დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შოთა რუსთაველის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები ცნობილია!
2016/06/20 10:48:27

 

 

ამონარიდი იოსებ (სოსო) გოგატიშვილის ნაშრომიდან

 

„შოთა რუსთველი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს. რატომ? იმიტომ, რომ შოთა თამარზე იყო 5-6 წლით უფროსი, შოთა და თამარი იზრდებოდნენ ერთად. ვინ იყო ამ დროს შოთა? „ჭიაბერი" გაზრდილი გიორგი III-სა.  ახლა შევქმნათ გიორგი III-ის ფსიქოლოგიური პორტრეტი და დავწმუნდებით, რომ „ჭიაბერი" იზრდებოდა მეფის კარზე 1162 წლიდან (მეფემ  ბრძანა, შვილად გავზრდი), როდესაც ის იყო 2-3 წლის".

 

არც ფილოლოგია, არც ისტორიკოსი, არც ფსიქოლოგი, არც ასტროლოგი,  არც ეზოთერიკოსი და არც ჟურნალისტი. უბრალოდ,  ჰობი აქვს  - 30 წელია „ვეფხისტყაოსანსა" და  შოთა რუსთაველის ბიოგრაფიულ დეტალებს სწავლობს. პროფესიით მშენებელ-ინჟინერს დიდი მეცნიერების მოსაზრებებისგან განსხვავებული, საკუთარი გათვლები და მიგნებებიც აქვს -  ამბობს, რომ რუსთაველის დაბადება-გარდაცვალების თარიღი  გამოთვალა... ახლა ცდილობს, ეს მოსაზრებები საზოგადოებასაც გაუზიაროს. 

 

„დაახლოებით,  სამი ათეული წელია ამ თემით ვარ დაკავებული საკმაოდ ინტენსიურად. ვიცნობ ჩვენი დიდი მეცნიერების შეხედულებებს და მოსაზრებებს. რუსთაველის ბიოგრაფია კი სულ თვალწინ მიდევს და ნებისმიერი მოსაზრების გაცნობის დროს გლობალურად ვხედავ შოთა რუსთაველს დაბადებიდან (14.08.1160 წ.) გარდაცვალებამდე (1249 წ.) ამ თემაზე შეხვედრებიც მქონდა  ელგუჯა ხინთიბიძესთან, როინ მეტრეველთან, მარიკა ლორთქიფანიძესთან, ივანე ამირხანაშვილთან, მეცნიერებათა აკადემიაში-პარმენ მარგველაშვილთან და სხვა. შეხვედრების დროს საუბრების აზრი, ზოგადად, ის არის, რომ ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს და  ფართო საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდეს. მეც ეს მსურს. მინდა, სხვადასხვა მოსაზრებისა და განათლების მქონე ადამიანების აზრი გავიგო. მსჯელობისას  ბევრი რამ  გაირკვევა და ჩემი მოსაზრებებიც, ანუ განსხვავებული აზრი დაზუსტდება", - ამბობს იოსებ გოგატიშვილი.

 

ბატონმა იოსებმა საკუთარი ნაშრომის შემოკლებული ვერსია sazogadoeba.ge-ს გაუზიარა,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 

რუსთველის ნაკვალევზე

 

(ბიოგრაფიული მონაცემები, განსხვავებული აზრი)

 

 

შოთა რუსთველი  1160 წლის 14 აგვისტოს დაიბადა, ბავშვობა  სამეფო სასახლეში გაატარა. ის  იყო მეფე გიორგი III-ს გაზრდილი, მოყმე და ალამდარი ჭაბუკობისას, როგორც მეფის მემკვიდრე - უფლისწული ე.ი. მომავალი მეფე. შოთა რუსთველი მეფის სასახლეში იზრდებოდა,  როგორც ისტორიულად ცნობილია,  „ჭიაბერის" სახელით. სწავლა-განათლება კი,  როგორც უფლისწულმა, გელათისა და იყალთოს  აკადემიებში მიიღო.

 

შოთა რუსთაველი, როგორც თანამედროვე თამარ მეფისა, ბავშვობაში მასთან ახლოს იზრდებოდა.  ამას იმიტომ ვწერ, რომ შოთას ასაკის დადგენის მიზნით, აუცილებელია, ვიცოდეთ შემდეგი: თამარ მეფე 5-6 წლით უმცროსი იყო შოთა რუსთაველზე (ამის მტკიცება შეიძლება).

 

შოთა რუსთველი არის ბაგრატიონთა შთამომავალი, მისი მამა იყო გიორგი III-ის დროს ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი - ივანე სუმბატის ძე ორბელი.

 

ბაგრატიონთა დინასტია შორეული წარსულიდან მოდის, რომელიც ცნობილია და ამჟამად ამაზე საუბარი მიზანშეუწონილად  მიმაჩნია, მაგრამ აუცილებელია და საჭიროც არის, მოკლედ მოგითხროთ შოთა რუსთველის გენეალოგიაზე. ამისათვის მოგვიწევს ისტორიული წარსულის გადახედვა და „ვეფხისტყაოსანთან" გარკვეული ფაქტებისა და მოვლენების შედარება და ანალიზი.

 

საქართველოს გაერთიანება დაიწყო და დიდი ბრძოლები ჩაატარა აშოტ I დიდმა კურაპალატმა. გაერთიანების იდეა კი, ისტორიულად, ეკუთვნის უდიდეს პატრიოტსა და პოლიტიკოსს იოანე მარუშისძეს, რა თქმა უნდა, დავით III კურაპალატთან ერთად.

 

საისტორიო წყაროებიდან, რომელსაც შეიცავს გიორგი მერჩულეს ძეგლი საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოთა შესახებ, აქ შევჩერდები იმ ცნობებზე, რომლებიც ქართლ-მესხეთის სახელმწიფოს - „ქართველთა სამეფოს" შეეხება  (მომყავს ამონარიდი ამ ისტორიული ნაშრომიდან უცვლელად):

 

„საისტორიო წყაროების განხილვიდან (აქ მომყავს მხოლოდ დასკვნა) გამოირკვა, რომ იბერიის დამოუკიდებლობის - „ქართველთა სამეფოს" აღდგენის პირველ ცდას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში, როდესაც არჩილ II დროს, ხანმოკლე დროის მანძილზე, აღდგენილ იქნა „მეფობა ქართლისა".

 

ხოლო მკვიდრად და საბოლოოდ ქართველთა სამეფოს აღდგენა მომხდარა მე-9 საუკუნის დასაწყისში აშოტ I დიდის დროს, 809/813-826 წლებში. ამას ადასტურებს, როგორც ვნახეთ, გიორგი მერჩულის თხზულება, უძველესი ქართულ საისტორიო ძეგლთა შორის, რომლებიც ასახავენ ამ ეპოქას; ამასვე ეთანხმება, აგრეთვე, როგორც გაირკვა, ამავე ეპოქის სხვა საისტორიო წყაროებიც.

 

ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ სახელმწიფოს, რომელიც ჩამოყალიბდა აშოტ I დიდის დროს მე-9 საუკუნის დასაწყისში, უწოდებენ „ტაო-კლარჯეთს", „ტაო-კლარჯეთის სამთავროს".

 

ამ სახელწოდებაში „ტაო-კლარჯეთის სამთავრო" ორნაირი შეცდომაა.

 

ჯერ ერთი, აშოტ I დიდის დროს შექმნილი სახელმწიფო, როგორც გამოირკვა, ეს იყო არა სამთავრო, არამედ „სამეფო", ე.ი. დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო.

 

ხოლო მეორე არანაკლები მძიმე შეცდომა - ეს არის თვით სახელწოდება „ტაო-კლარჯეთი".

 

აშოტ I-ის დროს მოხდა აღდგენა იბერიის დამოუკიდებლობისა. ამ დროს დაარსებულ იქნა არა რომელიმე პროვინციული სამფლობელო, ტაო-კლარჯეთის სამთავრო, არამედ აღდგენილი იქმნა, - ძველი მემატიანის გამოთქმა რომ გავიმეოროთ, - „მეფობა ქართლისა",  აღდგენილ იქნა სახელმწიფო იბერია („ქართლი" ძველი გაგებით), ანუ „ქართველთა სამეფო". ამიტომ არის, რომ ამ სახელმწიფოს მეთაურნი ოფიციალურად ატარებენ ტიტულს: „ქართველთა მეფე", „ქართველთა კურაპალატი" (და არა „ტაო-კლარჯეთის მეფე" ან კურაპალატი).

 

ამრიგად, ამ სახელწოდებაში „ქართველთა სამეფო" ღრმა პოლიტიკური შინაარსია ჩადებული და შენაცვლება ამ ზოგადი სახელწოდებისა „ქართველთა სამეფო" ვიწრო პროვინციული ტერმინით - „ტაო-კლარჯეთი" - საქმის ვითარებას არასწორად წარმოგვიდგენს.

 

სახელწოდება „ტაო-კლარჯეთი" არაა ამ შემთხვევაში გამართლებული არა მარტო პოლიტიკურად; იგი არაა აგრეთვე გამართლებული ამ ფეოდალური სახელმწიფო ერთეულის ტერიტორიული მოცულობის მიხედვითაც.

 

„ქართველთა სამეფოს" ფარგლებში მისი აღდგენის პირველ პერიოდში, აშოტ I დიდის დროს, როგორც გამოირკვა, გაერთიანებული იყო ძველი იბერიის მთავარი ნაწილები: მესხეთის ანუ ზემო ქართლის მხარეები (სახელდობრ, პროვინციები: სამცხე, ჯავახეთი, არტაან-კოლა, შავშეთი, აჭარა, ნიგალი, კლარჯეთი, ტაონი, სპერი) და საკუთრივ ქართლის მხარეები (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ლიხის-იმერი ქართლი).

 

ამიტომაც, თუ ჩვენ გამოვალთ ამ სახელმწიფოებრივი ერთეულის ტერიტორიული მოცულობიდან, მას უნდა ვუწოდოთ ქართლ-მესხეთის (ან მესხეთ-ქართლის) ფეოდალური სახელმწიფო; ხოლო თუ ჩვენ ისტორიული ტერმინოლოგიის ფარგლებში დავრჩებით, მას უნდა ვუწოდოთ იბერიის ანუ ქართლის სამეფო ანუ „ქართველთა სამეფო".

 

ის გარემოება, რომ ცენტრი სამეფოსი, პოლიტიკური ვითარების გამო, გადატანილი იყო შიდა ქართლიდან ზემო ქართლში, საქმის ვითარებას, რასაკვირველია, არ ცვლის.

 

ტერიტორიული მოცულობა ქართველთა სამეფოსი (ქართლ-მესხეთის ფეოდალური სახელმწიფოსი) მე-9-10 საუკუნეთა განმავლობაში, როგორც ცნობილია, არ იყო ერთნაირი; მისი საზღვრები ხან შემოიფარგლებოდა მარტო მესხეთის (ზემო ქართლის) მხარეებით; ხან კი მოიცავდა არა მარტო მესხეთის (ზემო ქართლის)  და საკუთრივ ქართლის ტერიტორიებს, არამედ სანაპირო ქვეყნებსაც. (ასე, გარკვეულ პერიოდებში ქართლის სამეფოს ფარგლებში შედიოდა ნაწილი ალბანეთისა - განჯა-ყარაბაღის მხარეები, და ე.წ. „აღმოსავლეთის ქვეყნები", ვიდრე ვანის ტბამდე სამხრეთით და ხალტოიარიჭის თემამდე არზოუმის დასავლეთით).

 

სრულად ნახეთ ამ ლინკზე

http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=33&id=12387

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია