დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა ქართულ მედიასთან ისაუბრა
2016/06/11 13:10:37

დავით უსუფაშვილთან და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შესახებ საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა ქართულ მედიასთან ისაუბრა. რაინერ ჰაზელოფის შეფასებით, ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა გერმანული მხარისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და მეცნიერების დარგში თანამშრომლობას დაეთმო და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის მემორანდუმის გაფორმება და დუალური განათლების დანერგვაც იგეგმება.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრა. ქართულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში. განსაკუთრებით კარგი გამოცდილება გვაქვს სტუდენტების გაცვლითი პროგრამების სფეროში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში. ამ მიმართულებით სახელმწიფოებს შორის მემორანდუმის გაფორმებაც იგეგმება, რაც პირველ რიგში, გაცვლითი პროგრამების გაფართოებას გულისხმობს. ვაპირებთ დუალური განათლების დანერგვასაც“, - აღნიშნა საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა.

 

რაინერ ჰაზელოფის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობაც.

„კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, ტურიზმის და ტურიზმის მიმართულებით განათლების მიღებას ეხება, ჩვენ ვთავაზობთ ქართულ მხარეს უნივერსიტეტებს, სადაც კონკრეტულად ტურიზმის მიმართულებით განათლების მიღებაა შესაძლებელი. საქართველოს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა ტურისტების რაოდენობის გაზრდის გარდა, ეკონომიკის განვითარებასაც ხელს შეუწყობს. ასევე, შევთანხმდით, რომ 2017 წელს ბერლინში ჩატარდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა, სადაც ქართველ და გერმანელ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და კონკრეტული ბიზნესგეგმებიც გაცვალონ“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

რაინერ ჰაზელოფის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება.

„რამდენიმე დღეში გერმანიაში საქართველოს პრემიერმინისტრს ველოდებით. უახლოეს მომავალში, კანცლერი ანგელა მერკელი გეგმავს თქვენ ქვეყანაში სტუმრობას. დიდი სურვილი მაქვს, ამ დელეგაციის წევრი მეც ვიყო, რადგანაც მინდა, თქვენი ქვეყნის უფრო ახლოს გაცნობა, სხვადასხვა მიმართულებით. კარგია, რომ ჩვენი პარტნიორობა უფრო ინტენსიური და მჭიდრო ხდება. ეს ორივე ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია