 გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მთის კანონს და აღნიშნა, რომ უკვე პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სპეციალური სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მიზნით ხელისუფლების უპრეცენდენტოდ მაღალ ყურადღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის სიცოცხლის იმედი დაებრუნებინა.

 „ჩვენ შევძელით და დავძლიეთ ის პრობლემა, რაც ბევრ ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანას ჯერაც არა აქვს გადაჭრილი - ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება, ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, სასოწარკვეთილ ადამიანებს დავუბრუნეთ სიცოცხლის იმედი. დიახ, ეს არის ის, რითაც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ და თამამად შეგვიძლია შევხედოთ ხალხს თვალებში. ჩვენ დავეხმარეთ გლეხებს და ფერმერებს, არ დაგვიტოვებია თითქმის არც ერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი, არ დარჩენილა სოფლად არავინ, ვინც რაღაც სახით მაინც არ მიიღო სარგებელი, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა თუ მცენარეთა მოვლის საშუალებები“,-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის განსაკუთრებულ დაფასებას და აღნიშნა, რომ მთავრობა არც წელს დატოვებს არავის უყურადღებოდ. „ვერავინ ვერ გაიხსენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთ ხელშეწყობასა და სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობის დაფასებას, როგორიც ჰქონდა რაჭა-ლეჩხუმს. რეგიონის მოსახლეობამ შემოსავლების სახით 22 მლნ ლარი მიიღო. ასეთმა დახმარებამ გლეხებს მისცა სტიმული, გაეშენებინათ ვენახი. დღეისათვის დარგულია ვაზის უძველესი და უნიკალური სახვანჭკარე ჯიშის ასეულობით ათასი ძირი. ჩვენ წელსაც დავეხმარებით მევენახეებს ყურძნის რეალიზაციაში“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ მთავრობას ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისათვის  კონკრეტული, ნაბიჯებით გაწერილი გეგმა შემუშავებული აქვს. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი გაჭირვებას, რომ თითოეული ოჯახი, თითოეული თქვენგანი წელგამართული იყოს და არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის შიში. სწორედ ამიტომ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. დიახ, დღეს სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს და ყოველი თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა! ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დ ამით  ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო  გაიმარჯვებს“-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე ამბროლაურში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ მიმართა. კახა კალაძემ რეგიონის დიდ ენერგეტიკულ, სამრეწველო-ეკონომიკურ, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ და სამკურნალო ტურიზმის პოტენციალზე ისაუბრა. „ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ და ბუნებისგან ბოძებული სიკეთეები, წინაპართა შრომით დღემდე მოტანილი სიმდიდრე, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობად ვაქციოთ! „ქართულმა ოცნებამ“ 2012-ში რეალური, და არა ვირტუალური, ქვეყნის შენება დაიწყო- ჩვენ ვიზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თქვენი შვილების სწავლა-განათლებაზე, სკოლების, ბაღების რეაბილიტაციაზე, გზების შეკეთებაზე. ჩვენ მივიღეთ „მთის კანონი“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მიგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამ უნიკალურ მხარეში ბევრ მშრომელ ადამიანს დააბრუნებს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დამერწმუნებით, წლობით გაფუჭებულ საქმეს ერთი ხელის მოსმით ვერ გამოასწორებ. ბუნებრივმა სტიქიებმა თუ ადამიანურმა სისასტიკემ და გულგრილობამ ამ მხარეს დიდი დარტყმა მიაყენა. ჩვენ სიტუაციის გამოსწორება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ - უპირველესად ადამიანები გავათავისუფლეთ, მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე ვიზრუნეთ და ვზრუნავთ დღესაც“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

 

 

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია